ლაზარობაამინდის გამოსაწვევი რიტუალი, რომელიც სხვადასხვა სახით გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში. ძლიერი გვალვის ან წვიმების დროს ქალები ამზადებდნენ თიხის თოჯინას, დაატარებდნენ სოფელ-სოფელ და მღეროდნენ ლაზარეს საგალობელს. დამხვდურები ჩამომვლელებს წყალს გადაასხამდნენ ან ნაცარს მიაყრიდნენ, იმის მიხედვით, თუ როგორი ამინდის გამოთხოვა უნდოდათ. ჩამოსვლისას ისინი აგროვებდნენ სხვადასხვა სანოვაგეს, თოჯინას წყალში გადააგდებდნენ და საერთო სუფრას გამართავდნენ. კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში თოჯინას „გონჯოს“ ეძახდნენ, თუშეთში — „საწვიმარა გუჯას“, მესხეთ-ჯავახეთში „კოტიკოტიას“, სამეგრელოში „ბოჭყუდიას“, „ძიძიკვაკვას“, „ძივოუს“. ზოგან თოჯინის მაგივრად გამურულ ბიჭს ან ქალწულს ჩამოატარებდნენ. ლაზარეს საგალობლის ტექსტებში ღვთაება მხოლოდ მამრობითი ჩანს, თუმცა თოჯინები, ისევე როგორც მისი როლის ცოცხალი შემსრულებლები, ქალიც იყო და მამაკაციც. ღვთაების ბუნება სინკრეტულია, იგი, გარდა ამინდის განმგებლობისა, აგრარულიცაა. საგალობელთა ტექსტებში ლაზარესთან ერთად მოიხსენიება ელია და წმინდა ბარბარე. ამინდის გამოთხოვის რიტუალი ძვ. მსოფლიოს მრავალი ხალხის ყოფაში გვხვდება, ამავე დროს ლაზარობაში შემორჩენილია ძვ. აგრარული ღვთაების კულტმსახურების ელემენტები, რომელთა ანალოგიური ფაქტები მრავლადაა დამოწმებული ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის ძველ კულტურებში, სახელწოდება „ლაზარე“ ქრისტიანულია და მოგვიანებით დამკვიდრდა. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ცნობილია ი. ჯავახიშვილის, ქ. სიხარულიძის, ჯ. ნოღაიდელისა და სხვების მიერ ჩაწერილი პოეტური ტექსტები, რომლებიც ლაზარობის დროს სრულდებოდა: „ლაზარე-წვიმის მომყვანი“, „ლაზარე — დარის მომცემი“, „ლაზარე“ და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 12, თბ., 19601965;
  • Бардавелидзе В. В., Дренейшие религиозные верования и обрадовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957;
  • სურგულაძე ირ., ქსე, ტ. 6, გვ. 103-104, თბ., 1983