ელია (ღვთაება)
ელია — ქართული წარმართული ღვთაება, წვიმა-სეტყვისა და ჭექა-ქუხილის განმგებელი.
ხალხური წარმოდგენით, იგი ცაზე ეტლით დაგრიალებს, ბრმა არის და ზოგჯერ უადგილო ადგილას დაუშენს სეტყვას. ამიტომ სეტყვის ღრუბელი რომ გამოჩნდებოდა, თოფის სროლასა და ზარების რეკვას ატეხდნენ: ელია გაიგონებს, მიხვდება, აქ სოფელია და გაგვეცლებაო. ელიას სამსხვერპლო ცხოველია თხა (ციკანი), რაც ამ კულტის წინაქრისტიანულ წარმომავლობას მოწმობს. ქრისტიანობამ, მიუხედავად ოფიციალური ეკლესიის ცდისა, ვერ შეძლო ელიას კულტის მოსპობა და მხოლოდ ზოგიერთი ქრისტიანული ელემნტი შესძინა მას. ხალხმა წარმართული ღვთაება დაუკავშირა ცად ამაღლებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველ ელიას (წმინდა ილია), აგრეთვე წვიმისა და ჭექა-ქუხილის განმგებელს, რომლის ხალენი (ტყავის მოსასხამი), ლეგენდის მიხედვით, უფლის კვართთან ერთად საქართველოში ჩამოუტანიათ. ზოგი წარმოდგენის თანახმად, ელია ეშმაკეულია და, როგორც ბრმა და სასტიკი ძალა, სეტყვით ანადგურებს ყანებს, ებრძვის ხატებს და ანგელოზებს, მეხს უშენს მათ „დასაბრძანებელ“ მაღალ ხეებს. ამ ოდესღაც ძლიერი ღვთაების სახელობის დღესასწაული — ელიაობა იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 125.
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 72, ISBN 978-99940-27-10-1.