კუზა ვეშაპი
კუზა ვეშაპი,[1] კუზიანი ვეშაპი[2] (ლათ. Megaptera novaeangliae) — ძუძუმწოვარი ცხოველი ზოლიან ვეშაპისებრთა ოჯახისა.
კუზა ვეშაპი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Megaptera novaeangliae (Borowski, 1781) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 13006 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
მისი სხეულის სიგრძეა 16 მეტრი, მასა 40 ტონამდე. მამლები დედლებზე მომცროები არიან. სხეული შედარებით მოკლე და სქელია, განსაკუთრებით მისი წინა ნაწილი, რის გამოც მოუქნელი ჩანს. თავი მსხვილია, ქვედა ყბა უფრო ფართო და გრძელი, ვიდრე ზედა. თავის ზედა მხარეს სამი გრძივი წყება მეჭეჭის მსგავსი კოპები (კანის წანაზარდები) აყრია. კოპების კიდევ ორი წყება ქვედა ყბის ორივე მხარეს აქვს. ზურგის ფარფლი მოკლეა, წააგავს კუზს (აქედან სახელწოდება), მკერდის ფარფლები გრძელი და სხეულის ქვედა ნაწილისკენ მოხრილია. კუდის ფარფლი ძალიან მსხვილი აქვს. მუცლის მხარეს 12-დან 36-მდე გრძივი ნაკეცია. ზურგი და გვერდები შავადაა შეფერილი, მუცელი შავ-ჭრელიდან თეთრამდეა. ვეშაპის ულვაშის ფირფიტები (270–400 წყვილი) შავია, სიგრძეში 85 სმ-მდე.
გავრცელებულია არქტიკიდან ანტარქტიკამდე. არიან წყვილებად ან სამეულებად. უპირატესად ეტანებიან წყალმარჩხ ადგილებს სანაპიროებთან, თუმცა ოკეანის სიღრმეებისთვისაცაა ჩვეული. კუზა ვეშაპი ტიპური მიგრირებადი ცხოველია, ახასიათებს რეგულარული გადაადგილებები გამოზამთრებისა და გამრავლების თბილწყლიანი ადგილებიდან საზაფხულო სამყოფელისკენ, ანუ ორივე ნახევარსფეროს ცივი წყლებისაკენ. გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 23 კმ/სთ-ია. წყალქვეშ გაჩერების დრო 10-15 წუთს არ აღემატება.
ძირითადად იკვებება კიბოსნაირებითა და თევზით, აგრეთვე თავფეხიანი მოლუსკებით. მიიჩნევენ, რომ საკვების დღიურმა გამოყენებამ 3 ტონას შეიძლება გადააჭარბოს.
დედლების უდიდესი ნაწილი ყოველწლიურად შობს ნაშიერს. მაკეობა 10–11 თვე გრძელდება. ახალდაბადებული სიგრძეში 4,5–5 მეტრს აღწევს. ლაქტაციის პერიოდი 5–6 თვეს შეადგენს. ნაშიერი დღე-ღამეში საკვებად 40 ლიტრ რძეს მოიხმარს; დედასთან 1 წლამდე რჩება.
დიდი ხნის განმავლობაში კუზა ვეშაპი რეწვის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენდა. მოიპოვებდნენ ქონის (ერთი ვეშაპიდან 8 ტონას იღებდნენ), ვეშაპის ულვაშის, ხორცისა და სხვა პროდუქტების გამო. რიცხოვნობის მკვეთრად შემცირების გამო, მასზე ნადირობა აიკრძალა: ჩრდილოეთ ატლანტიკაში — 1955 წლიდან, ანტარქტიკაში — 1964 წლიდან, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში — 1966 წლიდან. IUCN-ის წითელ ნუსხაში 2008 წლამდე მოწყვლადის სტატუსი ჰქონდა, დღეს გადაშენების საფრთხის წინაშე აღარ დგას.[3]
ზოგჯერ გამოყოფენ კუზა ვეშაპის ორ ქვესახეობას: ჩრდილოური კუზა ვეშაპი (ლათ. M. n. novaeangliae) — უფრო წვრილი ფორმა, გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და სამხრეთული კუზა ვეშაპი (ლათ. M. n. australis), რომელიც გავრცელებულია სამხრეთ ნახევარსფეროში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Горбатый кит // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 420.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ humpback whale — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 526.
- ↑ „Humpback whale on road to recovery, reveals IUCN Red List“. IUCN (ინგლისური). 12 აგვისტო, 2008. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)