კორიაკსკაია-სოპკა
კორიაკსკაია-სოპკა (რუს. Корякская Сопка) — მოქმედი ვულკანი რუსეთში, კამჩატკის მხარეში. მდებარეობს კამჩატკის ნახევარკუნძულზე, მდინარეების ავაჩისა და ნალიჩევის წყალგამყოფზე, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან ჩრდილოეთით 35 კმ-ში. აბსოლუტური სიმაღლე 3456 მ.[1]
კორიაკსკაია-სოპკა | |
---|---|
კორიაკსკაია-სოპკა, 2014 წელს | |
კოორდინატები: 53°19′13″ ჩ. გ. 158°42′40″ ა. გ. / 53.32028° ჩ. გ. 158.71111° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კამჩატკის მხარე |
სიმაღლე | 3456 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 2999 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2008–09 |
აგებულია ანდეზიტბაზალტური ლავებით, შლაკებითა და ფერფლით. კორიაკსკაია-სოპკა სტრატოვულკანია, რომლის დიამეტრი აღწევს 20 კმ. მწვერვალი სწორად მოკვეთილი წიბოვანი კონუსია. მწვერვალის დასავლეთ ნაწილში თანამედროვე პატარა ჯამისებრი კრატერია, რომლის დიამეტრია 180–200 მ, გადარჩენილი კედლების სიმაღლე 20–30 მ. სამხრეთიდან კრატერი გახსნილია, საიდანაც ბარანკოსების გავლით ჩამოედინება მოკლე ლავური ნაკადი.[2]
მწვერვალის ჩრდილოეთ ნაწილშია თანამედროვე კრატერისგან ვიწრო თხემით გამოყოფილი ცირკი, რომლის დიამეტრია დაახლოებით 500 მ, ხოლო სიღრმე 100 მ-ზე მეტი. შესაძლოა ცირკი მყინვარული ეროზიით გაფართოებულ ძველ კრატერს წარმოადგენდეს. ცირკში მოთავსებულია ორი მეტად მოზრდილი მყინვარი, რომლებიც ბარანკოსებში მოემართებიან. ჩრდილო-აღმოსავლური კალთის მყინვარები აგრეთვე ღრმა ბარანკოსებშია მოქცეული. მყინვარების სიგრძეა 1.0–4.2 კმ, ფართობი 0.2–1.3 კმ².[2] ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია ექსტრუზიული გუმბათი.[1]
კონუსი დაღარულია რადიალურად გაშლილი ბარანკოსებით, რომელთა ბორტებში შეინიშნება სხვადასხვა სიმძლავრისა და შედგენილობის ლავური ნაკადების შრეებრივობა. სამხრეთ კალთებზე, ბარანკოსების ბორტებში მოჩანს პრეპარირებული რადიალური ბაზალტური დაიკები, რომლებიც ერთმანეთთან შეერთების შედეგად ქმნიან მიმყვანი არხების სისტემის ფრაგმენტს. ცალკეული დაიკები შეინიშნება ფერდობის გაყოლებაზე ზემოთკენ 800 მ-მდე; დაიკების სიმძლავრე მერყეობს 2–3 მ-იდან 6–7 მ-მდე. ცენტრალური კონუსის ზედა ნაწილში, 2700–2800 მ სიმაღლეზე განლაგებულია სამი კონუსური ანდეზიტური დაიკი,[3] რომელთა სიგრძეა 100–200 მ, ხოლო სიმძლავრე 3–6 მ.[2]
ისტორიულ დროში კორიაკსკაია-სოპკის მოქმედება საკმად ზომიერი იყო, უმეტესწილად სუსტად ფუმაროლური. ცნობილი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1895–96 წლებში. კორიაკსკაია-სოპკა ამოიფრქვა აგრეთვე 1956–57 წლებში, რომლის შედეგად წარმოიქმნა 400–500 მ სიგრძისა და 10–15 მ სიგანის სუბთერმული ნაპრალი.[2] უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2008–2009 წლებში.[4]
კორიაკსკაია-სოპკის ციცაბო კალთებზე განვითარებულია არყის ხისგან შემდგარი ტყე, ქონდარა ფიჭვის რაყები, ზედა ნაწილში თოვლნარებია. არის ცხელი წყაროების გამოსავლები.[1]
კორიაკსკაია-სოპკა აგრეთვე ცნობილია როგორც კორიაცკაია-სოპკა და კორიაკსკი.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Корякская Сопка | Большая российская энциклопедия
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Масуренков Ю.П., Пузанков М.Ю., Егорова И.А Действующие вулканы Камчатки, Т. 2. М.: Наука, 1991, ст. 230–240
- ↑ Маренина Т.Ю., Тимербаева К.М., Сирин А.Н. (1962) Корякский вулкан на Камчатке // Труды Лаборатории вулканологии АН СССР. Вып. 22. С. 67–130.
- ↑ "Koryaksky". Global Volcanism Program. Smithsonian Institution.