ეგზარაცია

(გადამისამართდა გვერდიდან მყინვარული ეროზია)

ეგზარაცია, მყინვარული ეროზია (ლათ. exaratio — დახვნა) — მოძრავი მყინვარის ეროზიული მოქმედება კლდოვან ზედაპირზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება რელიეფის მყინვარული ფორმები. ეგზარაცია მყინვარისა და მისი საგების კონტაქტზე არსებული პროცესების კომპლექსია, რომელიც გამოწვეულია ნატეხების (პლაკინგების) მოხლეჩის ან მსხვრევის, საგების ქანების გაცვეთითა და მყინვარქვეშა წყლის ნაკადების (ეროზიის) გამორეცხვით.[1]

პლაკინგი იმაში მდგომარეობს, რომ საგებზე მოსრიალე ყინული ცალკეულ მომენტებში მასზეა მიყინული, შემდგომი მოძრაობისას კი გლეჯს ქანების ნატეხებს და თან მიაქვს. ეროზია გამოხატულია ქანების ნატეხებით საგების გაჩარხვაში, რომელიც შედის ფსკერისპირა მორენის შემადგენლობაში, აგრეთვე მყინვარქვეშა წყლის ნაკადების მუშაობაში, რომელიც იწვევს საგების ქანების ნგრევასა და დაშლას, მისი ზედაპირის დანაწევრებას, დადაბლებასა და ჩაღრმავებას.[1]

ეგზარაციის ინტენსივობა მრავალ ცვლილებაზეა დამოკიდებული: საგების სიმყარესა და ნაპრალოვნებაზე, ფსკერისპირა ყინულის ტემპერატურაზე, ფსკერისპირა მორენის თვისებებსა და შედგენილობაზე, მყინვარის ფსკერისპირა დასრიალების სიჩქარესა და სხვა. ეგზარაციის შედეგია მყინვარული მოპრიალება, მყინვარული ნაკაწრი, მყინვარული ნაღარი, ფასეტები კაჭარებსა და კლდეებზე, მკვიდრი ქანების გიგანტური ნაღარები და სხვა. ეგზარაცია ეგზოგენური რელიეფწარმომქმნელი პროცესების ყველაზე მძლავრი აგენტია, მისი წყალობით შექმნილია ყველა მსხვილი მყინვარულ-ეროზიული რელიეფის ფორმები, ცირკები, ტროგული ხეობები, ფიორდები და სხვა.[2]

  1. 1.0 1.1 Экзарация | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-23. ციტირების თარიღი: 2021-02-07.
  2. Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 528 с.