კონსტანტინე ერისთავი (გენერალ-მაიორი)
კონსტანტინე ბიძინას ძე ერისთავი (დ. 23 მაისი, 1836, სოფ. კარალეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, — გ. 2 მაისი, 1897, გორი) — თავადი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1896).
კონსტანტინე ბიძინას ძე ერისთავი | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 23 მაისი, 1836 |
დაბადების ადგილი | კარალეთი, გორის მაზრა, საქართველოს გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 2 მაისი, 1897 (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | გორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები | ყირიმის ომი, რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878) |
სხვადასხვა დროს მეთაურობდა ქუთაისის 1-ლ ქვეით რაზმს (დრუჟინას), 1-ლ ქართულ ქვეით რაზმს, კავკასიის I მსროლელთა რაზმს, გორის სარეზერვო პოლკს და გორის მაზრის ყველა საჯარისო ნაწილს, იყო გორის ქალთა გიმნაზიის საპატიო მეურვე. მონაწილეობდა ყირიმის (1853–1856), კავკასიისა და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომებში. 1883 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1896 წელს თადარიგში გავიდა მუნდირის ტარების უფლებით და გენერალ-მაიორის ჩინის მინიჭებით. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის III ხარისხის (მახვილებითა და ბაბთით, 1865), წმ. ანას III (მახვილებითა და ბაბთით, 1866) და II (მახვილებით, 1877) ხარისხის, წმ. ვლადიმერის IV (1887) და III (1892) ხარისხების ორდენებით. ცოლად ჰყავდა (1869 წლიდან) სოფიო, თავად ალექსანდრე ბებუთოვის ასული. ჰყავდა 4 შვილი — ბარბარე, ანასტასია, გიორგი (გრიგოლ) და თამარი. კონსტანტინეს ძმები იყვნენ გენერლები მიხეილ ერისთავი და ნიკოლოზ ერისთავი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგიტიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 61.
- ჩიქოვანი ი., ქსნის ერისთავები, თბ., 2010. — გვ. 14.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კონსტანტინე ერისთავი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- Эристов Константин Бидзинович — Генералитет российской императорской армии и флота.