კოლიმის მთიანეთი,[1] კოლიმის ქედი,[1] გიდანი[1] (რუს. Колымское нагорье) — მთიანეთი რუსეთში, ძირითადად მაგადანის ოლქში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში. გადაჭიმულია 1300 კმ-ზე, სუნტარ-ხაიატის ქედიდან აღმოსავლეთისკენ და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მდინარე პატარა ანიუის ხეობამდე და ანადირის სათავეებამდე. ერთმანეთისგან გამოყოფს მდინარე კოლიმის აუზსა და წყნარი ოკეანის მდინარეთა აუზებს. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის რელიეფში ჭარბობს პლატოები, მოკლე და საშუალო სიმაღლის (1500–1800 მ) ქედები და გრანიტული მასივები. ჩრდილო-აღმოსავლეთში ძლიერ დანაწევრებული საშუალო ქედები (ოლოის, უშ-ურექჩენი, მოლკატი, კორკოდონის და სხვ.) და მასივებია, რომლებიც გამოყოფილია ტექტონიკური ღრმულებით. მაქსიმალური სიმაღლე 1903 მ (ომსუქჩანის ქედზე). კორკოდონისა და ოლოის შუამდინარეთი გამოყოფილია ომოლოის ვრცელი პლატოსებური მასივით. გრანიტის მრავალრიცხოვან ინტრუზიებთანაა დაკავშირებული ოქროს, კალისა და იშვიათი ლითონების გამადნებები. ღრმულებში ქვანახშირისა და მურა ნახშირის საბადოებია; ამოდის თერმული წყაროები. ხეობები და ფერდობთა ქვედა ნაწილები დაფარულია მთის ფოთლოვანი მეჩხერი ტყეებით, რომლებიც 500–800 მეტრის სიმაღლეზე ბუჩქნარიან და ხავს-ლიქენიან მთის ტუნდრაში გადადის (იკავებს ტერიტორიის 2/3-ს). ხეობათა ფსკერზე ჭალის ტყეებია. განვითარებულია სათხილამურო ტურიზმი.[2]

კოლიმის მთიანეთი
რუს. Колымское нагорье
კოორდინატები: 63° ჩ. გ. 160° ა. გ. / 63° ჩ. გ. 160° ა. გ. / 63; 160
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მაგადანის ოლქი
უმაღლესი წერტილი 1903 მ
სიგრძე 1300 კმ
კოლიმის მთიანეთი — რუსეთი
კოლიმის მთიანეთი
სურათები ვიკისაწყობში
  1. 1.0 1.1 1.2 საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 105.
  2. Колымское нагорье // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 575.