კოლიმა (მდინარე)
კოლიმა[1] (რუს. Колыма) — მდინარე ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში, მაგადანის ოლქსა და იაკუტიაში (სახაში). სიგრძე 2600 კმ, აუზის ფართობი 647 ათასი კმ². წარმოიქმნება მდინარეების კულუსა და აიან-იურიახის შეერთებით, რომლებიც სათავეს იღებენ ხალკის ქედის კალთებზე. ზემო დინებაზე, მდინარე ბახაფჩის შესართავამდე, კალაპოტში ადგილ-ადგილ ჩქერვალები და ჭორომებია. შუა წელზე კოლიმის ხეობა ფართოა. ქვემო წელზე მიედინება კოლიმის დაბლობზე, მარცხენა ნაპირი დაცემულია, მარჯვენა — ადგილ-ადგილ მთაგორიანი, კალაპოტი დაკლაკნილია და იყოფა ტოტებად. ჩაედინება აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის კოლიმის ყურეში სამ ძირითად განშტოებად — კოლიმსკაია (კამენაია; სანაოსნოა), პოხოდსკაია და ჩუკოჩია. დელტის სიგრძე 130 კმ-ია, ფართობი 3250 კმ². ძირითადი შენაკადებია: დეტრინი, ბახაფჩა, ბუიუნდა, ბალიგიჩანი, სუგოი, კორკოდონი, ბერიოზოვკა, ომოლონი, ანიუი (მარჯვენა); სეიმჩანი, პოპოვკა, იასაჩნაია, ოჟოგინა, სედედემა (მარცხენა).
კოლიმა რუს. Колыма | |
---|---|
კოლიმა დაბა სეიმჩანთან ახლოს | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | მაგადანის ოლქი, იაკუტია (სახა) |
მარჯვენა შენაკადები | დეტრინი, ბახაფჩა, ბუიუნდა, ბალიგიჩანი, სუგოი, კორკოდონი, ბერიოზოვკა, ომოლონი, ანიუი |
მარცხენა შენაკადები | სეიმჩანი, პოპოვკა, იასაჩნაია, ოჟოგინა, სედედემა |
სათავე |
კულუსა და აიან-იურიახის შეერთება 62°17′31″ ჩ. გ. 147°43′57″ ა. გ. / 62.29194° ჩ. გ. 147.73250° ა. გ. |
შესართავი |
აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა 69°33′05″ ჩ. გ. 161°21′51″ ა. გ. / 69.55139° ჩ. გ. 161.36417° ა. გ. |
სიგრძე | 2600 კმ |
აუზის ფართობი | 647 ათასი კმ² |
წყალსაცავი | კოლიმის წყალსაცავი, უსტ-სრედნეკანის წყალსაცავი |
— სათავე, — შესართავი | |
კოლიმა ვიკისაწყობში |
იკვებება შერეულად — თოვლის (47%), წვიმისა (42%) და მიწისქვეშა (11%) წყლებით. წყალდიდობა ახასიათებს მაისის შუა რიცხვებიდან სექტემბრამდე. წყლის დონის ცვალებადობის ფარგლები 14 მეტრია. წყლის საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ სრედნეკოლიმსკთან (641 კმ შესართავიდან) 2220 მ³/წმ (ჩამონადენის მოცულობა 70 კმ³/წელი), უდიდესი — 25 100 მ³/წმ (ივნისი), უმცირესი — 23,5 მ³წმ (აპრილი); სოფელ ნიჟნეკოლიმსკთან (155 კმ შესართავიდან) — 3190 მ³/წმ (101 კმ³/წელი); შესართავში — 3780 მ³/წმ (119 კმ³/წელი). ჩამონატანის საშუალო წლიური მასა 2,7 მილიონი ტონაა, სრედნეკოლიმსკთან — 5,9 მილიონი ტონა, დელტის დასაწყისში (130 კმ შესართავიდან) — დაახლ. 8,2 მილიონი ტონა. ზემო წელზე კოლიმის ჰესისა და წყალსაცავის აშენებას თითქმის არ მოუხდენია გავლენა დელტაში ჩამონატანის მოცულობაზე. ჰესის კაშხალთან ახლოს ჩამონატანის მოცულობა და წყლის სიმღვრივე 28-ჯერ შემცირდა.
იყინება ოქტომბრის შუა რიცხვებში, იშვიათად სექტემბრის ბოლოს. მას წინ უძღვის ყინულსვლა და თოში (2 დღიდან 1 თვემდე), თოშხერგილი. საშუალოდ გაყინულია 200 დღის განმავლობაში. ყინულის სისქე 80-დან 130 სმ-მდეა. ახასიათებს 2–3 მეტრის სისქის მინაყინები. ლღვება მაისის მე-2 ნახევარში – ივნისის დასაწყისში. ყინულსვლა გრძელდება 2-დან 18 დღემდე და თან ახლავს ხერგილები.
გაზაფხულის წყალდიდობისა და ზაფხულ-შემოდგომის წყალმოვარდნების (წვიმის გამო) პერიოდში კოლიმას ახასიათებს წყლის დონის ძლიერ მომატება. ზამთარში აღინიშნება წყლის ძლიერ დაბალი დონე. უსტ-სრედნეკანიდან სრედნეკოლიმსკამდე მონაკვეთში წყლის დონის მომატება გაზაფხულზე მაისის მე-2 ნახევარში იწყება (ჯერ კიდევ გაყინულობის დროს). წყალმცირობის დონესთან შედარებით წყლის დონე უსტ-სრედნეკანთან 7 მეტრით იწევს, სრედნეკოლიმსკთან — 11 მეტრით (ყინულხერგილების დროს 13 მეტრამდე). დელტის დასაწყისთან წყალდიდობის ტალღა მცირდება 2,5-ჯერ. კოლიმის შესართავში წყლის დონის ცვალებადობის ამპლიტუდა არ აღემატება 0,8 მეტრს. თუმცა დელტისპირა მონაკვეთზე — მკვეთრ მოსახვევებთან და ადგილებში, სადაც კალაპოტი ვიწროვდება (ანიუის შეერთების ქვემოთ) — ყინულხერგილების დროს დონის მატებამ შესაძლოა 10 მეტრსაც მიაღწიოს, რის გამოც იტბორება ჭალები და დასახლებები. წყლის ყველაზე ძლიერი და ხშირად განმეორებადი მოდენები შეიმჩნევა დელტის ზღვისპირა მხარეს, ამბარჩიკის ღია უბის მიმდებარედ. სოფელ ამბარჩიკთან წყლის მოდენის მაქსიმალური სიმაღლე 1,5 მეტრია, დაბა ჩერსკისთან — 1,3 მეტრი; წყლის დონის დაწევის სიმაღლე შესაბამისად 1,1 და 1,2 მეტრი. დელტის ტოტებში შენიშნულია დინების შებრუნებები და წყლის ხარჯების 4-ჯერ შემცირებაც. დელტის დასაწყისში წყლის დონის ცვალებადობის სიდიდე 5–6 მეტრია, კლებისა — 2,5 მეტრამდე.
კოლიმის აუზის ტერიტორია შედის მრავალწლოვანი მზრალობის ქანების გავრცელების ზონაში, ამ პირობებში წარმოიქმნება დამალმჟავიანი ან ნეიტრალური მცირედ მინერალიზებული წყლები. წყალდიდობის დროს ზემო წელზე წყლის მინერალიზაცია 10–15 მგ/ლ-ია, ზაფხულ-შემოდგომის წყალმოვარდნების დროს — ყველგან 15–20 მგ/ლ, ზაფხულ-შემოდგომის წყალმცირობისას და ზამთარში იზრდება 3–20-ჯერ, თუმცა წყალი მაინც მცირედ მინერალიზებული რჩება. აუზის უდიდეს ნაწილში მინერალიზაცია საშუალოდ 40–80 მგ/ლ-ია, იშვიათად 80–120 მგ/ლ.
ტექნოგენური ზემოქმედება შეიმჩნევა კოლიმის აუზის ჰიდროგრაფიული ქსელის მხოლოდ ზედა რგოლებში. ეს ძირითადად გამოწვეულია სამთომოპოვებითი კომპლექსების ზემოქმედებით, მ.შ. ოქროს საბადოებისა. წყლის უზარმაზარი ჩამონადენისა და წყლითსავალი გზების დიდი სიგრძის წყალობით მდინარეს თვითგაწმენდა შეუძლია, წყლის ხარისხი შესაძლებელია ჩაითვალოს სრულად დამაკმაყოფილებლად. დელტაში წყლის დაბინძურების რამდენადმე მომატება გამოწვეულია დაბა ჩერსკის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლების ჩადინებით. კოლიმის ქვემო წელის საერთო ჰიდროლოგიურ-ეკოლოგიური მდგომარეობა ბუნებრივი ფონის დონეზეა.
კოლიმა სანაოსნოა მდინარე ბახაფჩის შეერთებიდან, რეგულარული ნაოსნობა ხორციელდება დაბა სეიმჩანიდან. ნავიგაციის ხანგრძლივობა 3–3,5 თვეა. ძირითადი პორტებია: უსტ-სრედნეკანი, ზირიანკა, შესართავში — ჩერსკი, ზელიონი-მისი და კრაი-ლესოვი. აგებულია კოლიმისა და უსტ-სრედნეკანის ჰესები. ქვემო წელზე განვითარებულია თევზრეწვა (ჭაფალა, მუქსუნი, სიგი, ნელმა, ომული). კოლიმის აუზში არის ოქროს საბადოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Коротаев В. Н. Колыма // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 574.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 105.