კლოდ სტოქსი

ბრიტანელი დიპლომატი

კლოდ სტოქსი (ინგლ. Claude Bayfield Stokes; დ. 27 ოქტომბერი, 1875, მუსორიე, ინდოეთი — გ. 7 დეკემბერი, 1948, ლონდონი) — დიდი ბრიტანეთის ინდოეთის არმიის ოფიცერი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი სამხრეთ კავკასიაში.

კლოდ სტოქსი
ეროვნება ბრიტანელი
დაბადების თარიღი 27 ოქტომბერი, 1875
დაბადების ადგილი მუსორიე, ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 7 დეკემბერი, 1948 (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
ჯარის სახეობა British Indian Army და ბრიტანეთის არმია
წოდება ოფიცერი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი, Distinguished Service Order და Companion of the Order of the Indian Empire

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ინდოეთში, ბრიტანელის ოჯახში. განათლება წმინდა ჯონის სკოლაში და სანდჰურსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში მიიღო. 1895 წლიდან მსახურობდა ბრიტანეთის არმიის ინდოეთის ნაწილებში. 1907-1911 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე თეირანში და დახმარებას უწევდა პრობრიტანულ პოლიტიკურ ძალებს. პირველი მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის ინდოეთის სამხედრო ნაწილებს. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ხელმძღვანელობდა ბაქოში განლაგებული ბრიტანეთის არმიის ნაწილებს. 1920 ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის, გადადგომის შემდეგ ეს პოსტი პოლკოვნიკმა სტოკსმა დაიკავა. 1920 წლის 28 სექტემბერს ახლად დანიშნული უმაღლესი კომისარი თბილისში ჩამოვიდა, მას დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი და სამხედრო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი. თბილისში პოლკოვნიკ სტოკს შეხვდა იმხანად თბილისში მყოფი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მაკდონალდი და საქართველოს დახმარება სთხოვა. უმაღლეს კომისარს თბილისში მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საზეიმო ვახშამი გაუმართეს. მალევე სტოკსი ნოე ჟორდანიას შეხვდა და დადებითი განწყობა არ დამალა საქართველოსადმი. მის მიერ ლონდონში გაგზავნილი ანგარიშები აშკარა პროქართული ხასიათისაა. 1921 თებერვლამდე ასრულებდა უმაღლესი კომისრის მოვალეობას. საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაციის შემდეგ დაუბრუნდა ინდოეთის არმიას. 1931-1940 წლებში იყო ბრიტანეთის ვიცე-კონსული საფრანგეთის ქალაქ ნიცაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 419-420.
  • ბ. კობახიძე, საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე, ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თსუ, 2015;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №220.