კახა თორელი (XIII საუკუნე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თორელი.

კახა გამრეკელის ძე თორელი — XIII საუკუნის 50-60-იანი წლების მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, ახალქალაქის ერისთავთერისთავი, მეჭურჭლეთუხუცესი. მისი საგვარეულო მამულო იყო თორის მხარე და თეძმის ხეობა, მამული თავის საერისთავო ქვეყანაში — ჯავახეთშიც ჰქონდა.

XIII საუკუნის 50-იან წლებში თორელი სხვა ქართველ მეომრებთან ერთად, მონაწილეობდა ბაღდადზე მონღოლთა ლაშქრობაში. ბაღდადის აღების შემდეგ (1258) დავით VII ულუმ ის დიპლომატიური მისიით ირანში ჰულაგუ-ყაენთან გაგზავნა. ამ ელჩობის დროს თორელმა ორთაღებისაგან (სავაჭრო-საჯრედიტო ორგანიზაცია) სესხად აიღო ფული და ირანში იაფად შეიძინა „ბაღდადური ალაფი“, შემდეგ მოგებით გაყიდა და იყიდა სოფ. ხოვლე, რომელიც შესწირა თავის საპატრონო მონსტერს რკონში. ამ ფაქტის შესახებ თორელისა და მისი მეუღლის ხათუთას „დაწერილი“ წარმოადგენს ძველი ქართული საბუთების ბრწყინვალე ნიმუშს, როგორც თავისი დიპლომატიური ფორმით, ისე შინაარსით. იგი ერთ-ერთი ძირითადი წყაროა საქართველოში მონღოლთა მფლობელობის ეპოქის შესასწავლად.

ისტორიული დოკუმენტის თანახმად, 1258 წელს ჰასან სუმბატისძისგან (იხ. სუმბათაშვილები) ნაყიდი სოფელი ხოვლე, კახა თორელმა რკონის ღვთისმშობლის ეკლესიას შესწირა.[1]

1260 წელს თორელმა მხარი არ დაუჭირა დავით ულუს აჯანყებას მონღოლების წინააღმდეგ. მონაწილეობა მიიღო მონღოლთა ლაშქრობაში. როგორც ჩანს, ამის გამო ჩამოურთმევია დავით ულუს მისთვის მეჭურჭლეთუხუცესობა და სარგის ჯაყელისთვის გადაუცია. ალბათ თორელებისა და ჯაყელების მეტოქეობის შედეგი იყო ის, რომ თორელმა ჟამთააღმწერლის გადმოცემით, გადამწყვეტი როლი ითამაშა მონღოლთა დამსჯელი რაზმის გამარჯვებაში აჯანყებული ულუ დავითისა და სარგის ჯაყელის ლაშქარზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მუსხელიშვილი ლ., თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა ჰამამლუს XII საუკუნის წარწერებთან დაკავშირებით, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B;
  • შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966;