კაროლა ვაზა (შვედ. Carola av Wasa, გერმ. Carola von Vasa; დ. 5 აგვისტო, 1833, ვენა, ავსტრია — გ. 15 დეკემბერი, 1907, დრეზდენი, გერმანია) — ჰოლშტაინ-გოტორპთა დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე გუსტავ IV ადოლფის შვილიშვილი. საქსონიის უკანასკნელი დედოფალი 1873-1902 წლებში როგორც მეფე ალბერტის მეუღლე.

კაროლა ვაზა
საქსონიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 29 ოქტომბერი, 1873
მმართ. დასასრული: 19 ივნისი, 1902
წინამორბედი: ამალია ავგუსტა ბავარიელი
მემკვიდრე: მონარქია გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 აგვისტო, 1833
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 15 დეკემბერი, 1907, (74 წლის)
გარდ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
მეუღლე: ალბერტი, საქსონიის მეფე
(ქ. 1853 - გარდ. 1902)
სრული სახელი: კაროლინა ფრედერიკა ფრანცისკა სტეფანია ამალია სესილია
დინასტია: ჰოლშტაინ-გოტორპი
მამა: გუსტავი, ვაზას პრინცი
დედა: ლუიზა ამალია ბადენელი
რელიგია: ჯერ პროტესტანტობა
შემდეგ კათოლიციზმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
კაროლა 17 წლის ასაკში

კაროლა დაიბადა 1833 წლის 5 აგვისტოს ვენაში. იგი იყო შვედეთის მეფე გუსტავ IV ადოლფის ერთადერთი ვაჟის, ვაზას პრინც გუსტავისა და მისი ცოლის, პრინცესა ლუიზა ამალია ბადენელის ერთადერთი შვილი. ბაბუამისი ჯერ კიდევ 1809 წელს ჩამოაგდეს ტახტიდან, რის გამოც მისი ოჯახი ემიგრაციაში ცხოვრობდა.

ცნობილია, რომ 1850-იანი წლების ევროპაში იგი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სასურველ საპატარძლოდ მიიჩნეოდა. იგეგმებოდა, რომ იგი საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ზე დაექორწინებინათ, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ნაპოლეონმა ცოლად ესპანელი დიდებული, ეუხენია დე მონტიხო შეირთო. მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი ისიც იყო, რომ იგი ბებიის, სტეფანია დე ბოარნეს ხაზით ბიძაშვილად ერგებოდა ნაპოლეონის დედას, დედოფალ ჰორტენზია დე ბოარნეს. ამასთან, საფრანგეთში არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო, კაროლას მამა ეწინააღმდეგებოდა მათი ქორწინების იდეას. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი დინასტია ბონაპარტებთან დაპირისპირებაში იყო და ისინი მათ მონარქებად არ სცნობდნენ. მართლაც, ამ ამბიდან 20 წელიწადში, 1870 წელს ნაპოლეონ III ტახტიდან ჩამოაგდეს და ცოლთან ერთად ემიგრაციაში წასვლა მოუხდა.

კრონპრინცესა

რედაქტირება
 
კრონპრინცესა კაროლა 1868 წელს

1852 წელს, მამის სურვილის საწინააღმდეგოდ, კაროლა კათოლიციზმზე მოექცა. ამ ამბიდან მალევე, 1853 წლის 18 ივლისს იგი დრეზდენში დაქორწინდა საქსონიის კრონპრინც ალბერტზე, მეფე იოჰანისა და დედოფალ ამალია ავგუსტა ბავარიელის უფროს ვაჟზე. მათი ქორწინება უშვილო იყო, თუმცა არა უნაყოფო, რადგან კაროლას ათჯერ მოეშალა მუცელი.

ირკვევა, რომ მას დედამთილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც კაროლა დღიურებში წერდა, დედოფალი ამალია ავგუსტა რთულ პერიოდებში მას ყოველთვის გვერდში ედგა. ამასთან, როგორც საქსონიის კრონპრინცესამ, კაროლამ შეისწავლა თავისი ვალდებულებები და დაიწყო მათი შესრულება. 1866 წელს, ომის პერიოდში, კრონპრინცესა თავად ესტუმრა საქსონიის საველე ჰოსპიტალებს. 1867 წელს მანვე დააარსა ე.წ. ალბერტის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანული არმიისათვის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებას. 1870-71 წლების ომის დროს გაწეული დიდი სამსახურისათვის პრუსიის სამეფო ოჯახმა იგი წმინდა ლუსიენის, ხოლო საქსონიისამ წმინდა სიდონიას სახელობის ორდენით დააჯილდოვა. 1871 წელს იგი ალბერტთან ერთად გაემგზავრა საფრანგეთის ქალაქ კომპიენში, სადაც იგი გამარჯვებულ გერმანელ ჯარისკაცებს მიესალმა და მიულოცა მიღწეული წარმატება.

მთელი ამ საქმეების გამო, იგი ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც არისტოკრატიაში, ისე ჯარისკაცებსა და უბრალო მოქალაქეებში.

დედოფალი

რედაქტირება
 
დედოფალი კაროლა 1899 წელს

1873 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ალბერტი საქსონიის მეფე გახდა, რამაც კაროლა დედოფლად აქცია. 1884 წელს სწორედ დედოფალმა კაროლამ უზრუნველყო შვედეთში ჰოლშტაინ-გოტორპთა ნაცვლად გამეფებული ბერნადოტებისა და ოლდენბურგების შერიგება. მისი და მისი ბიძაშვილის, შვედეთის კრონპრინცესა ვიქტორია ბადენელის ხელშეწყობით მოხერხდა კაროლას პაპის, მეფე გუსტავ IV ადოლფის ნეშტის შვედეთში გადასვენება. ასევე სტოკჰოლმში გადაასვენეს და სამეფო აკლდამაში დაკრძალეს კაროლას მამა და ძმაც. 1888 წელს დედოფალი კაროლა და მეფე ალბერტი ოფიციალურად ეწვივნენ შვედეთს, სადაც ისინი სამეფო ოჯახმა პატივით მიიღეს.

დედოფალმა კაროლამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქსონიის ჯანდაცვის სისტემის დახვეწაში. სწორედ მან დააარსა მედდების სკოლა ლაიფციგში (1869), ქალთა დასაქმების სააგენტო (1876), ქალთა სასწავლებელი შვარცენბერგში (1884), უფასო საავადმყოფო „გუსტავჰაიმი“ (1887), გოგონათა სკოლა (1892) და უნარშეზღუდულ ადამიანთა დახმარების ცენტრი ფრიდრიხშტადტში (1896). ამ ყველაფრის გამო კაროლა საქსონიაში ერთობ პოპულარული დედოფალი იყო. იგი 1902 წელს დაქვრივდა და ვინაიდან მის ქმარს შვილი არ დარჩენია, ტახტი კაროლას მაზლმა, მეფე გეორგმა დაიკავა, რომლის მმართველობაც სულ ორ წელს გაგრძელდა და ტახტზე გეორგის ვაჟი, ფრიდრიხ ავგუსტ III იკავებს.

ცნობილია, რომ იგი ესპანეთის სამეფო ოჯახმა დააჯილდოვა დედოფალ მარია ლუიზას სახელობის ქალთა საპატიო ღირსების ორდენით.

დედოფალი კაროლა ვაზა გარდაიცვალა 1907 წლის 15 დეკემბერს დრეზდენში, 74 წლის ასაკში. დაკრძალეს ქმრის გვერდით.

  1. მკვდარშობილი გოგონა ორსულობის მეოთხე თვეზე (19 დეკემბერი, 1853);
  2. მკვდარშობილი გოგონა ორსულობის მეექვსე თვეზე (16 აგვისტო, 1854);
  3. მუცლის მოშლა ორსულობის პირველ თვეზე (22 იანვარი, 1855);
  4. მკვდარშობილი ვაჟი ორსულობის მეოთხე თვეზე (17 იანვარი, 1856);
  5. მუცლის მოშლა ორსულობის პირველ თვეზე (4 დეკემბერი, 1856);
  6. მუცლის მოშლა ორსულობის პირველ თვეზე (30 იანვარი, 1857);
  7. მუცლის მოშლა ორსულობის პირველ თვეზე (30 მარტი, 1857);
  8. მკვდარშობილი ვაჟი ორსულობის მეხუთე თვეზე (11 იანვარი, 1858);
  9. მკვდარშობილი ვაჟი ორსულობის მეოთხე თვეზე (20 მარტი, 1859);
  10. მუცლის მოშლა ორსულობის პირველ თვეზე (30 მარტი, 1860);

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Schimpff, George von. Aus dem Leben der Königin Carola von Sachsen: zur fünfundzwanzigjährigen Regierungs-Jubelfeier Seiner Majestät des Königs und Ihrer Majestät der Königin. Leipzig: J.C. Hinrichs, 1898.
  • Almanach de Gotha, Gotha 1887 und 1901
  • Hultman, H.: Prinsen av Vasa, Stockholm 1974
  • Louisa of Tuscany, Ex-Crown Princess of Saxony: My Own Story, London 1911