ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კარი კედელში (ინგლ. The Door in the Wall) 一 ბრიტანელი ფანტასტი მწერლის, ჰერბერტ უელსის მცირე მოთხრობა, რომელიც, თავდაპირველად, 1906 წელს, ჟურნალ Daily Chronicle-ის ნომერში გამოჩნდა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ, 1911 წელს, გაერთიანდა ავტორის მოთხრობების ანთოლოგიაში, სახელწოდებით „ბრმათა ქვეყანა და სხვა მოთხრობები“. ნოველა ფართოდ განიხილება, როგორც უელსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთხრობა, რომელმაც გავლენა იქონია მრავალი სხვა მწერლის შემოქმედებაზე.

„კარი კედელში“
The Door in the Wall

ქართულენოვანი გამოცემა, 2019
ავტორი ჰერბერტ უელსი
ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
გამომცემელი Daily Chronicle
გამოცემის თარიღი 1906
მთარგმნელი მარიტა დევრისაშვილი
ქართულად გამოიცა 2019
მედია ბეჭდური
გვერდი 44
ISBN 978-9941-29-766-3

მცირე ზომისდა მიუხედავად, ნაწარმოებმა, ძირითადად, დადებითი შეფასებები დაიმსახურა. გაზეთ Le Temps-ში, 1911 წელს, ჰენრი დიურან-დავრიმ ზემოხსენებული მოთხრობა ავტორის საუკეთესო ნიმუშად მოიხსენია.[1] თომას ედვარდ ლოურენსმა გაზეთ The Spectator-ში გაკეთებული მიმოხილვისას აღნიშნა, მოთხრობას უწოდა „ძალიან საყვარელი რამ, რომელიც ედვარდ ფორსტერის შემოქმედებით გასხივოსნებულს წააგავს“.[2] ჯეფრი უესტი ხშირად აღნიშნავდა, რომ კარი კედელში ავტორის საუკეთესო მოთხრობაა.[3] და ამბობდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი იმ ნაწარმოებთაგანი, რომელიც „მის სახელს ჩვენს საუკუნემდეც გაიტანს იმ ლიტერატურულ უკვდავებაში, რომლის თავიდან აცილებაც თავად ასე ძალიან სურდა“.[4] ანალოგიური დამოკიდებულება წამოვიდა მეოცე საუკუნის ლიტერატურათმცოდნეთაგან 一 ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ეს ავტორის საუკეთესო ნოველა იყო.[5][6][7]

მოთხრობაზე დაყრდნობით სამი ეკრანიზაციაა გადაღებული.[8][9][10]

სიუჟეტის ნარატორად გვევლინება კაცი, სახელად რედმონდი, და გადმოგვცემს იმ ამბავს, რომელიც მას მისმა ყოფილმა თანაკლასელმა, ლაიონელ უოლესმა უამბო. თავდაპირველად, მას ამის არ სჯეროდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მან დაიჯერა ამ ისტორიის სიცხადე. ესაა ისტორია ერთგვარი აკვიატების შესახებ, რომელიც მთხრობელის ყოფილ კლასელს სიცოცხლის ფასად დაუჯდება.

უოლესის თქმით, როდესაც ის ხუთი წლის იყო, ერთ მშვენიერ დღეს, ლონდონის ქუჩებში მოსიარულემ, შენიშნა თეთრი კედელი, რომელშიც მწვანე კარი იყო გამოკვეთილი. მის ცნობისმოყვარეობას წინ საკუთარი მამა, პროფესიით ადვოკატი, აღუდგება, თუმცა მისი სურვილი, შეაღოს ეს იდუმალებით მოცული კარი, სძლევს მამისადმი მორჩილებას. როდესაც ის ამას ჩაიდენს, აღმოჩნდება მომაჯადოვებელ ბაღში, რომლის სილამაზეც სამოთხისას უტოლდებოდა. ლაიონელს აქ ერთი, მასზე მაღალი, გოგო მიუახლოვდება, რომელიც მას შუბლზე აკოცებს, შემდეგ კი საკუთარ სამეგობროს გააცნობს. აქვე ის შეხვდება იდუმალებით მოცულ ქალს, რომელიც მას მიაწვდის წიგნს. ეს წიგნი ლაიონელის ცხოვრების ისტორიას ინახავდა. წიგნის კითხვისას, როცა ის მიუახლოვდება მის მწვანე კარში შესვლის მომენტს, ბაღი ქრება და ის კვლავაც ლონდონის ქუჩაში აღმოჩნდება. პოლიციამ უზრუნველყო მისი შინ მშვიდობიანად დაბრუნება, თუმცა მისი მონაყოლი მაინც არავინ დაიჯერა. შინ დაბრუნების შემდეგ მამამისმა მისი დასჯა განიზრახა, რადგან შვილმა მისი სიტყვა, კარში არშესვლასთან დაკავშირებით, არ შეისმინა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ლაიონელი ამ ამბავს მამას უმალავდა, თუმცა მასზე ფიქრი მაინც არ ასვენებდა, ერთხელ კი მწვანე კარის მიღმა არსებული ღვთაებრივი ბაღი სიზმარში იხილა, თითქოს იქ კვლავ დაბრუნებულიყო.

ერთ დღეს, სკოლისკენ მიმავალი, უოლესი კვლავ აღმოაჩენს მწვანე კარს კედელში, მაგრამ იმის შიშით, რომ სკოლაში აგვიანდებოდა, მან შიგნით შესვლა გადაიფიქრა. სკოლაში მან რამდენიმე თანაკლასელს მოუყვა მაგიური მწვანე კარის შესახებ, მაგრამ მისი არავინ არ დაიჯერა 一 ისინი ლაიონელისგან უშუალო სამხილსა და ადგილზე წაყვანას მოითხოვდნენ, თუმცა ლაიონელმა ვერ შეძლო მწვანე კარის პოვნა. იმედგაცრუებული კლასელები უკან გაბრუნდენ და ლაიონელი მარტო დარცა.

გავიდა ხანი. ამჯერად, უკვე მესამედ, ლაიონელმა მწვანე კარი 17 წლის ასაკში შენიშნა, როცა ის ტაქსით პადინგტონში მიდიოდა 一 მას ოქსფორდის უნივერსიტეტის სტიპენდია უნდა აეღო, შედეგად კვლავ გადაიფიქრა დაყოვნება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლაიონელი პოლიტიკოსი ხდება. ამ პერიოდში იგი კვლავ შენიშნავს მწვანე კარს, ამჯერად უკვე ერლის მოედანზე, მაგრამ ის პაემანზე მიიჩქარის და კვლავ უარს იტყვის იქ შესვლაზე. თანდათანობით, ის სულ უფრო და უფრო ნანობდა იმას, რომ ბაღში შესვლის შანსი არ გამოიყენა. მხოლოდ გასულ წელს, მან ის სულ რაღაც სამჯერ შენიშნა და არცერთხელ არ შეუბიჯებია შიგნით, ყველა განსხვავებული მიზეზისდა გამო 一 პირველ ჯერზე თემთა პალატისკენ მიიჩქაროდა, მეორე ჯერზე მამის გასვენებაში, ხოლო მესამედ, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, მან კარს თავი მხოლოდ იმიტომ აარიდა, რომ გავლენიან პირებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა დათქმული.

კარი და მის მიღმა არსებული პეიზაჟი ლაიონელს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. ის მას საღა აზრს აკარგვინებდა და კონცენტრირებაში ხელს უშლიდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ლაიონელმა რედმონდს ეს ისტორია გაანდო, ლაიონელის ცხედარი კენსინგტონში, სამშენებლო კომპანიისთვის განკუთვნილი კარის მიღმა იპოვეს. როგორც გაირკვა, სავარაუდოა, რომ მას აღნიშნული სამშენებლო კომპანიის კარი მაგიურ მწვანე კარში აერია.

განიხილება ვერსია, რომ ნაწარმოებმა მრავალი გამორჩეული მწერლის შემოქმედებაზე იქონია გავლენა, მაგალითად ცნობილი ამერიკელ-ბრიტანელი პოეტის, თომას ელიოტის პოეტურ კრებულზე, სახელწოდებით 一 ოთხი კვარტეტი,[11][12][13] ბრიტანელი ავტორის, რებეკა უესტის ნაწარმოებზე 一 ჰარიეტ ჰუმე[14], ხულიო კორტასარის შემოქმედებაზე[15] და, აგრეთვე, ვლადიმერ ნაბოკოვის რამდენიმე პროზაულ ნაშრომზეც.[16]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Escuret, Annie (2013) „Henry-D. Davray and the Mercure de France“, The Reception of H. G. Wells in Europe. London: Bloomsbury, გვ. 39. ISBN 9781623568641. 
  2. (1972) H. G. Wells: The Critical Heritage. London: Routledge, გვ. 312–313. ISBN 9780415852050. 
  3. Wells, Geoffrey H. (1926). The Works of H.G. Wells, 1887–1925: A Bibliography, Dictionary and Subject-Index. London: George Routledge, გვ. 31. 
  4. "West, Geoffrey" (1930). H. G. Wells: A Sketch for a Portrait. London: Gerald Howe, გვ. 282–283. 
  5. Reed 1982, p. 20.
  6. Roberts 2019, p. 35.
  7. Hammond 1992, p. 125.
  8. Door in the Wall, The (1956) (July 1956). ციტირების თარიღი: 6 February 2023
  9. A Door in the Wall Dver v Stene (film). ციტირების თარიღი: 6 February 2023
  10. Godfrey, Emelyne (27 January 2012). „Review of The Door. The Times Literary Supplement. London. ციტირების თარიღი: 6 February 2023.
  11. Iribarren i Donadeu, Teresa (2013) „An approximation of H. G. Wells's impact on Catalonia“, The Reception of H. G. Wells in Europe. London: Bloomsbury, გვ. 234. ISBN 9781623568641. 
  12. Foster, Paul (1998). The Golden Lotus: Buddhist Influence in T. S. Eliot's Four Quartets. Lewes: The Book Guild, გვ. 77. ISBN 9781857762174. 
  13. Hobsbaum, Philip (December 1969). „Eliot, Whitman and American tradition“. Journal of American Studies. 3 (2): 242–244. doi:10.1017/S0021875800008148. JSTOR 27552895. S2CID 145615493.
  14. Hammond 1977, p. 168.
  15. Tcherepashenets, Nataly (2008). Place and Displacement in the Narrative Worlds of Jorge Luis Borges and Julio Cortázar. New York: Peter Lang, გვ. 126. ISBN 9780820463957. 
  16. Borden, Richard C. (Autumn 1992). „H. G. Wells' "Door in the Wall" in Russian literature“. The Slavic and East European Journal. 36 (3): 323–338. doi:10.2307/308586. JSTOR 308586.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარი_კედელში“-დან