კალაურის წმინდა გიორგის ეკლესია

კალაურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ კალაურის სამხრეთით 1 კილომეტრზე, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე. განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს. მოუხატავთ XVI საუკუნის შუა წლებში, განახლებულია 1873 წელს.

არქიტექტურა

რედაქტირება

ძველი სამეკლესიიანი ბაზილიკაა (10×9,4 მეტრი). შენობის კორპუსს შეადგენს მცირე ზომის, ორფერდა სახურავით დასრულებული დარბაზული ეკლესია (7×4,4 მეტრი), რომელსაც სამი მხრიდან (სამხრეთ-დასავლეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან), თანადროული, გაცილებით დაბალი მინაშენი ეკვრის. მინაშენის უმეტესი ნაწილი გვიანდელია (როგორც ჩანს, XVI საუკუნისა), იგი ეკლესიას წყობით არ უკავშირდება და მისგან, როგორც საშენი მასალის შემადგენლობით, ისე შენების დაბალი ხარისხითაც განსხვავდება. მინაშენის სამხრეთი ფრთა და ჩრდილოეთი ფრთის დასავლეთი ნაწილი დამოუკიდებელი ეკლესიებია. ჩრდილოეთი ფრთის აღმოსავლეთ ნაწილში მოგრძო, უაფსიდო სათავსია - სამკვეთლო, რომელიც ეკლესიას სწორკუთხა კარით უკავშირდება. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობაში ალაგ-ალაგ ჩართულია ლოდებიც. მოგვიანებით აღდგენილ ნაწილებში კვადრატის აგურიცაა გამოყენებული. კედლების ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით, რომელიც ქვებს შორის დარჩენილ არეებს ავსებს და ნაწილობრივ მათ ზედაპირსაც ფარავს. მინაშენის თავდაპირველი კედლებიც ანალოგიურადაა ნაწყობი. გვიან აღდგენილი ნაწილები კი, წვრილი რიყის ქვითა და კვადრატული აგურით საკმაოდ დაუდევრადაა ნაგები. შენობა გარედან შეთეთრებულია.

ეკლესია შემაღლებული პროპორციებისაა; შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნით-თაღოვანი. მეორე ამგვარივე კარი მას სამხრეთიდან ჰქონდა (ამოშენებულია, როგორც ჩანს, მოხატვის დროს). აღმოსავლეთ ნახევარწრიულ აფსიდში ქვემოთკენ გაგანიერებული სარკმელია გაჭრილი, რომელიც მკვეთრად მოხაზული ნალისებრი თაღითაა დასრულებული. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. აფსიდის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი, რომელიც ნატეხი ქვითაა ნაწყობი და შელესილია. აფსიდის მხრების კაპიტელებზე, რომელთა პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს, ნახევარწრიული სატრიუმფო თაღია დაყრდნობილი. საკურთხეველი დარბაზისაგან გამიჯნულია შელესილი კანკელით ( გვიანდელია), რომელშიც სამი ღიობია მოწყობილი. აღსავლის კარი დანარჩენებთან შედარებით უფრო მაღალია და თაღოვანი; სამხრეთით მდებარე ღიობიც თაღოვანია. იგი აღსავლის კარის სიმაღლის შუა ნაწილის ფარგლებშია გაჭრილი. ჩრდილოეთით მდებარე ღიობი თითქმის აღსავლის კარის სიმაღლისაა და თარაზულადაა გადახურული. აღსავლის კარისა და ჩრდილოეთით მდებარე ღიობის წინ ორ- ორი საფეხურია.

დარბაზის გრძივი კედლები გლუვია. სამხრეთის კედელში ორი თარაზულთავიანი სარკმელია, რომლებიც მოგვიანებით ნაწილობრივ (დაახლოებით 40 სანტიმეტრ სიმაღლეზე) ამოუშენებიათ. კიდევ ერთი, ოღონდ გაცილებით ვიწრო სარკმელი ყოფილა გაჭრილი დასავლეთ კედელში - კამარასთან ახლოს. სამკვეთლო გეგმით არაწესიერი ფორმის ოთხკუთხედია. განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შიგნით სწორჯუთხა, ხოლო გარედან თქღოვანი სარკმელით.

მინაშენის სამხრეთი ფრთა ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული კამაროვანი დერეფანია. აფსიდი ყრუა. მინაშენის სამხრეთი კედლის შუაში გაჭრილია შიგნით და გარედან სწორკუთხა სარკმელი ( გვიანდელია). მსგავსი სარკმელია მოპირდაპირე მხარეს. იგი მოწყობილია ეკლესიის სამხრეთით. შესასვლელის ამოქოლვის დროს შემორჩენილია ამ კარის ნახევარწრიული ტიმპანი. მინაშენის ჩრდილოეთი ფრთის დასავლეთი ნაწილი ყრუა და მინაშენის დასავლეთ ფრთასთან თაღითაა დაკავშირებული. მინაშენის დასავლეთი ფრთაც, სამხრეთი ფრთის მსგავსად, ერთიანია - დაუნაწევრებული. დასავლეთით იგი გახსნილია საკმაოდ განიერი თაღით ( სიგრძე დაახლოებით 4 მეტრი). მინაშენის სამივე ფრთა გადახურულია სხმული, ამორფული ფორმის კამარით. კამარა ეყრდნობა მთავარი ეკლესიის შესაბამის კედელზე მოწყობილ საფეხურს ( სიგრძე 15 სანტიმეტრი), რომელიც კარგად ჩანს ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე და გამოყვანილია კედლის ზედა ნაწილის შეთხელებით.

მოხატულობა

რედაქტირება

ეკლესია მოხატული ყოფილა. მოხატულობა XVI საუკუნის შუა წლებს განეკუთვნება. იგი ხალიჩასავით ერთიანად ფარავს კედლებს. სცენები და ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებები არსადაა თანაბარი ზომის და ერთმანეთისაგან მკვეთრად გამიჯნული. რეგისტრთა გამყოფი ზოლები უსწორმასწოროა და ბათქაშზე უხეშადაა დატანილი. საკურთხევლის კონქში ვედრების თემის ვრცელი რედაქციული სქემაა მოცემული, შუა რეგისტრში - მოციქულთა ზიარების ფართოდ გაშლილი სცენაა, ხოლო ქვედა, მესამე რეგისტრში - ეკლესიის მამების ფრონტალური გამოსახულებები. საუფლო ციკლი სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრიდან იწყება. პირველი ხარების სცენაა, მეორე - შობა და ყრმის განბანვა. ამავე კედლის ქვედა რეგისტრში გამოსახულია ლაზარეს აღდგინების კომპოზიცია, ამ რეგისტრის გასწვრივ დასავლეთ კედელზე იერუსალიმს შესვლა; ჩრდილოეთ კედელზე მჭიდროდ, უინტერვალოდ არის მოცემული თავდაპირველად ჯვარცმა და გარდამოხსნა, შემდეგ კი ამაღლება. დასავლეთ კედლის ზედა მონაკვეთი მთლიანად ეთმობა ჯოჯოხეთის წარმოტყვევნას. ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა, ამიტომ მოხატულობის უმეტესი ნაწილი სწორედ წმინდა გიორგის ეძღვნება. სამხრეთ დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე ფართოდ არის წარმოდგენილი წმინდანის წამების სცენები, ასევე ცალკე მდგარი წმინდა მხედარი. მოხატულობის ქვედა რეგისტრში სხვა წმინდანებია გამოსახული.

ეკლესიის მომხატველის შემოქმედებაში დასტურდება ხალხური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი რიგი თავისებურობანი. უკიდურესად სიბრტყობრივ მოხატულობაში პროპორციაში და ფორმა მოუხეშავია, მაგრამ ექსპრესიული. მეტყველია მოხატულობის სრულიად უბრალო, თუმცა შეხამებოს მხრივ საკმაოდ სასიამოვნო ფერადობა. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადს ბაზილიკური მოხაზულობა აქვს - ორქანობიანი სახურავით დასრულებულ მთავარ კორპუსს ორივე მხარეს მინაშენის დაბალი, ცალქანობიანი სახურავების მქონე ნაწილები ეკვრის. მთავარი კორპუსის ფასადის ღერძზე ვიწრო, ქვემოთკენ გაგანიერებული სარკმელია. იგი დასრულებულია შირიმის ერთ ქვაში ამოკვეთილი ნალისებრი თაღით, რომელიც ღიობის დანარჩენი ნაწილისაგან თარაზულად გადებული თხელი ქვითაა გამიჯნული. ფასადის ლავგარდანი გვიანაა აღდგენილი. იგი მინაშენის ლავგარდნის მსგავსად აგურისაა, კუთხეში ჰორიზონტალური გადანაკეცით, რაც თავდაპირველი ლავგარდნის ფორმის გამეორება უნდა იყოს. შენობის გრძივი ფასადები ფორმათა აღნაგობით ერთმანეთის მსგავსია, ორსაფეხურიანი - მინაშენის დაბალი, საფეხურით წინწამოწეული ნაწილი და მის თავზე აღმართული მთავარი ეკლესიის მოკლე და მაღალი კორპუსი. დასავლეთ ფასადიც ორსაფეხურიანია. ქვემოთა, ცალფერდა სახურავით გადახურული ნაწილის შუაში მოწყობილი იყო საკმაოდ განიერი, მშვილდისებრი თაღი (ძლიერაა დავიწროებული გვიანდელი წყობით). თაღის თავზე სიმეტრიულად აზიდული ფრონტონით დასრულებული მთავარი ეკლესიის კორპუსია, რომლის ფასადზე თაღოვანი შეღრმავებაა - შუაში რელიეფური ჯვრის გამოსახულებით. ფასადის ფრონტონზე მოგვიანებით დაშენებულია აგურის სამრეკლო. იგი გეგმით კვადრატულია. მისი ოთხივე კუთხეში მდგარ მრგვალ სვეტებზე ნახევარწრიული თაღებია გადაყვანილი. სამრეკვლო გადახურულია თუნუქის პირამიდული სახურავით ( აღდგენილია რესტავრაციის დროს). დასავლეთი ფრთის ფასადის წყობაში ჩასმულ რიყის ქვაზე ამოკვეთილი წარწერიდან ირკვევა რომ ეკლესია 1873 წელს განუახლებია სოფლის მოსახლეობას. ეკლესიის ეზოს გარს ევლებოდა რიყის დიდრონი ქვებით ნაგები გალავანი, რომლის ნაწილიღაა შემორჩენილი (სიმაღლე 1,8 მეტრი). 1988 წელს სოფლის მოსახლეობამ ეკლესია გადახურა. შეკეთების დროს მთავარი ეკლესიის დასავლეთი ფასადის შეღრმავებული არის ღერძზე არსებულ ვერტიკალურ შვერილს გვერდებიდან მკლავები „შეაბეს“ ჯვრის სახე მისცეს და წითლად შეღებეს. გარდა ამისა, გაიწმინდა და კეთილმოეწყო ეკლესიის ეზო. 2009 წელს ეკლესიის მხატვრობის კონსერვაციისას, აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილში კედლის ზედაპირიდან სანთლის და ჭვარტლის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა წმინდა ნინოს გამოსახულება — შესაბამისი ასომთავრული წარწერით.

ლიტერატურა

რედაქტირება