იოსებ სამებელი
მთავარეპისკოპოსი იოსებ სამებელი (რუს. Иосиф (Хвабулов); ერისკაცობაში — იოსებ თამაზის ძე ქვაბულისძე; დ. 1676 — გ. 1 სექტემბერი, 1750) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მესტამბე. წარმოშობით ქობულაშვილების (ქვაბულიძეების) საგვარეულოდან.
ბიოგრაფია
რედაქტირებაიოსები კახეთის განათლებულ თავადურ გარემოში აღიზარდა. მისი მამა, კახეთის მდივანმწიგნობართუხუცესი თავადი თამაზ ქვაბულისძე პოეტიც იყო. იოსების პაპას, სვიმონ ქვაბულისძესაც, მდივანმწიგნობართუხუცესის თანამდებობა ეკავა. იოსების ბიძაშვილი ფილიპე მღვდელი მესტამბე იყო, და — იღუმენია თინათინი. მისი ძმისწული — ავთანდილ (ათანასე) ქობულოვი, მოსკოვის ქართული კოლონიის წევრი იყო და შემდგომში ქართველ ჰუსართა პოლკში ჩაირიცხა, სადაც სეკუნდ-მაიორად მსახურობდა.
იოსებმა მოღვაწეობა დაიწყო შიომღვიმის მონასტერში. XVII საუკუნის დასასრულს იგი მონასტრის წინამძღვარი იყო. 1705 წელს პატრიარქმა დომენტიმ იგი ეპისკოპოსად აკურთხა, ხოლო 1709 წელს მიიღო სამების ეპარქია, რომელსაც განაგებდა 1723 წლამდე. ოსმალების შემოსევის დროს სამების ტაძარი და ეპარქია ოსმალება აიკლეს. იოსებმა დატოვა თავისი საწმყსო, ამავე წლებში წილკნის ეპარქია და მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიიღო. წილკნის ეპარქიას იგი 1729-1730 წლებამდე განაგებდა, ამ დროს კვლავ დაიძაბა მდგომარეობა საქართველოში, ოსმალებმა მოკლეს კახეთის მეფე კონსტანტინე და ააოხრეს ქართლ-კახეთი. ამ არეულობის დროს წილკნის ეპარქიას დიდი ზარალი მიადგა. იოსებმა კვლავ დატოვა თავისი სამწყსო და 1731 წელს რუსეთს გაემგზავრა რათა მოწყალება შეეგროვებიმა დაზარალებული ქართული ეკლესია-მონასტრების აღსადგენად. რუსეთში იოსები 33 კაციანი ამალით გამგზავრებულა. დარიალის ხეობაში თავს დასხმიან ჩეჩენ-ლეკები, მგზავრები გაუძარცვავთ, ზოგი მათგანი დაატყვევეს, ზოგიც მოკლეს. სამებელს მოუკლეს ძმისწული კონდრატი, თვითონ იგი დაატყვევეს. 17 დღის განმავლობაში ლეკებს ჯაჭვით ჰყოლიათ დაბმული. ამ ამბავმა როგორღაც მოსკოვსა და პეტერბურგში მყოფ ქართველებამდე მიაღწია. ვახტანგ VI-მ და იქ მყოფმა ქართველობამ იშუამდგომლეს მთავრობის წინაშე და გაათავისუფლეს იოსები. ტყვეობიდან გამოხსნილი სამებელი მისულა ჯვარის ციხეს, იქ დაუსაფლავებია თავისი ძმისწული და გამგზავრებულა მოსკოვში, სადაც 1732 წელს ჩააღწია. მცირე ხანს დაბინავდა ვორონეჟის მონასტერში, ვახტანგის შუამდგომლობით სინოდმა მას ჯამაგირიც დაუნიშნა. 1733 წელს სამებელი მიიწვიეს ნევსკის ლავრაში გარდაცვლილ ჰერცოგ მეკლენბურგ შვერინის საფლავზე მლოცველ-მწირველად. 1734 წლის 22 მაისს იმპერატრიცა ანა იოანეს ასულის ბრძანებით, იოსებ სამებელი ნოვგოროდის მიტროპოლიტის თეოფანე პროკოპოვიჩის თანაშემწედ დააწინაურეს და ამავე დროს პირველი ხარისხის იურიევის ანუ წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვრობა უბოძეს.
ამ დროიდან შეუდგა იოსებ სამებელი საქართველოს ეკლესიისათვის სასარგებლო საქმეთა კეთებას. პირველ რიგში იგი, როგორც იმდროინდელი მრავალი მოღვაწე, პირველი რიგის ამოცანად მიიჩნევდა ქართული სტამბის გამართვას. იოსები ცდილობდა ქართული სტამბა მოეწყო მოსკოვში, მით უფრო რომ ვახტანგის შემდეგ თბილისში სტამბის მუშაობა შეწყდა. ასეთივე სურვილი ჰქონდა ბაქარ ბატონიშვილსაც, მაგრამ სტამბის დაარსებასა და წიგნების ბეჭდვის საქმეს თანხის უქონლობა აბრკოლებდა. დარეჯანის სტამბა პატარა იყო და სრულებით არ კმაროდა მათი სურვილის განხორციალებისათვის. იოსებ სამებელმა 3-4 წლის განმავლობაში თავისი სამსახურით მოახერხა საკმაო თანხის მოგროვება სტამბის დასაარსებლად და წიგნების ბეჭდვის დასაწყებად. ამ საქმის შესრულება იოსებმა მიანდო თავის ახლო ნაცნობსა და სანდო პირს, მღვდელმონაზონ ქრისტეფორე გურამიშვილს. მანაც 1737 წელს სამებელის ხარჯით შეიძინა დარეჯან ბატონიშვილის სტამბა, ტექნიკურად გააუმჯობესა და საკმაოდ კარგად მოწყობილი სტამბა გამართა. სტამბის ზედამხედველობა ებარა ქრისტეფორე გურამიშვილს. იოსებს უნდოდა მოსკოვს გადასვლა, რათა სტამბისათვის ეხელმძღვანელა, მაგრამ სინოდმა არ გაათავისუფლა იმ მიზეზით, რომ ნოვგოროდის კათედრაზე ყოფილი მიტროპოლიტის (თეოფანე პროკოპოვიჩის) გარდაცვალების შემდეგ ახალი მიტროპოლიტის დანიშვნამდე მისი მოვალეობა იოსებს უნდა შეესრულებინა.
სამებელის სტამბის გამართულ მუშაობაზე ზრუნავდნენ მოსკოვში დამკვიდრებული ქართველები ბაქარ ბატონიშვილის თაოსნობით. ამ დროისათვის დღის წესრიგში იდგა ქართული ბიბლიის ბეჭდვის საქმე (რომლის რედაქტირება არჩილმა დაიწყო). ასევე სურდათ დაებეჭდათ სახარება, სამოციქულო, დავითნი, ჟამნი, ლოცვანი, კონდაკი, კურთხევანი, ტიპიკონი, სვინანქარი, თვენი, პარაკლიტონი, მარხვანი, ზატიკი. 1739-1740 წელს ბაქარმა შეკრიბა რუსეთში მყოფი ქართველი სამღვდელოება და ერთად იმსჯელეს ქართული წიგნების ბეჭდვის საკითხებზე. ბაქარმა სამღვდელო პირებს შესთავაზა დასაბეჭდად განზრახული წიგნების რედაქტირება, ხოლო საგამომცემლო საქმე მთლიანად უნდა ჩაებარებინათ მთავარეპისკოპოს იოსებისათვის. 1740 წელს ბაქარმა სინოდს აცნობა ქართველ სამღვდელოთა კრების გადაწყვეტილება და ითხოვა სამებელის მოსკოვში გადმოყვანა. 1740 წელსვე, სინოდის ბრძანებით, იგი მართლაც გადაიყვანეს მოსკოვის ზნამენის მონასტერში, რომლის არქიმანდრიტადაც იგი დარჩა გარდაცვალებამდე.
მას შემდეგ, რაც სამებელი მოსკოვს გადმოვიდა, უპირველეს საქმედ ქართული დაბადების დაბეჭდვა იქცა. აღსანიშნავია, რომ ამ წიგნის დასაბეჭდად სტამბა დროებით გადატანილი იქნა ბაქარის ბინაზე დაბა ვსეხსვიატსკოეში ანუ, როგორც თვით წიგნშია მოხსენიებული, „დაბასა სესვენწკისასა, მოსკოვის ახლოს“. იმჯამად სტამბის ოსტატები იყვნენ: ქრისტეფორე გურამიშვილი, ბაქარის კარის მღვდლები ფილიპე და დავითი. სტამბის ზედამხედველად და მეურნედ დაინიშნა ვახტანგ მეფის ყოფილი მდივანმწიგნობარი მელქისედეკ კავკასიძე. „დაბადების“ ბეჭდვაში მონაწილეობას იღებდნენ ბაქარი და ვახუშტი ბატონიშვილი. თუმცა ამ წიგნის დაბეჭდვამდე მისი სერიოზული სწორება მოუწია იოსებ სამებელს — მან ქართული ტექსტი შეუდარა ებრაულ, სირიულ, ბერძნულ და სლავურ ტექსტებს. „დაბადების“ რედაქტირება დასრულდა 1742 წლის დამლევს, მაგრამ მისი ბეჭდვა ნაწილ-ნაწილ დაიწყო და 1743 წლის 1 მაისს უკვე სრულად იყო დაბეჭდილი. ცნიბილია, რომ სამებელმა კიდევ მრავალი საეკლესიო წიგნი დაბეჭდა, მაგრამ მისი სხვა გამოცემები არ შემორჩენილა. 1744 წელს სინოდის ნებართვით იოსებმა დაბეჭდა იოანე დამასკელის „მიუწევნელობისათვის ღვთისა“. 1744 წელს იგი დაახლოვებია ქართველ მისიონერს იოანე მანგლელ ეპისკოპოსს. მათი დიდი მეცადინეობით დაფუძნდა მუდმივი, განუწყვეტელი მისია ქრისტიანობის აღსადგენად კავკასიელ ხალხთა შორის. მოსკოვში მათ ამ დიდი საქმისათვის პროექტი შეადგინეს, ეს პროექტი სამებელმა საკუთარი ხელმოწერით წარადგინა წმინდა სინოდის წინაშე. 1746 წელს სინოდმა ეს პროექტი მოიწონა. ამის შედეგად დაარსდა ოსეთის სასულიერო კომისია, რომლსაც ჯამაგირს უხდიდნენ. კომისიაში შეიყვანეს ქართველი სამღვდელოებაც. მისიის უფროსი იყო იოანე მანგლელი. ყიზლარში, სადაც იოანე უკანასკნელ დროს დამკვიდრდა, აშენდა სახლი მისიისათვის, გაშენდა ბაღები, გაჩნდა სათევზაო და სათიბავი ადგილები. იოსებ სამებელი ამ დროს საკმაოდ მოხუცებული იყო. 1749 წელს მან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა აქ გაეტარებინა უკანასკნელი წლები. ამის თაობაზე 1749 წლის ივნისში თხოვნით მიმართა სინოდს, გაეთავისუფლებიათ იგი და ნება მიეცათ ყიზლარში წასვლისა და იოანე მანგლელთან დარჩენისა „მიზეზისათვის ღრმა სიბერისა“. სინოდმა ნება დართო, მაგრამ სამებელმა 1750 წლის 3 ივლისამდე გამგზავრება ვერ მოახერხა. თან იახლა თავისი ბიძაშვილები არქიმანდრიტი ეფთიმე და მესტამბე მღვდელი ფილიპე, და — თინათინი (იღუმენიად ყოფილი ქართველ მეფეთა მიერ მოსკოვში დაარსებულ ნოვინის დედათა მონასტერში) და ძმისწული — ავთანდილ ქობულოვი. იოსებმა საქართველოში ვერ ჩააღწია, 1750 წელს 1 სექტემბერს იგი სარატოვში გარდაიცვალა. თანახმად მისი ანდერძისა, დაკრძალეს ასტრახანის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.[1][2][3]
ლიტერატურა
რედაქტირება- კასრაძე ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 203.
- კასრაძე ო., ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, თბ., 1973
- კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ 1-2, თბ., 1980-1981 წწ
- ჭიჭინაძე ზ., ვახტანგ VI და სხვა შრომა ქართული სტამბის წინაშე, თბ., 1916
- ქართული წიგნი, ტ. 1, 1941
- ჟორდანია თ., მთავარეპისკოპოსი იოსებ სამებელი, ქართული სტამბის საქმე XVIII საუკუნეში : გაზ. „ივერია“, 1884, №2-3.
- ჟორდანია თ., მოკლე ისტორიული გამოკვლევა : გაზ. „ივერია“, 1885, №10.
- კარიჭაშვილი დ., ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია XVII-XVIII ს., თბ., 1929
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სიხარულიძე ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 236.
- ↑ ბაქრაძე ა., იოსებ სამებელი (ქობულაშვილი)(1676–1750), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მესტამბე.
- ↑ Экскурсия по святыням Астраханского кремля YouTube-ზე