ოსეთის სასულიერო კომისია

ოსეთის სასულიერო კომისია (რუს. Осетинская духовная комиссия; 1745-1792 და 1814-1860) — მისიონერული ორგანიზაცია, რომელიც შექმნა რუსეთის წმინდა სინოდის დადგენილებით 1745 წლის 7 თებერვალს, ჩრდილოკავკასიაში (კერძოდ ოსეთში) ქრისტიანობის გასავრცელებლად. ოსეთის სასულიერო კომისიის ნამდვილი მიზანი იყო რუსეთის გაბატონება კავკასიაში. კომისია თავდაპირველად დაკომპლექტებული იყო ქართველი სასულიერო პირებით. მისი ძირითადი ამოცანა იყო ქრისტიანობის საშუალებით ოსებისა და სხვა მთიელების რუსეთის მხარეზე გადაყვანა. კომისიის წევრების მხარდაჭერით რუსეთის მთავრობამ 1768-1774 წლებში სამი სამთო ექსპედიცია მოაწყო ჩრდილოეთ ოსეთში მადნეულის შესასწავლად და მისი გამოყენების საკითხების გასარკვევად.

ოსეთის სასულიერო კომისიის საქმიანობა 2 ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე (1745-1792) მისიონერული მოღვაწეობა მოიცავდა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის მთიან რეგიონებს, მეორე ეტაპზე (1815-1860) — ჩრდილოეთ კავკასია და საქართველოს ის რეგიონები, რომლებშიც შესუსტებული იყო ქრისტიანობა.

მოღვაწეობის პირველი ეტაპი

რედაქტირება

XVIII საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის საზღვრები კავკასიის ქედს მიუახლოვდა. 1742 წლის ნოემბერში რუსეთში მყოფმა სამებელმა ეპისკოპოსმა იოსებმა (ქვაბულიძე) და მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის მონასტრის არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (ჯაფარიძე) მიმართეს რუსეთის იმპერატორ ელისაბედ I-ს მოსკოვიდან გაეგზავნათ ქართველი სასულიერო პირები ყიზლარში 200 ათასი ოსის მოსაქცევად. მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ოსების გაქრისტიანება გაუადვილებდა მათ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას: ოსეთი, ბელგრადის ხელშეკრულების მიხედვით (1739) დამოკიდებული იყო ყაბარდოზე და რუსეთის პირდაპირ ჩარევას შეეძლო ოსმალეთის იმპერიის პროტესტი გამოეწვია. 1745 წლის 7 თებერვალს რუსეთის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მთიელთა შორის ქრისტიანობის გასავრცელებლად შეიქმნა ოსეთის სასულიერო კომისია, ცენტრით — ყიზლარში. კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა არქიმანდრიტი პახომი (წერეთელი); სინოდმა ასევე დაამტკიცა ეპისკოპოს იოსებისა და არქიმანდრიტ ნიკოლოზის მიერ შერჩეული წევრები. ესენი იყვნენ: არქიმანდრიტი პახომი (წერეთელი), იღუმენი ქრისტეფორე (გურამიშვილი), იღუმენი ნიკოლოზი (მახათელაშვილი), დეკანოზი გიორგი დავითაშვილი და სხვები. ოსეთის სასულიერო კომისიის შესანახად გამოყო ფინანსებიც. ქადაგება წარმოებდა ქართულ ენაზე და შეძლებისდაგვარად ადგილობრივთა ენებზეც. მისიონერებს მოეთხოვებოდათ რეგულარულად წარედგინათ წერილობითი მოხსენებები სინოდისთვის.

პირველებმა მისიონერული მოღვაწეობა 1745 წლის მაისში არქიმანდრიტმა პახომმა, იღუმენმა ქრისტეფორე და ძმებმა იღუმენმა ნიკოლოზ და დეკანოზმა ქაიხოსრო მახათელაშვილებმა. 1752 წლიდან წევრთა რაოდენობა გაიზარდა.[1] მთიიელთა ტრადიციების კარგად მცოდნე სამღვდელოება ადგილობრივ მოსახლეობაში პატივისცემით სარგებლობდა და მოკლე დროში შედარებით წარმატებასაც მიაღწია. 1745-1746 წლებში მოინათლა დაახლოებით 300 ადამიანი და მათ შორის იყვნენ როგორც ფეოდალთა ზედა, ისე დაბალი კლასის წარმომადგენლები. ქართველმა მისიონერებმა საინტერესო ცნობები დატოვეს ოსების წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების შესახებ.[2]

თავდაპირველად მისიონერები თავად ასწავლიდნენ ოს ბავშვებს წიგნიერებაში. შემდეგ, 1764 წელს, გაიხსნა პირველი ოსური სკოლა მოზდოკში. სკოლას ინახავდნენ მისიონერები და ქართლისა და იმერეთის მეფეთა შემოწირულობებით. აქ ისწავლებოდა სასულიერო ლიტერატურა, რუსული და ოსური ენები. არაზუსტი მონაცემებით, მოსწავლეთა რაოდენობა 48-ს არ აღემატებოდა. წარჩინებულმა მოსწავლეებმა ასტრახანის სასულიერო სემინარიაში გააგრძელეს განათლების მიღება სახელმწიფო ხარჯით. პირველი მასწავლებელი იყო მედავითნე გრიგოლ რომანიშვილი, რომელიც სკოლისთვის ქართულიდან ოსურად გადათარგმნა ლოცვანი და კატეხიზმო.

მისიონერების საქმიანობით უკმაყოფილო ყაბარდოს მმართველი მთავრების დაჟინებული მოთხოვნით, პორტამ 1764 წელს პროტესტი გამოუცხადა რუსეთს ოსური სასწავლებლის მოწყობის გამო. 1769 წელს საქართველოში მოგზაურობისას, ყაბარდოელთა წაქეზებით, მოკლეს არქიმანდრიტი გრიგოლი, რომელიც 1766 წლიდან ხელმძღვანელობდა ოსეთის სასულიერო კომისიას. 1770 წელს ოსეთის სასულიერო კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა არქიმანდრიტი პორფირი.

1771 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ოსეთის სასულიერო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა რუსი დეკანოზი ათანასე ლებედევი; 1780 წელს — დეკანოზი იოანე ბოლგარსკი. პოლიტიკური ვითარება თანდათან გაუმჯობესდა: კიუჩუკ-კაინარჯის ზავის მიხედვით (1774) ყაბარდა რუსეთს შეუერთეს. 1785 წელს დაარსდა კავკასიის სამეფისნაცვლო და შეიქმნა კავკასიური ხაზი. მოზდოკში მონათლული ოსებისაგან ჩამოყალიბდა კაზაკთა ოსური ასეული.

1792 წელს ოსეთის სასულიერო კომისიამ შეწყვიტა ფუნქციონირება. გადაწყდა მხარის ახალი სასულიერო-ადმინისტრაციული მოწყობის ფორმირება. ოსეთის სასულიერო კომისიის არსებობის მანძილზე სულ 8199 ადამიანმა მიიღო ქრისტიანობა. ყიზლარსა და მოზდოკში ოსებისთვის სამლოცველოები გაიხსნა, ქისტებისთვის კი 1785 წელს - სამლოცველო და ეკლესია მდინარე ბაისუს ნაპირზე.[3]

მისიონერული მოღვაწეობა ჩრდილოეთ კავკასიაში

რედაქტირება

1793 წელს ასტრახანის ეპარქიის შემადგენლობაში შეიქმნა მოზდოკის სავიკარიუსო, რომლის ამოცანებს შორის იყო ახლად მოქცეული მთიელების მოვლა და მთიელთა შორის მართლმადიდებლობის გავრცელება. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ჩრდილოკავკასიელთა გაქრისტიანებაში დიდი როლი ითამაშა მოზდოკისა და მაჭარის ეპისკოპოსმა გაიოზ რეკტორმა. იგი პ. გენცაუროვთან ერთად ხელმძღვანელობდა მოზდოკის სკოლას, შეადგინა ოსური ანბანი კირილური დამწერლობის მიხედვით. მოსკოვში გამოსცა ოსურ ენაზე ლოცვანი (1795) და კატეხიზმო (1798). კავკასიის გენერალ-გუბერნატორის ი. გუდოვიჩის მხარდაჭერით ეპისკოპოსმა გაიოზმა მდინარე თერგის ნაპირზე დააარსა ფერიცვალების მამათა მონასტერი. 1797 წელს ეპისკოპოსმა გაიოზმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სასწაულმოქმედი მოზდოკის ასლი კურტატინის ხეობიდან მოზდოკში ახლადაშენებულ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში გადაიტანა, სადაც მოგვიანებით დაარსდა დედათა მონასტერი. 1799 წლის 16 ოქტომბერს მოზდოკი სავიკარიუსო გაუქმდა (გადავიდა ასტრახანის ეპარქიის შემადგენლობაში), ხოლო ეპისკოპოსი გაიოზი სარატოვის ეპარქიაში გადაიყვანეს.

მოღვაწეობის მეორე ეტაპი

რედაქტირება

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთთან შეერთებისა და 1811 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება კვლავ მიუბრუნდა კავკასიის მთიელთა მოქცევის საკითხს. 1814 წლის 15 სექტემბერს წმინდა სინოდმა აღადგინა ოსეთის სასულიერო კომისია. მისი თავჯდომარე გახდა ალავერდისა და თელავის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური), ხოლო კომისიის ცენტრი — ტფილისი. კომისია უშუალოდ ექვემდებარებოდა წმინდა სინოდს. თანდათან გაფართოვდა მისი საქმიანობის არეალი (ჩრდილოეთ კავკასიის გარდა, შედიოდა საქართველოს რეგიონები აფხაზეთი, საინგილო, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი). კომისიაში თავმჯდომარის გარდა შედიოდა ერთი არქიმანდრიტი, ერთი იღუმენი, 4 მღვდელმონაზონი, 2 იეროდიაკონი, 2 მღვდელი, დიაკონი და 8 საეკლესიო მსახური. ოსეთის სასულიერო კომისიის მისიონერული ცენტრები მდებარეობდა თელავსა და ანანურში.

1817 წლის სექტემბერში ეგზარქოს თეოფილაქტეს რეფორმირების შედეგად კომისია დაექვემდებარა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას. 1825 წელს მთავრობამ გამოყო 49 ათასი მანეთი მთიან რაიონებში ეკლესიების ასაშენებლად. 1817-1821 წლებში მოინათლა 47100 ადამიანი. (მათ შორის — 28592 ოსი, 3405 ხევსური, 363 თუში და 668 ინგუში). თეოფილაქტე ეგზარქოსის დავალებით აშენდა და აღდგა 29 მართლმადიდებლური ეკლესია.[4]

დიდი ყურადღება ეთმობოდა წმინდა წერილისა და სასულიერო ლიტერატურის თარგმანებს მთიელთა ენებზე. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ი. იალღუზიძის შემოქმედებას, რომელმაც სასულიერო განათლება დავითგარეჯის მონასტერში მიიღო. იგი 1815 წლიდან მუშაობდა ოსეთის სასულიერო კომისიაში თარჯიმნად და ქართული დამწერლობის ბაზაზე შექმნა ოსური ანბანი. ოსურ ენაზე თარგმნა დილისა და საღამოს ლოცვები, კატეხიზმო და სხვა. 1823 წელს ოსურ ენაზე თარგმნა სახარება (იგი განიხილებოდა რუსეთის ბიბლიური საზოგადოების მოსკოვის კომიტეტის მიერ, მაგრამ არ გამოქვეყნებულა). იალღუზიძე ასწავლიდა ქართულ და ოსურ ენებს ტფილისის სასულიერო სემინარიაში მისიონერი მღვდლების გადამზადების განყოფილებაში.

დროთა განმავლობაში მთავრობა დარწმუნდა, რომ მთიელთა ჭეშმარიტი მოქცევა მხოლოდ მათი შვილების სასულიერო პირებად ხელდასხმით იყო შესაძლებელი. 1836 წელს ოსეთის სასულიერო კომისიამ ვლადიკავკაზში გახსნა 4-კლასიანი სკოლა, სადაც 33 ოს ბავშვს მისცეს განათლება ოსურ ენაზე. ოსურ ენას ასწავლიდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის მდივანი გ. მჭედლიშვილი, რომელიც ასევე ასწავლიდა ოსურ ენას ტფილისის სასულიერო სემინარიაში; მან ქართულიდან ოსურ-თაგაურ დიალექტზე გადათარგმნა საღვთო სჯული და კატეხიზმო. მანვე შეადგინა ოსეური ენის გრამატიკა. ოსურ ენაზე, თარგმნა ფსალმუნი, სახარება და ზოგიერთი სხვა წიგნი. ტფილისის სასულიერო სემინარია დაამთავრეს შემდგომში ცნობილმა მღვდლებმა: ალექსი კალოევი, მწერალი და მთარგმნელი ვასილი ცაროევი. XIX საუკუნის 30-40-იან წლებში დაარსდა სამრევლო სკოლები: არდონის წმინდა გიოგის ეკლესიის, სოფ. ქობანი კაკადურის სამრევლოში, წინასოფლის წმინდა გიორგის, ნარის წმინდა გიორგის, ჯავის ღვთისმშობლის, ხაჩირაანთკარის წმინდა გიორგის, ანანურის ეკლესიაში, ბარისახოში, ლიხნიში და სხვა.[5]

XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, ჩრდილოეთკავკასიის საბოლოო შემოერთების შემდეგ, დადგა ოსეთის სასულიერო კომისიის რეორგანიზაციის საკითხი. 1860 წლის 9 ივნისს იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებით გაუქმდა ოსეთის სასულიერო კომისია და მის ნაცვლად დაარსდა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება.

1860 წლის მონაცემებით, ოსეთის სასულიერო კომისიის საქმიანობის შედეგად აშენდა 87 ეკლესია, 6 დაწყებითი სკოლა და 4 კლასის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თოგოშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 593.
  • თოგოშვილი გ., საქართველო-ოსეთის ურთიერთობა XV-XVII საუკუნეები, თბ., 1969;
  • ხანთაძე შ., ქართველი მოღვაწეები ჩრდილო კავკასიაში XVIII საუკუნეში, „ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, 1957, ტ. 19A და 20B;
  • «История Грузинской иерархии, с присовокуплением обращения в христианство Осетии и других горских народов, по 1-е января 1825 года», Москва, 1853

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს ეროვნული არქივი Ф. 491. Д. 697. Л. 3
  2. საქართველოს ეროვნული არქივი Ф. 492. Оп. 1. Д. 189
  3. საქართველოს ეროვნული არქივი Ф. 492. Оп. 1. Д. 57
  4. საქართველოს ეროვნული არქივი Ф. 492. Оп. 1. Д. 57
  5. საქართველოს ეროვნული არქივი Ф. 492. Оп. 1. Д. 512