ბაქარი ბატონიშვილი
ბაქარი (დ. 7 აპრილი, 1699 ან 1700 — გ. 1 თებერვალი, 1750, მოსკოვი) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. ვახტანგ VI-ის ძე. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი.
ბაქარი | |
---|---|
ბაქარ ვახტანგის ძე | |
ქართლის ჯანიშინი | |
მმართ. დასაწყისი: | 1716 |
მმართ. დასასრული: | 1719 |
წინამორბედი: | ქაიხოსრო |
მემკვიდრე: | იესე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 7 აპრილი, 1699 |
გარდ. თარიღი: | 1 თებერვალი, 1750 |
გარდ. ადგილი: | მოსკოვი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ვახტანგ VI |
დედა: | რუსუდანი[1] |
ხელმოწერა: | |
ვინაითგან ჰგონებდა მეფე ვახტანგ წარსვლასა ხორასანს, ამისთვის ჰკადრა ყეენსა, რათა მისცეს მეფობა ქართლისა ძესა თვისსა ბაქარს, უსმინა და მოსცა და მიაქციეს რჯულსა მათსა მხოლოდ სიტყვითა და არა საქმითაცა.[2]
ქართლის ფაქტობრივი მეფე (შაჰნავაზ III-ის სახელით) 1716–1719, ვახტანგ VI-ის ირანში ყოფნის დროს. 1724 მამასთან ერთად რუსეთში გადასახლდა. რუსეთში ისინი ატარებდნენ გრუზინკსის გვარს. 1729 წლის 30 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტის ჩინით დაინიშნა მოსკოვის ოლქში საარტილერიო კანტორის უფროსად. გახდა წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერი. ბაქარი მონაწილეობდა მოსკოვის ქართული სტამბის აღდგენაში. 1743 მისი თაოსნობით დაიბეჭდა ბიბლია, რომელიც ცნობილია ბაქარის ბიბლიის სახელით. ურთიერთობა ჰქონდა რუს მეცნიერებთან (ვ. ტატიშჩევი, ჟ. დე-ლილი), აწვდიდა მათ ცნობებს საქართველოს წარსულზე. ასრულებდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ დავალებებს.
სიკვდილის წინ მან ფიცი დაადებინა შვილს, ალექსანდრეს, რომ ქართლის მეფის ტახტს დაიკავებდა.[3] დაკრძალულია მოსკოვის ქართველთა ნეკროპოლში — დონის მონასტერში.
ოჯახი
რედაქტირებაბაქარს ცოლად ჰყავდა გიორგი არაგვის ერისთავის ასული ანა (1706–1780), რომლისგანაც ეყოლა 5 შვილი:
- ალექსანდრე გრუზინსკი (1726–1791)
- ლევან გრუზინსკი (1739–1763)
- მარიამ გრუზინსკი (გარდაიცვალა 1807)
- ელისაბედ გრუზინსკი (გარდაიცვალა 1768), დაქორწინდა ნიკოლოზ ოდოიევსკზე.
- სახელი უცნობია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 235.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ პაიჭაძე გ., „ვახტანგ VI“ — თბილისი, 1981 წ.
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ წგნ: „ქართლის ცხოვრება“. ტ. IV, გვ. 496 — თბილისი, 1973.
- ↑ ჯავახიშვილი ნ. 1765 წლის შეთქმულების მონაწილეთა იდენტიფიკაციისთვის“ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები ტ VII გვ. 161-164 — თბილისი, 2013