იოსებ ივანეს ძე რატილი (ჩეხ. Ratili; ნამდვილი გვარი ნავრატილი ჩეხ. Josef Navrátil; დ. 27 თებერვალი, 1840, პარდუბიცე — გ. 17 თებერვალი, 1912, თბილისი) — ჩეხი მომღერალი (ტენორი), ლოტბარი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მუსიკალური განათლება მიიღო პრაღის კონსერვატორიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მღეროდა პრაღისა და სხვა ოპერის თეატრებში. 1878 წლიდან გამოდიოდა ჰელსინკის ოპერის თეატრში. გასტროლები გამართა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქში.

რატილი საქართველოში

რედაქტირება

1879 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. 1880 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. აქ დაუახლოვდა ქართველ მუსიკოსებს ანდრია ბენაშვილს, ანდრია ბალანჩივაძეს, ია კარგარეთელს, კ. მაღრაძეს, ხ. სავანელს, ფილიმონ ქორიძეს, ზაქარია ჩხიკვაძეს. გაეცნო ქართული მუსიკის ფოლკლორს, მოიხიბლა თვითმყოფი, მდიდარი, მრავალხმიანი სიმღერებით.

ქართული ფოლკლორით მოხიბლული რატილი ჩაერთო ქართული საგალობლების ნოტებზე გადატანის საქმეში. მან პირველმა ჩაწერა და დაამუშავა 30-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, რითაც გადაარჩინა დაღუპვას. მათ შორის იყო: „დიამბეგო“, „ალილო“, "კახური სუფრული", "გურული ოდელია" "ცანგალა და გოგონა" და სხვ.

1885 წელს სათავეში ჩაუდგა ლადო აღნიაშვილის მიერ შექმნლ ხალხური სიმღერის გუნდს „ქართული ხორო“. 1886 წლის 15 ნოემბერს ანსამბლმა ქართული თეატრის სცენაზე პირველი კონცერტი გამართა. კონცერტს ილია ჭავჭავაძეც ესწრებოდა, რომელმაც „ქართულ ხოროს“ გაზეთ „ივერიაში“ ვრცელი რეცენზია მიუძღვნა. ანსამბლის წევრებს შორის იყვნენ ძმები ივანე და ზაქარია ფალიაშვილებიც. დიმიტრი არაყიშვილმა კი კომპოზიტორობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რატილის ანსამბლის შესრულებით ქართული სიმღერები მოისმინა. რატილის „ქართული ხოროს“ მემკვიდრეა დღეს მოქმედი ანსამბლი „ერისიონი“. 1888 წელს რატილმა გუნდის ხელმძღვანელობა გადასცა მელიტონ ბალანჩივაძეს.

იყო საქართველოს მუსიკალური საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე. იოსებ რატილი გარდაიცვალა 1912 წლის 17 თებერვალს. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე, კათოლიკეთა უბანში. ერის სახელით მირთმეულ გვირგვინზე ეწერა: „ქართველი ერის პატიოსან და მოჭირნახულე მეგობრის იოსებ ივანეს ძე რატილის ხსოვნას“. მისი შთამომავლობა ამჟამად ცხოვრობს თბილისში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 308.
  • ლეკიშვილი ს., ი. რატილი საქართველოში, თბ. 1961

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება