იოზეფ მანესი (ჩეხ. Josef Mánes; დ. 12 მაისი, 1820, სტარე მესტო[1] – გ. 9 დეკემბერი, 1871, ნოვე მესტო.[2]) — ჩეხი მხატვარი, ილუსტრატორი, გრაფიკოსი და ჩეხური რომანტიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. მისი მხატვარი მამა (ანტონინ მანესი, 1784-1843) და ბიძა (ვაცლავ მანესი; 1793-1858) წვრთნიდნენ მას და მის და-ძმას (გვიდო და ამალია) ფერწერაში. იგი ითვლება ჩეხური მხატვრობისა და პეიზაჟის მხატვრობის ოსტატად, რომანტიზმისა და რეალიზმის პერიოდში.

იოზეფ მანესი
დაიბადა 12 მაისი, 1820
დაბადების ადგილი სტარე მესტო
გარდაიცვალა 9 დეკემბერი, 1871 (51 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნოვე მესტო

ბიოგრაფია რედაქტირება

Ახალგაზრდობა რედაქტირება

მისი მამა იყო ცნობილი მხატვარი ანტონინ მანესი, პეიზაჟის მხატვრობის პროფესორი პრაღის ხელოვნების აკადემიაში, რომელთანაც სამხატვრო ნიჭით დაჯილდოვებუი და-ძმები: იოზეფი, გვიდო და ამალია ატარებდნენ სასწავლო მოგზაურობას ბუნებაში, მაგალითად, ტიპში ან კრკონოშეს მთებში. მისი ბიძა ვაცლავ მანესი ამავე სკოლაში ასწავლიდა ფიგურების ხატვას და ასევე ორჯერ იყო დროებით დირექტორის თანამდებობაზე. თხუთმეტი წლის ასაკიდან იოზეფი სწავლობდა პრაღის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ ფრანტიშეკ ტკადლიკის ხელმძღვანელობით. 1844 წელს, უკმაყოფილო თაბაშირის მოდელებზე დაფუძნებული სწავლების აკადემიური ბუნებით, იგი გაემგზავრა სასწავლებლად მიუნხენის აკადემიაში, სადაც დარჩა სამი წელი სახლიდან მატერიალური დახმარების გარეშე. მოგვიანებით მან ასევე ჩაატარა რამდენიმე სასწავლო მოგზაურობა, მათ შორის დრეზდენში, პოლონეთსა და სილეზიაში. მისი პირადი ცხოვრება გარკვეულწილად გართულდა, როდესაც ის უკვე ისევ პრაღაში ცხოვრობდა. ოცდაშვიდი წლის ასაკში მას ურთიერთობა ჰქონდა მოახლე ფრანტიშკა შოვიჩკოვასთან, 1850 წელს ფრანტიშკა დაორსულდა, მაგრამ ოჯახის ძლიერი ზეწოლის გამო იოზეფს ფრანტიშკაზე უარის თქმა მოუწია. იმ დროს ამალია უკვე უძღვებოდა მანესების ოჯახს, იგი მხარს უჭერდა თავის ძმებს. მან გაათავისუფლა ორსული ფრანტიშკა სამსახურიდან. შემდეგში დამოუკიდებლად გაზარდა ქალიშვილი ჟოზეფინა, რომელიც 1850 წელს დაიბადა.

მორავიაში რედაქტირება

1854 წელს, მისი მეგობრის, გრაფ ბედრიჩ სილვა-ტარუკას მიწვევით, იოზეფ მანესი გაემგზავრა მის მამულში, სადაც თავშესაფარი მიიღო. მომდევნო ოცი წლის განმავლობაში მან შექმნა სილვა ტარუკას საოჯახო პორტრეტების სერია, ასევე ნეო-როკოკოს ჟანრის სურათები. ბოჰემიაში მისი ფსიქიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდა, დაინტერესდა მორავიული კოსტიუმებით. სილვა ტარუკამ მას ასევე ურჩია დარჩენა ბილოვიცეს ციხესიმაგრეში, რომლის მფლობელი იყო გრაფი ჰუგო იაკობ იოზეფ ლოგოტეტი. გრაფმა ჰიუგომ სთხოვა დაეხატა თავისი საყვარელი ვერუნა. მან დახატა ვერუნა ჩუდოვა სლოვაკურ კოსტუმში.

ავადმყოფობა რედაქტირება

1866 წლიდან მას გამოუვლინდა ფსიქიკური დაავადების სიმპტომები, რომლებიც, მართალია ძალიან ნელა პროგრესირებდა, მაგრამ მკურნალობის გარეშე დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. მომდევნო პერიოდში მან წონაში დაიკლო, უჭირდა ლაპარაკი, გახდა დეპრესიული და მისი ქცევა ზოგჯერ ძალიან უცნაური და დაბნეული იყო. მის აზროვნებაში თანდათან გაჩნდა ლუპინის ვარდის უცნაური გატაცება. იმდროინდელმა ხელოვნების მფარველმა, მრეწვეელმა ვოიტეხ ლანა უმცროსმა, მას ფული მისცა სასწავლო მოგზაურობისთვის რომში, სადაც ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ მან არ იცოდა იტალიური და არ იცნობდა ქალაქს, სადაც ის გაძარცვეს სასტუმროში. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამიტომ, ამალია სასწრაფოდ ჩავიდა ძმასთან. რომში მან იპოვა იგი ცნობილი ტრევის შადრევნების კიბეებზე, დამცინავი ხალხის ჯგუფში. ამბობენ, რომ ღამით მან ანთებული სანთლით შემოუარა ძველი ქალაქის საათს. სიცოცხლის ბოლოს მანესი უფრო და უფრო ღრმა ლეტარგიაში ჩავარდა. ითვლება, რომ დაავადება, რომელიც მას აწუხებდა, იყო პროგრესირებადი დამბლა, ანუ სიფილისის მოწინავე ფორმა, რომელიც უტევს თავის ტვინს, ან ტუბერკულოზი. სამედიცინო დასკვნა მისი გარდაცვალების შესახებ გაურკვეველ დიაგნოზს სვამს, ცერებრალური დამბლა. ის რამდენიმეწლიანი ტანჯვის შემდეგ ორმოცდათერთმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალვას მისი უკანონო ქალიშვილი ჟოზეფინაც ესწრებოდა.

ნამუშევრები რედაქტირება

მანესის ნამუშევრები დაფუძნებულია რომანტიზმზე იგი შთაგონებულია მიუნხენის პორტრეტების მხატვრობის შესწავლით, პრაღის ძველი ქალაქის მშობლიური გარემოთი და ჰანაზე სოფლის ხალხის ცხოვრებით, რაც მისთვის სიწმინდისა და კაცობრიობის იდეალს წარმოადგენდა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები მოიცავს პრაღის მაცხოვრებლების პორტრეტების სერიას, ნეოროკოკოს ჟანრის სცენებს დიდგვაროვან მფარველებთან ყოფნიდან ბოჰემიაში სილვა-ტარუსის ოჯახის ციხესიმაგრეში კოსირემ ნა ჰანეს ქვეშ და პეიზაჟის მხატვრობა.

1859 წელს ფრიდრიხ შილერის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად ჟოფინის დეკორაციისთვის მან შექმნა დიდი ტონდო ალეგორიებით: პოეზია და ისტორია (დაკარგული), ლირიკული პოეზია (დიამეტრი 161,5 სმ, რომლებიც ეროვნული გალერეის კოლექციაშია), რომელშიც მან პირველად გამოიყენა ნეიტრალური ოქროს ფონი.[3] მოგვიანებით მან იგივე ფონი გამოიყენა კალენდარული ფირფიტისთვის 1865 წლიდან ძველი ქალაქის საათზე (ასლი, ორიგინალი გამოფენილია პრაღის მუზეუმში), რომელიც ასახავს წლის 12 თვის ალეგორიას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საგნებში. მან ასევე დააპროექტა სოკოლის გიმნაზიის ბანერის ძელი და რამდენიმე ბანერი.[4] ეროვნული აღორძინების მწვერვალზე მან დააპროექტა კარლინის ეკლესიის შესასვლელი კარის რელიეფები, რომლებიც ასახეს ლუდვიკ შიმეკმა და კარელ დვორჟაკმა.[5]

მთელი შემოქმედებითი პერიოდი ხატავდა პორტრეტებს. მისი მეგობრებისა და პიროვნებების პორტრეტები პრაღის კულტურული და სოციალური გარემოდან გამოირჩევიან ფსიქოლოგიური სიღრმით, განცდებითა და ფერთა დახვეწილობით. განსაკუთრებით ქალთა პორტრეტები, მათი ძლიერი ემოციური ჩართულობით, აღემატება უბრალო შეკვეთილი სამუშაოს მნიშვნელობას.[6] ასეთია, მაგალითად, „ლუიზა ბელსკის პორტრეტი“, რომელიც გამოხატავს მხატვრის აღტაცებას და გრძნობას მშვენიერი ქალის მიმართ.[7] მანესის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „ჟოზეფინა“ (1855) — გოგონას პორტრეტი მოშიშვლებული მკერდით, რომელიც მანესის სიკვდილამდე არ გასულა მისი სტუდიიდან. ნახატი, რომელსაც გაზეთებში „ჩეხურ ჯოკონდას“ უწოდებდნენ.

 
იოზეფ მანესი, მკერავი - კოსარკის პატარძალი

თავის ილუსტრაციებში მან შექმნა ძველი სლავების დამაჯერებელი გამოსახულებები, მათი ტანსაცმლის შთაგონება შუა საუკუნეების ძეგლებიდან და ხალხური კოსტუმების რომაული და სტილიზებული და არქაიზებული ელემენტების შერწყმით მოხდა.

მემკვიდრეობა რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

ხსოვნა რედაქტირება

  • იოზეფ მანესის სახელობისაა ჩეხი მხატვრების ასოციაცია (ჩეხ. Spolek výtvarných umělců Mánes), მის სახელს ატარებს ასევე ხიდი მდინარე ვლტავაზე პრაღაში, რომლის ერთ მხარეს დგას მხატვრის ძეგლი (ავტორი ბოჰუმილ კაფკა). მანესის სურათების მოტივებზე ჩეხოსლოვაკიაში გამოიცა საფოსტო მარკები.
  • 1946 წლის ბრინჯაოს ქანდაკება დგას ყოფილი ლიხტენშტეინის სემინარიის ეზოში, კრომეჟიჟში. ავტორი კარელ ოტაჰალი
  • გაკეთდა მემორიალური დაფა სახლზე პრაღაში
  • მანესის გარდაცვალების 100 წლისთავზე გამოვიდა სამახსოვრო მედალი (1971)

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Matriční záznam o narození a křtu farnost při kostele sv. Haštala na Starém Městě pražském
  2. Matriční záznam o úmrtí a pohřbu
  3. Leubnerová Š, 2016, s. 219
  4. Leubnerová Š, 2016, s. 220-221
  5. Leubnerová Š, 2016, s. 223
  6. Leubnerová Š, 2016, s. 205
  7. Leubnerová Š, 2016, s. 211