ტრევის შადრევანი
ტრევის შადრევანი (იტალ. Fontana di Trevi) — რომის უდიდესი შადრევანი, 25,9 მეტრი სიმაღლითა და 19,8 მეტრი სიგრძით.
ბაროკოს სტილის ეს შადრევანი 1732-1762 წლებში ააგო არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ.
სასახლის მთელი ფასადი და შადრევანი მიღებულია, როგორც ერთი მთლიანობა, ამიტომაა, რომ შადრევანი გრანდიოზულად გვეჩვენება. სასახლის ცენტრალური ნიშიდან ამოდის ზღვის ნიჟარაზე მჯდომი ოკეანე, რომელსაც ექაჩებიან ტრიტონები და ჰიპოკამპუსები. მარჯვენა ბარელიეფზე ახალგაზრდა გოგონა რომაელ ჯარისკაცებს მიუთითებს წყაროზე. აღნიშნულ წყაროზე მოათავსეს აკვედუკი, რომლის მეშვეობითაც რომს წყალი მიეწოდებოდა. აკვედუკმაც და წყარომაც მიიღეს სახელწოდება Acqua Vergine (Acqua — წყალი, Vergine — ქალწული).
არსებობს ლეგენდა, რომ თუ შადრევანში ჩააგდებ ერთ მონეტას აუცილებლად დაბრუნდები რომში, ორი მონეტა — სასიყვარულო შეხვედრაა, სამი — ქორწილი, ოთხი — სიმდიდრე, ხუთი კი — განშორება. ყოველი წლის ბოლოს შადრევნიდან, დაახლოებით, 700 000 ევროს იღებენ.
შადრევნის მარცხენა ნაწილში მდებარეობს „მიჯნურთა მილები“. ლეგენდის მიხედვით, წყვილები, რომლებიც ამ მილებიდან დალევენ წყალს, სამუდამოდ ერთად იქნებიან.
ტრევის შადრევანს ბევრ ცნობილ ფილმში წავაწყდებით. მაგ: „რომაული არდადეგები“, „ტკბილი ცხოვრება“, სადაც შადრევანი მესამე მთავარ გმირად გვევლინება ანიტა ეკბერგთან და მარჩელო მასტროიანისთან ერთად და ა.შ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Aerial view of Trevi Fountain.. Google Maps. ციტირების თარიღი: 6 August 2007.The fountain is the blue rounded rectangle in the centre of the photo, just west of the Quirinal Palace.
- Roman Bookshelf – Trevi Fountain – Views from the 18th and 19th centuries დაარქივებული 2019-12-02 საიტზე Wayback Machine.
- Trevi Fountain Virtual 360° panorama and photo gallery.
- Engraving of the fountain's more modest predecessor.