იოვანე ქვენიფნეველი

იოვანე ქვენიფნეველიცხრაზმის (ცხრაზმისხევის) ერისთავი 1373 წლიდან 1390-იან წლებამდე, ქვენიფნეველთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ერისთავ ვირშელ II ქვენიფნეველისა და გვანცას შუათანა ვაჟი.

ცნობილია ერისთავთა საგვარეულო მატიანიდან — „ძეგლი ერისთავთა“. იოვანე სამეფო კართან დაახლოებული ყოფილა — „მარადის იყო წინაშე მეფისა“. თავის უფროს ძმასთან — ერისთავ ქვენიფნეველთან ერთად მონაწილეობდა 1373 წელს თურქებთან ბრძოლაში. ამ ომში ქვენიფნეველი „მეფე“ გიორგისთან (გიორგი ალასტანელი) ერთად მოკლეს, იოვანემ კი ბრძოლით დააღწია თავი და ცხრაძმისხევს დაბრუნებული ერისთავად დაჯდა. აღადგინა წყალდიდობით დაზიანებული ლარგვისის მონასტერი. მისი ერისთავობის ხანაში განუახლებიათ ასევე იკორთის მთავარანგელოზის ტაძარი და მეორედ აუშენებიათ ყანჩავეთის ღვთისმშობლის ტაძარი. წინამორბედის მსგავსად, იოვანეც გამუდმებით ებრძოდა დვალებსა და არაგვის ხეობის მთიელებს. ნიკოლოზ კატარაწისძის მიერ გადაწერილი ლარგვისის სახარების მინაწერებში იოვანე ამირეჯიბად იხსენიება.

ერისთავთა მატიანის მიხედვით, იოვანეს პირველი ცოლისგან (სახელი უცნობია) ჰყოლია ვაჟი — ვირშელი და ქალიშვილი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იოვანე დაქორწინდა მეფე დავით IX ასულ გულშარზე, რომელთანაც ჰყავდა ორი ასული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ძეგლი ერისთავთა“, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965. — გვ. 110-112.
  • არახამია გ., ძველი ქართული საგვარეულო მატიანეები, თბ., 1988. — გვ. 94-95.
  • ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი (ხელმძღვ. თ. აბულაძე), თბ., 2017. — გვ. 110, 177.