ვირშელ II ქვენიფნეველი

ვირშელ II ქვენიფნეველიცხრაზმის (ცხრაზმისხევის) ერისთავი XIV საუკუნის I ნახევარში, ქვენიფნეველთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ერისთავ ლარგველის ძე.

ცნობილია ერისთავთა საგვარეულო მატიანიდან — „ძეგლი ერისთავთა“. 1320-იან წლებში გიორგი V ბრწყინვალესთან ერთად ებრძოდა „ოვსთა, გორს მყოფთა“. გორის გათავისუფლების შემდეგ უთანხმოება მოხდა ქსნის ხეველებსა და არაგვის მთიულებს შორის. უფლისწულ დავით გიორგის ძის წინააღმდეგობის მიუხედავად შეტაკება მაინც მოხდა. არაგვისხეველები დამარცხდნენ.

ვირშელის დროს ქვენიფნევში ერისთავის ხარჯზე საზრდოობდა „უძლურთა და დავრდომილთა“ 55 სახლი. მასვე დიდი შესაწირი გაუღია ლომისის სასარგებლოდ. ვირშელის ერისთავობაში გიორგი მეფემ მისი ბიძა (შალვა ცხრაზმისხევის ერისთავის ძე) პიპაჲ ძღვენით გაგზავნა ეგვიპტის სულთანთან ქრისტიანული სიწმინდეების („კლიტენი იერუსალემისანი“) გამოხსნის მიზნით. ვირშელის გარდაცვალებიდან სამ დღეში გარდაცვლილა მისი მეუღლე გვანცა. დარჩათ სამი ვაჟი: ქუენიფნეველი, იოვანე და გიორგი, რომელთა მცირეწლოვნების ჟამს საერისთავოს ვირშელის ძმა — წითლოსანი განაგებდა („წინამძღვრობდა“).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ძეგლი ერისთავთა“, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965. — გვ. 107-109.
  • არახამია გ., ძველი ქართული საგვარეულო მატიანეები, თბ., 1988. — გვ. 93-95.
  • ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003. — გვ. 201.
  • ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი (ხელმძღვ. თ. აბულაძე), თბ., 2017. — გვ. 177.
  • ზალდასტანიშვილი მ., ვირშელი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 277.