ქვენიფნეველ I ქვენიფნეველი
ქვენიფნეველ I ქვენიფნეველი (გ. 1373) — ცხრაზმის (ცხრაზმისხევის) ერისთავი XIV საუკუნის II ნახევარში, ქვენიფნეველთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ერისთავ ვირშელ II ქვენიფნეველისა და გვანცას უფროსი ვაჟი.
ცნობილია ერისთავთა საგვარეულო მატიანიდან — „ძეგლი ერისთავთა“. მამის გარდაცვალების შემდეგ (1320-იანი წლები), ქვენიფნეველის მცირეწლოვნების ჟამს, საერისთავოს ერთხანს ვირშელის ძმა — წითლოსანი განაგებდა („წინამძღვრობდა“). ქვენიფნეველს ქვენიფნევში აუგია ეკლესია და სასახლე, ლარგვისში — გალავანი და სამრეკლო. თავის უმცროს ძმასთან — გიორგისთან ერთად ებრძოდა ცხავატელებსა და დვალებს. ერისთავთა მატიანის მიხედვით, ქვენიფნეველი მეფე გიორგისთან ერთად ბრძოლაში მოუკლავთ თურქებს. ძეგლის ქრონიკალური მინაწერით ეს 1373 წელს მომხდარა. აქ უნდა იგულისხმებოდეს გიორგი ალასტანელი, რომელიც მცირეაზიელ თურქებთან ბრძოლაში 1373 წელს დაიღუპა. ქვენიფნეველი უნდა იყოს იგივე „ამილახორი ქუნიფნეველი“, რომელიც ცნობილია იერუსალიმის აღაპებიდან. ქვენიფნეველის სიკვდილის შემდეგ ერისთავად მისი უმცროსი ძმა იოვანე დაჯდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ძეგლი ერისთავთა“, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965. — გვ. 109-110.
- მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის XI-XVII სს., თბ., 1962. — გვ. 175, №291.
- არახამია გ., ძველი ქართული საგვარეულო მატიანეები, თბ., 1988. — გვ. 87-91.
- ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი (ხელმძღვ. თ. აბულაძე), თბ., 2017. — გვ. 177.