ვირშელ III ქვენიფნეველი

ვირშელ III ქვენიფნეველი (დ. 1376 — გ. დაახლ. 1420) — ცხრაზმის (ცხრაზმისხევის) ერისთავი XIV საუკუნის 90-იანი წლებიდან XV საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისამდე, ქვენიფნეველთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ერისთავ იოანეს ძე.

ერისთავთა საგვარეულო მატიანის — „ძეგლი ერისთავთას“ ერთ-ერთი ქრონიკალური მინაწერით ვირშელი დაბადებულა 1376 წელს. ამავე ძეგლის მიხედვით, მამის ერისთავობის დროს ახალგაზრდა ვირშელმა წარმატებით გაილაშქრა დვალების წინააღმდეგ. ვირშელი ერისთავთერისთავად ჩანს მცხეთის 1398 წლის გუჯარში (დაწერილი ამირათ-ამირა ლომი სუნღულისძისა სვეტიცხოვლისადმი), რომელსაც ის ერისთავ შაბურის ძე მიქაისთან და სხვებთან ერთად ამოწმებს. ერისთავთა მატიანის გადმოცემით, ვირშელმა ერისთავობის პირველსავე წელს ააშენა წმინდა ნიკოლოზის ქვითკირის ეკლესია. შემოიმტკიცა მნაველები, თრუსოსხეველები, მოხევეები, ხადელ-ცხავატელნი.

თემურლენგის 1400 წლის შემოსევის დროს, მეფე გიორგი VII-ის ლიხთ-იმერეთს გადასვლის შემდეგ, ვირშელი დედაწულით ბეხუშის ციხეში შეიხიზნა. თემურლენგს ვინმე ბურდიასშვილი ვირშელი გამოუძღვა და მტრის ლაშქარმა „შემუსრა ყოველი ციხენი და დააქცივნა ყოველნი საყდარნი, მონასტერნი და ეკლესიანი“. მაშინ ვირშელმა ხიზნები ქნოღოს ციხეში გადაიყვანა, თვითონ ბუხუშის ციხესთან შეება მტერს და ხეობის ვიწროებში დაამარცხა იგი. მტრის შემოსევით ისარგებლეს დვალებმა და ვირშელს განუდგნენ. ლიხთ-იმერეთიდან გადმოსულმა გიორგი მეფემ და ერისთავმა ამის გამო დვალებზე გაილაშქრეს, დაამარცხეს და ხელთ იგდეს დიდი ალაფი. ამ ამბების თხრობით წყდება „ძეგლი ერისთავთას“ ხელნაწერის ტექსტიც. ყანჩაეთის სვინაქსარის ერთ-ერთ აღაპის მიხედვით, 1422 წელს ერისთავად უკვე ვირშელის ძე ქვენიფნეველი ჩანს, რაც მიუთითებს, რომ ამ დროისთვის ვირშელი უკვე გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ძეგლი ერისთავთა“, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965. — გვ. 114-117.
  • არახამია გ., ძველი ქართული საგვარეულო მატიანეები, თბ., 1988. — გვ. 35, 95.
  • ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003. — გვ. 201.
  • ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი (ხელმძღვ. თ. აბულაძე), თბ., 2017. — გვ. 177.
  • ზალდასტანიშვილი მ., ვირშელი იოანეს ძე // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 277.