ინგილოები
ინგილოები — ქართული ეთნოსის ეთნოგრაფიული/ტერიტორიულ-ლოკალური ჯგუფი. ცხოვრობენ კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით თანამედროვე აზერბაიჯანის ზაქათალის, კახისა და ბელაქნის რაიონებში. „ინგილო“ ეწოდა ამ ქვეყნის მკვიდრ უძველეს ქართულ მოსახლეობას. ამ მხარის ადგილობრივ მცხოვრებ გამაჰმადიანებულ ქართველებს „ახლად მორჯულებულები“ (ძველი თურქულით „იანგოლი“) უწოდეს, საიდანაც წარმოდგა „ინგილო“ და ამ მხარის სახელწოდება „საინგილო“. 1897 წლის აღწერით ზაქათალის მაზრაში ქართული ენა მშობლიურ ენად 12 394 ადამიანმა აღიარა. გამოიყოფა ინგილოების ორი ჯგუფი – ქრისტიანი და მაჰმადიანი. საბჭოთა პერიოდში და ახლაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ქართველებად მხოლოდ ქრისტიან ინგილოებს მიიჩნევს. ისინი ქართულსუფიქსიან გვარებსაც ატარებენ. აღწერებში ქართველები (ინგილოები) თითქმის ერთი და იმავე რაოდენობით იყვნენ დაფიქსირებული (14 ათასი). მაჰმადიანი ინგილოები აზერბაიჯანელებად არიან ჩაწერილი და გვარებიც აზერბაიჯანულის ანალოგიური აქვთ – მამის სახელზე რუსული -ევ (-ოვ) სუფიქსის დართვით. მაჰმადიანი ინგილოების არაერთი ცდა, დაებრუნებინათ ქართული გვარები და ეროვნება, წარუმატებელი აღმოჩნდა.
ინგილოები | |
---|---|
ინგილო ქალები | |
საერთო მოსახლეობა | |
14 ათასი | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | ქართული ენა, აზერბაიჯანული ენა |
რელიგიები | ქრისტიანობა, ისლამი |
აღმოსავლეთ კახეთში, ანუ საინგილოში ქართველები ეთნიკურ უმცირესობად იქცნენ XVII საუკუნეში, როდესაც შაჰ-აბასის მიერ ირანში გადასახლებული ქართველების ნასახლარებზე დაღესტნელი ხუნძები და წახურები ჩამოსახლდნენ. XVIII–XIX საუკუნეებში ინგილოთა მნიშვნელოვანი რაოდენობა გალეკდა, რადგან აღმოსავლეთ კახელი გლეხები „უბატონო თემების“ მხარეზე გადადიოდნენ და მათ შორის სახლდებოდნენ. საბჭოთა პერიოდში საინგილოში მცხოვრები ქართველების ძალადობრივი ასიმილაცია მიმდინარეობდა. როგორც ქრისტიანი, ისე მაჰმადიანი ინგილოები ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე საუბრობენ. შევიწროვების გამო კახის რაიონის სოფელ ყორაღანიდან ქრისტიანი ინგილოები 1930 წელს, კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში გადმოსახლდნენ. უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საინგილოში მცხოვრები ქართველები თავის თავს „ინგილოს“ აღარ უწოდებენ. მათ დაიმკვიდრეს სახელწოდება „ჰერი/ჰერელი“, რადგან ეს მხარე XV საუკუნემდე „ჰერეთის“ სახელს ატარებდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- თოფჩიშვილი რ., ინგილოები // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 268.