ილიუხინის სახელობის უფსკრული
ილიუხინის სახელობის უფსკრული — კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არაბიკის კირქვულ მასივზე, მდინარე ჟოეკვარის ტროგული ხეობის ზემო წელში.[1] მორფომეტრიული მონაცემებით შედის საქართველოს 1000 მ-ზე ღრმა კარსტული უფსკრულების პირველ ათეულში.[2]
ილიუხინის სახელობის უფსკრული | |
---|---|
კოორდინატები: 43°25′53″ ჩ. გ. 40°21′10″ ა. გ. / 43.431528° ჩ. გ. 40.352861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გაგრის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 2350–2369 მ |
სიგრძე | 8953 მ |
სიღრმე | 1286 მ |
მოცულობა | 0,034 მლნ. მ³ |
აღმოჩენის წელი | 1980 |
მღვიმის ზედა ნაწილი გამომუშავებულია ზედაიურულ კირქვებში. სიგრძე 8953 მ, საპროექტო სიგრძე 5890 მ, სიღრმე 1286 მ, საერთო მოცულობა 34000 მ³. უფსკრული ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებული ორი ჩასასვლელით („პეროვსკაია“ და „ვოლჩია“) იწყება, 220 მ სიღრმეზე ოთხად იტოტება, შემდეგ სამი მათგანი ნაზვავით იხშობა, ხოლო ძირითადი მაგისტრალი 1240 მ-ზე სიფონური ტბით მთავრდება.[1] უფსკრულის შორეულ ნაწილში არის დარბაზი, რომლის სიგრძეა 250 მ, სიგანე 80 მ, სიმაღლე 270 მ. ცალკეულ დარბაზში ჭარბადაა მძლავრი კალციტოვანი ქერქის ნამტვრევები. „პეროვსკაიას“ შესასვლელის სიმაღლეა ზღვის დონიდან 2369 მ, ხოლო „ვოლჩიას“ შესასვლელის სიმაღლე დაახლოებით 2350 მ.[3]
აქვს ნივალურ-წვიმის ინფილტრაციული კვება; სიღრმესთან ერთად მატულობს კონდენსაციური წყლების სიდიდეც. პირველი მუდმივი ნაკადი ჩნდება 180 მ-ის სიღრმეზე, რომელიც 287 მ-ზე გაუვალ ნაპრალში იკარგება. მეორე ნაკადი ზედაპირიდან 300 მ-ისა და 540 მ-ის სიღრმეზე გამოდის, იერთებს რამდენიმე წვრილ შენაკადს, იკარგება ნაპრალში და ხელახლა ჩნდება 590 მ-ზე. 720 მ-ზე იგი ერთვის შედარებით დიდ ნაკადს. შემდგომ ნაკადი იერთებს 3 შენაკადს. 800 მ-ზე ნაკადს ერთვის ახალი შენაკადი. 975 მ-ზე ნაკადი გადის ნახევარსიფონში, ხოლო 980 მ-ზე ფართო სიფონში. შემდეგ მიემართება უფსკრულის გაურკვეველ ნაწილში და 1230 მ-ზე კვლავ ჩნდება სიღრუის ცნობილ ნაწილში ვიწრო ნაპრალიდან. 860 და 735 მ-ზე გვხვდება ტბები. უფსკრულში უხვადაა სიფონური მონაკვეთები, რომელთაგან ზოგიერთი შეუსწავლელია.[3]
უფსკრულში ჰაერის ტემპერატურა სიღრმესთან ერთად იცვლება 0–1 °C-დან (ზედაპირთან) 3–4 °C-მდე (ფსკერულ ნაწილში). წყლის ტემპერატურა გრიფონში 720 მ სიღრმეზე 2 °C-ია, წყლის ტემპერატურა 1240 სიღრმეზე 3,6 °C.[3]
უფსკრულში ჭარბობს ჩამონაზვავ-გრავიტაციული დანალექები. გვხვდება აგრეთვე სეისმო-გრავიტაციული დანალექებიც. 1984 წლის ექსპერიმენტით დადასტურდა უფსკრულში გამდინარე ნაკადის კავშირი კარსტულ მდინარე რეპრუასთან.[2]
„პეროვსკაიას“ ჩასასვლელი მიკვლეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სპელეოლოგიური საბჭოს (ხელმძღვანელი თამაზ კიკნაძე) და მოსკოვის საქალაქო სპელეოსექციის (ხელმძღვანელი ვლადიმერ ილიუხინი) გაერთიანებული ექსპედიციის მიერ 1980 წელს.[2] 1982 წელს აღმოაჩინეს მეორე შესასვლელი — „ვოლჩია“, ხოლო ვლადიმერ ილიუხინის (1934–1982) ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, მთელ სისტემას ილიუხინის სახელობის უფსკრული ეწოდა.[3]