თამაზ კიკნაძე

ქართველი გეოლოგი და სპელეოლოგი

თამაზ ზაქარიას ძე კიკნაძე (დ. 1 იანვარი, 1936, თბილისი, — გ. 27 აგვისტო, 1991, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, სპელეოლოგი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.[1] საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. კარსტოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა ჩეხოსლოვაკიის სპელეოლოგთა საზოგადოების ოქროს მედლით (1987).[2]

თამაზ კიკნაძე
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1936(1936-01-01)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 1991(1991-08-27) (55 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოლოგი და სპელეოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

თამაზ ზაქარიას ძე კიკნაძე დაიბადა 1936 წლის 1 იანვარს სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. თბილისის მუშა-ახალგაზრდობის მე-4 საშუალო სკოლის დამთვრებისთანავე (1954), ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში (1951–1959) პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად, ინკასატორად „თბილკანაწყალტრესტში“, მონტიორად „თელასში“, მხატვრის შეგირდად და მხატვარ-გამფორმებლად საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს საწარმოებში ინჟინერ-გეოლოგად „საქსახწყალპროექტში“, ამავე წელს გადაიყვანეს საქართველოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სპელეოლოგიური კომისიის სწავლულ მდივნად. პარალელურად მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში ინჟინერ-გეოლოგად. 1964–1966 წლებში კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების სწავლულ მდივნად. 1966–1982 წლებში გადაიყვანეს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის თანაშემწედ. 1978-1982 წლებში შეთვსებით მუშაობდა ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

1978 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სპელეოლოგიური საბჭოს თავმჯდომარე. არჩეული იყო სპელეოლოგთა საერთაშორისო კავშირის მღვიმეთა დაცვისა და გამოყენების კომისიის ბიუროს წევრად და ამავე კავშირის კარსტის ჰიდროქიმიის კომისიის წევრად, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის კარსტული კომისიის წევრად და სხვა.

1971 წელს, ქალაქ პერმის უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია — „არაბიკის კირქვული მასივის კარსტი“. 1986 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია — „მთიანი ქვეყნების კარსტის ჰიდროგეოლოგია“.

1982 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში დირექტორის თანამდებობაზე. მის მეცნიერულ სფეროს კარსტოგენეზისა და სპელეოგენეზის პრობლემატური საკითხების კვლევა წარმოადგენდა.

წლების განმავლობაში მუშაობდა არაბიკის კირქვული მასივის კარსტის და მთიანი ქვეყნების კარსტის ჰიდროლოგიის საკითხებზე.

თამაზ კიკნაძის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აღმოჩენილია მსოფლიოს უღრმესი წყალშემცველი (2300 მ სიღრმის) სისტემა გაგრის ქედზე. იყო სპელეოლოგთა მრავალი საერთაშორისო კონგრესის, კონფერენციის და სიმპოზიუმის მონაწილე და მომხსენებელი. ხელმძღვანელობდა საკავშირო დელეგაციას სპელეოლოგთა საერთაშორისო კონფერენციებზე: ჩეხოსლოვაკიაში (1964), საფრანგეთში (1969).

1983-1984 წლებში ხელმძღვანელობდა სსრკ-ის ექსპედიციას ეთიოპიაში, აფრიკის კონტინენტის უდიდესი სოფ-ომარის მღვიმის შესასწავლად. 1978-1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სპელეოლოგიული საბჭოს თავმჯდომარე, 1989–1991 საქართველოს სპელეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი, ამავე საბჭოს პერიოდული კრებულის „საქართველოს მღვიმეების და გამოქვაბულების“ რედკოლეგიის თავმჯდომარე. ამავე წლებში იყო ტურიზმის ფედერაციის თავმჯდომარე, გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმისა და სამეცნიერო საბჭოს წევრი (1985-1991), მრავალი სამეცნიერო საბჭოსა და სამთვრობო კომისიის წევრი.

თამაზ კიკნაძე არის 80 სამეცნიერო ნაშრომის და 8 მონოგრაფიის, 22 სამეცნიერო — პოპულარული წიგნის ავტორი და რედაქტორი. ქართულ თუ უცხოურ პერიოდულ გამოცემებში, დაიბეჭდა მისი ასზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული, მხატვრული სტატია. მისმა შრომებმა დიდი წვლილი შეიტანა მთის კარსტის აგებულებისა და ევოლუციის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში. დაადგინა კარსტული წყლების მოძრაობის, კვების და განტვირთვის ძირითდი კანონზომიერებები, დაამუშავა ზონალურობის განზოგადებული სქემა და შექმნა ახალი მიმართულება - მთის კარსტის მიწისქვეშა წყლების სწავლებანი. მან მსოფლიოში პირველმა დაამუშავა კარსტული დენუდაციის ჩამონადენის სიდიდისა და წყლის ტემპერატურას შორის კავშირის მათემატიკური მოდელი. კარსტულ-სპელეოლოგიური კვლევით გამოავლინა პალეოგეოგრაფიული ინფორმაციის მიღების ახალი შესაძლებლობები. მისი შრომების შედეგები გამოყენებული იყო ტრანსკავკასიის რკინიგზის ტექნიკური რეკონსტრუქციის შედგენაში, შავი ზღვის საკურორტო ზონის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, ტურიზმისთვის კარსტული მღვიმეების კეთილმოწყობისთვის და სხვა.

თამაზ კიკნაძე იყო საბჭოთა კავშირის სპელეოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო სპელეოლოგიურ კავშირში სსრკ-ის მუდმივი წარმომადგენელი და ამ კავშირის ოკეანოლოგიის, ატმოსფეროს ფიზიკისა და გეოგრაფიის საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოსფეროსა და ეკოლოგიური კვლევების კომისიის წევრი, სსრკ-კუბის მეგობრობის საზოგადოების წევრი და სხვა.

იყო მთელი რიგი ქვეყნების უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. 1990 წელს თსუ-ის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით არჩეულ იქნა გეომორფოლოგიისა და გეოეკოლოგიის კათედრის პროფესორის თანამდებობაზე.

თამაზ კიკნაძე გარდაიცვალა 1991 წლის 27 აგვისტოს. დაკრძალულია, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გამყრელიძე, ერეკლე. გამოჩენილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ჩინებული მოქალაქე. გვ.5-7.თამაზ კიკნაძე : სამეცნიერო მოღვაწეობა და შემოქმედება (1936-1991) = Tamaz Kiknadze : Life and Works (1936-1991) / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბ-კა ; კრებული მოამზადა, ბიბლიოგრაფია და საძიებელი შეადგინა ციური კოჭლაშვილმა ; რედაქტორი პაატა ჯავახიშვილი ; გარეკანის დიზაინი ზაზა კიკნაძე. თბილისი, 2016.95 გვ.:ილ.;ISBN:987-9941-0-9051-6
  1. თამაზ კიკნაძე , შალვა ყიფიანი და ზურაბ ტინტილოზოვი. Iverieli. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2018.
  2. თამაზ კიკნაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. science.org (10 მარტი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-25. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2018.