იზაბელა იაგელონი
იზაბელა იაგელონი (პოლ. Izabela Jagiellonka, უნგრ. Jagelló Izabela; დ. 18 იანვარი, 1519, კრაკოვი, პოლონეთი — გ. 15 სექტემბერი, 1559, ალბა-იულია, რუმინეთი) — იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ I-ისა და დედოფალ ბონა სფორცას ქალიშვილი. ტრანსილვანიის დიდი მთავარი და უნგრეთის დედოფალი 1539-1540 წლებში როგორც იანოს ზაპოლიას მეუღლე.
იზაბელა იაგელონი | |
---|---|
უნგრეთის დედოფალი | |
კორონაცია: | 23 თებერვალი, 1539, სეკეშფეჰერვარი |
მმართ. დასაწყისი: | 23 თებერვალი, 1539 |
მმართ. დასასრული: | 22 ივლისი, 1540 |
წინამორბედი: | ანა იაგელონი |
მემკვიდრე: | ანა იაგელონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 იანვარი, 1519 |
დაბ. ადგილი: | კრაკოვი, პოლონეთი |
გარდ. თარიღი: | 15 სექტემბერი, 1559, (40 წლის) |
გარდ. ადგილი: | ალბა-იულია, ტრანსილვანია |
მეუღლე: | იანოს ზაპოლია |
შვილები: | იოანოს სიგიზმუნდ ზაპოლია |
დინასტია: | იაგელონები |
მამა: | სიგიზმუნდ I, პოლონეთის მეფე |
დედა: | ბონა სფორცა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ადრეული წლები და საქორწინო გეგმები
რედაქტირებაიზაბელა იაგელონი დაიბადა 1519 წლის 18 იანვარს კრაკოვში. იგი იყო ლიტვის დიდი მთავრისა და პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ I-ისა და მისი იტალიელი მეუღლის, დედოფალ ბონა სფორცას პირველი შვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია პოლონეთ-ლიტვის მეფე კაზიმირ IV და დედოფალი ელიზაბეთ ავსტრიელი, ხოლო დედის ხაზით მილანის ჰერცოგი ჯან გალეაცო სფორცა და მისი ცოლი, იზაბელა ნეაპოლელი ერგებოდნენ. ბავშვობის უმეტესი ნაწილი მან მშობლებთან და უმცროს და-ძმასთან ერთად გაატარა ვაველის სასახლეში, თუმცა ასევე ხშირად დადიოდა მიეპოლომიჩეს სანადირო რეზიდენციაში. ამას გარდა, 1527-29 და 1533-36 წლებში იგი ლიტვაში, ვილნიუსის სამეფო კარზე ცხოვრობდა. რამდენადაც ცნობილია, იზაბელა დედის საყვარელი ქალიშვილი იყო, რამაც განაპირობა ის, რომ ბონა სფორცა ძალიან ღელავდა მისი გათხოვების საკითხზე და საქმროს ფრთხილად ეძებდა, დანარჩენი სამი ქალიშვილი კი უბრალოდ დააიგნორა და ძალიან გვიან დააქორწინა. დედის მფარველობით იზაბელამ კარგი განათლება მიიღო. გარდა მშობლიური პოლონურისა და ლიტვურისა, დედის წარმომავლობის გამო გამართულად საუბრობდა იტალიურ და ლათინურ ენებზე, თუმცა ამას გარდა საკმაოდ მაღალ დონეზე ფლობდა გერმანულ და უნგრულ ენებს.
ჯერ კიდევ 1519 წლის მარტში, როდესაც იზაბელა მხოლოდ ორი თვის იყო, ფრანგებმა წამოჭრეს წინადადება მისი და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის შუათანა ვაჟის, ასევე ჩვილი პრინცი ანრი დე ვალუას ქორწინებასთან დაკავშირებით. სანაცვლოდ ფრანსუა პოლონელებს ჰპირდებოდა, რომ საღვთო რომის იმპერატორის არჩევნებში მხარს სიგიზმუნდ I-ს დაუჭერდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად სიგიზმუნდს არ სურდა იმპერატორ კარლ V-თან ურთიერთობის გაფუჭება, დედოფალი ბონა დაუღალავად ცდილობდა იზაბელა ფრანგი უფლისწულისათვის მიეთხოვებინა. ბონა იმედოვნებდა, რომ ფრანსუა I გამოიყენებდა თავისი ქალიშვილის მემკვიდრეობას მილანის ტახტზე, რომელზეც ისედაც დიდი ხანი იყო რაც პრეტენზიას აცხადებდა და ასეთ ვითარებაში, იზაბელა და ანრი მილანის ჰერცოგი და ჰერცოგინია გახდებოდნენ. მოლაპარაკებები იმდენად წარმატებულად მიმდინარეობდა, რომ უკვე იგეგმებოდა მათი დანიშვნა, თუმცა 1525 წელს ფრანსუა I კარლ V-მ პავიის ბრძოლაში დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო, რის შემდეგაც პოლონელებმა ფრანგებთან საქორწინო მოლაპარაკებები გაწყვიტეს.
ფრანგებთან ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, დედოფალმა ბონამ იზაბელას იტალიაში გათხოვება განიზრახა. ამ მიზნით, მან პოლონეთის ელჩები გაუგზავნა თავის ბიძაშვილს, მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო II სფორცას და იზაბელას ხელი შესთავაზა, თუმცა ამ ქორწინებაზე თავად სიგიზმუნდმა თქვა უარი, რომელმაც განაცხადა, რომ თავის ქალიშვილს ასეთი სადავო მემკვიდრეობის მქონე კაცზე არ გაათხოვებდა. შემდეგი სასიძო იყო მანტუის ჰერცოგი ფედერიკო II გონძაგა, თუმცა მან უარი თქვა იზაბელაზე და ცოლად მონფერატის მარკიზა მარგერიტა პალეოლოგინა შეირთო. პარალელურად, სიგიზმუნდს მისი ჰაბსბურგზე დაქორწინება სურდა, რათა მეზობელ ავსტრიასა და გერმანიასთან ძლიერი ალიანსი შეექმნა. ამის გამო, 1530 წელს მან იზაბელას ხელი შესთავაზა საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის ძმისწულ მაქსიმილიანს, ავსტრიის ერცჰერცოგ ფერდინანდ I-ის უფროს ვაჟს, თუმცა ჰაბსბურგებმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს, რადგან საპატარძლო სასიძოზე რვა წლით უფროსი იყო. ამის შემდეგ მისი საქმროს ძიება კვლავ იტალიაში დაიწყეს, სადაც ამჯერად არჩევანი სავოიის ჰერცოგ კარლო III-ის უფროს ვაჟზე, პრინც ლუდოვიკოზე შეაჩერეს, რომელიც 1536 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა.
დაახლოებით 1531 წლიდან, გაჩნდა მოსაზრება, რომ იზაბელა დაექორწინებინათ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უნგრელ დიდგვაროვანსა და ტრანსილვანიის დიდ მთავარ იანოს ზაპოლიაზე, რომელიც უნგრეთის ტახტის მოსარჩელე იყო. საქმე ის იყო, რომ 1526 წელს, უნგრეთის მეფე ლაიოშ II ოსმალებმა მოკლეს მოჰაჩის ბრძოლაში, რის შემდეგაც ტახტი მისი დის, დედოფალ ანა იაგელონის ქმარმა, ავსტრიის ერცჰერცოგმა და შემდგომში საღვთო რომის იმპერატორმა ფერდინანდ I-მა დაიკავა. ამას მოჰყა ის, რომ უნგრელთა ერთი ნახევარი ჰაბსბურგების მომხრე გახდა, ხოლო მეორე — ზაპოლიების. ამას უნგრეთში სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა, სადაც ოსმალები ზაპოლიებს მიემხრნენ. ამგვარ პირობებში, ჰაბსბურგებზე განაწყენებულმა დედოფალმა ბონამ გადაწყვიტა, რომ იზაბელა იანოს ზაპოლიაზე დაექორწინებინა, რომელსაც გამეფების დიდი შანსი ჰქონდა. თავდაპირველად ამ იდეას დიდად ეწინააღმდეგებოდა სიგიზმუნდ I, რადგან მისი პირველი მეუღლე, დედოფალი ბარბარა ზაპოლია, იყო ზემოთ ხსენებული იანოს ზაპოლიას ღვიძლი და, რასაც მისი სადავო მემკვიდრეობაც ემატებოდა. ამასთან, მას არც ჰაბსბურგებთან სურდა ურთიერთობის არევა, თუმცა ბონამ მისი დათანხმება მაინც მოახერხა. 1538 წელს, სიგიზმუნდის უშუალო შუამავლობით ზაპოლიებსა და ჰაბსბურგებს შორის დაიდო ნაგირვადის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მათ უნგრეთი გაიყვეს.
უნგრეთის დედოფალი
რედაქტირებანაგირვადის ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში, კრაკოვში, ეპისკოპოსმა იშტვან ბროდარიკმა ჯვარი დასწერა იზაბელა იაგელონსა და იანოს ზაპოლიას. პოლონელები ამ ქორწინებას არათანაბრად და უსარგებლოდ თვლიდნენ, რაზეც მოსაზრება არც შემდგომში შეუცვლიათ. 1539 წლის 15 იანვარს, 5,000 უნგრელი რაინდი ჩავიდა კრაკოვში, რომელთან ერთადაც წყვილი უნგრეთში გაემგზავრა. მისი მზითევი 32,000 დუკატს შეადგენდა, რასაც ემატებოდა 6,000 დუკატის ღირებულების ნივთები. ვინაიდან ამ დროისათვის დედაქალაქი ბუდა ოსმალთა ხელში იყო, იზაბელა და იანოსი სეკეშფეჰერვარში ჩავიდნენ, სადაც 23 თებერვალს იგი დედოფლად აკურთხეს.
მათი ქორწინება ხანმოკლე და უბედური იყო. 20 წლის განათლებული და სილამაზით სახელგანთქმული იზაბელა 52 წლის კაცზე იყო დაქორწინებული, რომელსაც არამყარი ტახტი და შერყეული ჯანმრთელობა ჰქონდა. 1540 წლის გაზაფხულზე იანოსი ტრანსილვანიაში გაემგზავრა, რათა იშტვან მალიატის მიერ მოწყობილი აჯანყება ჩაეხშო. ამ დროს იზაბელა სამეფო რეზიდენციაში დარჩა, რადგან ორსულად იყო. 1540 წლის 7 ივლისს მან თავისი ერთადერთი ვაჟი, იანოს სიგიზმუნდ ზაპოლია გააჩინა. მართალია ზაპოლიამ აჯანყების ჩახშობა მოახერხა, მაგრამ მალევე, 1540 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა ცერებრული სისხლდენის შედეგად.
რეგენტობა
რედაქტირებანაგირვადის ხელშეკრულების თანახმად იანოსის გარდაცვალების შემდეგ უნგრეთის ტახტი კვლავ ფერდინანდ I-ის ხელში უნდა გადასულიყო, მაგრამ უნგრელი დიდებულების უმრავლესობამ ეპისკოპოს გეორგ მარტინუცის თაოსნობით ეს ფაქტი გააპროტესტეს და იზაბელას ახლადდაბადებული ვაჟის, იანოს სიგიზმუნდის გამეფება მოითხოვეს. 1540 წლის სექტემბერში მათ იგი ოფიციალურად აირჩიეს უნგრეთის მეფედ, ხოლო იზაბელა მის რეგენტად დანიშნეს. ამან განარისხა ჰაბსბურგები, რის გამოც მალევე ფერდინანდი დიდი ჯარებით შეიჭრა უნგრეთში და ალყა შემოარტყა ბუდას (სადაც იმყოფებოდა იზაბელა და მისი ვაჟი). 1540 წლის ალყას ბუდამ გაუძლო, თუმცა 1541 წლის მაისში ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა აიღო და დაიმორჩილა ქალაქი. აღსანიშნავია, რომ მეორე ალყისას იზაბელამ მამას, მეფე სიგიზმუნდ I-ს დახმარება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. სულეიმანს დაშილი უნგრეთი ერჩივნა, რის გამოც მხარს ზაპოლიებს უჭერდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ მისი ჰაბსბურგებისგან დაცვა არ შეეძლო. ამის გამო, სულთანმა უნგრეთის ძირითადი ნაწილი და მისი უნგრული საფაშოებიც კი ჰაბსბურგებს დაუთმო, თავად კი მთელი ტრანსილვანია და მდინარე ტისას აღმოსავლეთი ნაწილი დაისაკუთრა. ამგვარ პირობებში, სულეიმანმა ტრანსილვანიისა და უნგრეთის იმ ნაწილში, რომელიც ოსმალეთს ექვემდებარებოდა იანოს სიგიზმუნდის დე ფაქტო მმართველობა სცნო და მის რეგენტად იზაბელა აღიარა. ამრიგად, იზაბელასა და მის ვაჟს საკმაოდ დიდი მიწები ერგოთ სამართავად, თუმცაღა ისინი მაინც ოსმალების ვასლებად რჩებოდნენ.
1541 წლის სექტემბერში იზაბელამ თავის შვილთან ერთად დატოვა ბუდა და თავის რეზიდენციად ჯერ ლიპოვა, შემდეგ კი ალბა-იულია გამოაცხადა. იგი პრეტენზიას გამოთქვამდა ახალ სამფლობელოებში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა და სოციალური მდგომარეობის გამო. იზაბელა ახალგაზრდა და საკმაოდ ლამაზი ქალი იყო, ტრანსილვანიაში არსებული სიდუხჭირე კი შეურაცხყოფდა მის პატივმოყვარეობას. რამდენადაც ცნობილია, მას საკმაოდ დახვეწილი და ძვირადღირებული გემოვნება ჰქონდა, რაზეც მისი ნაქონი სამი ყელსაბამი მეტყველებს, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. მშობლიური ვაველის სასახლის მაგალითზე მან დაიწყო ალბა-იულიას სასახლის რესტავრაცია. ამავდროულად, მას საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ტვირთი დააწვა მხრებზე: ოსმალებთან მშვიდობის შენარჩუნება, მალიატის ამბიციების ჩახშობა და ფერდინანდ ავსტრიელის შეკავება ტრანსილვანიაში შეჭრისგან. 1543 წელს ოსმალები უნგრეთში დაბრუნდნენ და ქალაქ ესტერგომს შემოარტყეს ალყა, რა დროსაც ფერდინანდს არ გააჩნდა სათანადო შეიარაღება და დამარცხდა. ამ დროს იზაბელას მამამისმა, მეფე სიგიზმუნდმა პრობლემის მოგვარების მიზნით მეორედ გათხოვება შესთავაზა დაქვრივებულ იმპერატორ კარლ V-ზე, რომლის ცოლიც, დედოფალი ისაბელ პორტუგალიელი 1539 წელს დაიღუპა მშობიარობისას. კარლმა ახალი ცოლის შერთვაზე უარი თქვა, რის გამოც სიგიზმუნდმა იზაბელას ფერდინანდ I ავსტრიელზე, ან მის ვაჟზე, ერცჰერცოგ მაქსიმილიანზე დაქორწინება მოისურვა, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ ამაო აღმოჩნდა. ეს იმიტომ, რომ ფერდინანდს იმედი ჰქონდა ტრანსილვანიას ქორწინების გარეშეც შემოიერთებდა.
1548 წელს ოსმალებმა მეზობელ სეფიანების ირანთან ომი განაახლეს, რის გამოც ბალკანეთიდან თითქმის მთელი ჯარები გაიყვანეს და სპარსეთის საზღვართან გადაისროლეს. ამგვარ ვითარებაში იზაბელა ფაქტობრივად დაუცველი დარჩა, რითაც გადაწყვიტა რომ ესარგებლა ფერდინანდმა, რომელსაც უნგრეთის თავის გვირგვინქვეშ გაერთიანება სურდა და არმიის შეკრება დაიწყო. 1549 წლის 1 აგვისტოს, ფერდინანდსა და იზაბელას შორის გაფორმდა ნირბატორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იგი თავისი ვაჟის სახელით უარს ამბობდა ტრანსილვანიის ტახტზე, სანაცვლოდ კი იღებდა ოპოლესა და რაჩიბორჟის საგრაფოებს სილეზიაში და იმის პირობას, რომ იანოს სიგიზმუნდ ზაპოლია ოდესმე ფერდინანდის ერთ-ერთ ქალიშვილზე დაქორწინდებოდა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ახალი მეფე, იზაბელას ძმა, სიგიზმუნდ II ავგუსტი მას დიდი ჯარით დახმარებას ჰპირდებოდა, მაგრამ მან თავად თქვა უარი, რადგან ძმასთან კონფლიქტი ჰქონდა მისი ბარბარა რაძივილზე ქორწინების გამო.
პოლონეთში დაბრუნება
რედაქტირებასაბოლოოდ, იზაბელამ დაარღვია შეთანხმება და ტრანსილვანიაზე უარი არ თქვა. საპასუხოდ ავსტრიელები შევიდნენ ტრანსილვანიაში, რა დროსაც, 1550 წელს იგი თავისი ლაშქრითურთ შეიკეტა ალბა-იულიაში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი დიდებულებისაგან დიდ მხარდაჭერას იღებდა, ალბა-იულია დაეცა, რის შემდეგაც იძულებული გახდა ბუდაში გაქცეულიყო. გზად მისი ძალები ავსტრიელებმა გაანადგურეს, რომელთაც მას ბუდაშიც შემოარტყეს ალყა. 1551 წელს, დამარცხებულმა იზაბელამ საბოლოოდ თქვა უარი ტრანსილვანიის ტახტზე და ხელი მოაწერა ვაიზენბურგის ხელშეკრულებას. იგი დასთანხმდა ფერდინანდს და ოპოლესა და რაჩიბორჟის სანაცვლოდ უარი თქვა ტრანსილვანიაზე. ამასთან ერთად, მას ყოველთვიურად 25,000 ფლორინის ოდენობის პენსია უნდა მიეღო. პარალელურად, იზაბელას შეუნარჩუნდა თავისი უფლებები უნგრულ მამულებზე, საიდანაც ყოველწლიური შემოსავალი 140,000 ფლორინს აღწევდა. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები იანოს სიგიზმუნდისა და ფერდინანდის ერთ-ერთი ქალიშვილის დაქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ამავე წლის აგვისტოში იზაბელამ უარი თქვა უნგრეთის ტახტზე, რასაც მოჰყვა იანოს სიგიზმუნდის დანიშვნა 4 წლის ერცჰერცოგინია იოჰანა ავსტრიელზე.
1551 წლის სექტემბერში იზაბელამ თავის ვაჟთან ერთად დატოვა ტრანსილვანია. ოპოლეში მან მხოლოდ მომდევნო წლის მარტში ჩააღწია, სანახაობით კი მეტად უკმაყოფილო დარჩა. სამეფო რეზიდენცია და მისი საცხოვრებელი იმდენად განადგურებული იყო, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც სახიფათო იყო მასში ცხოვრება, მონარქისთვის კი ეს შეურაცხმყოფელი იყო. ფერდინანდი არც შეთანხმებული თანხების გადახდასა და ქორწინებას ჩქარობდა. ამის გამო, ჩასვლიდან ერთ თვეში მან დატოვა ოპოლე და მშობლიურ პოლონეთში, კრაკოვის სამეფო კარზე დაბრუნდა. იგი თავის ოჯახთან ერთად აქ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. შემოსავლებით უზრუნველსაყოფად, მისმა ძმამ და დედამ იზაბელას ვიელუნის, კრჟეპიცისა და სანოკის ჰერცოგინიის წოდება მიანიჭეს.
ტრანსილვანიაში დაბრუნება და გარდაცვალება
რედაქტირებაუნგრეთში კვლავ არასტაბილური ვითარება იყო. იზაბელას მომხრე ეპისკოპოსი მოკლეს, პარალელურად კი ოსმალებმა დაიკავეს ეგერი და კენადი. ამგვარ პირობებში პოლონეთში თურქული დელეგაცია ჩავიდა სულეიმან I-ის დავალებით, რომელთაც იზაბელას უნგრეთში დაბრუნება და კლავ ტახტზე დაჯდომა შესთავაზეს. მის ძმას, სიგიზმუნდ II ავგუსტს, რომელსაც რუსეთთან ომი ჰქონდა, ეშინოდა ჰაბსბურგებთან ძლივს დალაგებული ურთიერთობის არევის, რის გამოც იზაბელას ოსმალთა შეთავაზებაზე უარი ათქმევინა, თავად კი რიგით მესამედ დაქორწინდა კათარინა ავსტრიელზე, საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I ავსტრიელის ქალიშვილზე. იზაბელა და დედამისი, დედოფალი ბონა კატეგორიულად სთხოვდნენ ფერდინანდს რომ შეესრულებინა დადებული პირობა. საბოლოოდ იზაბელამ გადაწყვიტა, რომ რადგან ფერდინანდმა დაარღვია ხელშეკრულება, თავადაც არ იყო ვალდებული, რომ მისი პირობები შეესრულებინა, რის გამოც თავის ვაჟთან ერთად უნგრეთში დაბრუნდა.
1556 წლის თებერვალში იზაბელა და დედამისი ბონა, რომელიც მშობლიურ იტალიაში ბრუნდებოდა, სილეზიის გავლით ვარშავიდან გაემგზავრნენ. ზაფხულში იგი ლვოვში ჩავიდა, სადაც ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ამავე წლის ოქტომბერში, ოსმალთა ჯარების თანხლებით შევიდა ქალაქ კლუჯში. 1556 წლის 25 ნოემბერს ტრანსილვანიელებმა მისი 16 წლის ვაჟი კვლავ თავიანთ მთავრად აირჩიეს. ვინაიდან იგი უკვე სრულწლოვანი იყო, დედის რეგენტობა აღარ სჭირდებოდა, მაგრამ იზაბელამ თავისი ტრანსილვანიური კანცელარია მაინც ჩამოაყალიბა. ამ პერიოდში მან ახალი მონეტა მოჭრა, რომელზეც თვითონ და იანოს სიგიზმუნდი იყვნენ გამოსახულნი. 1557 წელს იზაბელამ ხელი მოაწერა ახალ ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ტრანსილვანიაში რელიგიური თავისუფლება ეძლეოდა ოთხი მრწამსის: კათოლიციზმის, ლუთერანიზმის, კალვინიზმისა და უნიტარიზმის წარმომადგენლებს. ეს იყო პიონერული ნაბიჯი კათოლიკე მონართა შორის, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას აცხადებდა. ამრიგად, იზაბელა პირველი ევროპელი მონარქი გახდა, რომელმაც შემოიღო რელიგიური ტოლერანტობა.
იზაბელა იაგელონი გარდაიცვალა 1559 წლის 15 სექტემბერს, ალბა-იულიაში, 40 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ტრანსილვანიაში დაბრუნებიდან სამი წლის შემდეგ.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Bainton, Roland (1977). Women of the Reformation: From Spain to Scandinavia. 3. Minneapolis: Augsburg Publishing House. ISBN 9780800662486.
- Bene, Sándor (2015). "Limits of Tolerance: The Topoi of Fornication in the Hungarian Reformation". In Lange van Ravenswaay, J. Marius J.; Selderhuis, Herman (eds.). Reformed Majorities in Early Modern Europe. Vandenhoeck & Ruprecht. ISBN 9783525550830.
- Duczmal, Małgorzata (2012). Jogailaičiai (in Lithuanian). Translated by Birutė Mikalonienė and Vyturys Jarutis. Vilnius: Mokslo ir enciklopedijų leidybos centras. ISBN 978-5-420-01703-6.
- Kirsch, Johann Peter (1910). "George Martinuzzi". The Catholic Encyclopedia. 9. New York: Robert Appleton Company. OCLC 1017058.
- Letkiewicz, Ewa (2005–2006). "The Jewels of Queen Isabella of Hungary". Folia Historica. XXIV. ISSN 0133-6622.
- McNary Forsey, Alicia (2009). Queen Isabella Sforza Szapolyai of Transylvania and Sultan Süleyman of the Ottoman Empire: a case of sixteenth-century Muslim-Christian collaboration. Lewiston, NY: Edwin Mellen Press. ISBN 9780773446533.
- Michael, Thomas; Cuhaj, George (2009). Standard Catalog of World Gold Coins. Krause Publications. ISBN 9781440204241.
- Oborni, Teréz (2013). "Between Vienna and Constantinople: Notes on the Legal Status of the Principality of Transylvania". In Kármán, Gábor; Kunčević, Lovro (eds.). The European Tributary States of the Ottoman Empire in the Sixteenth and Seventeenth Centuries. Brill. ISBN 9789004254404.
- Osterhaven, M. Eugene (1968), Transylvania: the pathos of a Reformation tradition (PDF), Holland, Michigan: The Reformed Review, OCLC 9246325
- Patrouch, Joseph F. (2010). Queen's Apprentice: Archduchess Elizabeth, Empress María, the Habsburgs, and the Holy Roman Empire, 1554–1569. BRILL. ISBN 9789004180307.
- Ritchie, Susan J. (2014). Children of the Same God: The Historical Relationship Between Unitarianism, Judaism, and Islam. Unitarian Universalist Association of Congregations. ISBN 9781558967250.
- Turnbull, Stephen (2003). The Ottoman Empire 1326-1699. Osprey Publishing. ISBN 9781782004226.
- Wiebenson, Dora; Sisa, József; Lővei, Pál (1998). The Architecture of Historic Hungary. MIT Press. ISBN 9780262231923.
- Wormser, Moritz (1914). "Coins and Medals of Transylvania in New York Collections". American Journal of Numismatics. 48. ISSN 2381-4594.