თოლიასებრნი

ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა.
(გადამისამართდა გვერდიდან თოლიისებრნი)

თოლიასებრნი,[1][2] თოლიისებრნი[3][4] (ლათ. Laridae) — წყალმცურავ ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ცნობილები არიან ოლიგოცენიდან. გავრცელებული არიან მთელი მსოფლიოს შიდა წყლებსა და ზღვის აკვატორიებში. მათი სხეულის სიგრძეა 27 სმ-დან, 100 მასისა და 70 სმ ფრთების შლილის დროს (მცირე თოლია, Hydrocoloeus minutus), 79 სმ-მდე, 2,2 კგ მასისა და 176 სმ ფრთების შლილის დროს (დიდი ზღვის თოლია, Larus marinus). ფრთები გრძელი და წამახვილებულია, ფეხები მოკლე, წინა თითებს შორის საცურაო აპკია გადაკრული. ბოლო არაგრძელია, ზოგჯერ ორკაპა, ნისკარტი აქვთ როგორც წვრილი და ბასრი, ასევე მასიური და მოკაუჭებული. შებუმბვლა ხშირი და წყალგაუმტარია. ზრდასრული ფრინველების შეფერილობაში ჭარბობს თეთრი, რუხი და შავი ფერები (იცვლება ასაკისა და სეზონის მიხედვით), ხშირად შეხამებულია კაშკაშა ფეხებთან და ნისკარტთან. კარგად ცურავენ, ფრენენ და დადიან, ნადავლის მოსაპოვებლად შეუძლიათ პიკირება და არაღრმად ჩაყვინთვა. იკვებებიან ზღვის ცხოველებით, პლანქტონიდან დაწყებული თევზებით დამთავრებული, ზოგიერთ სახეობას შეუძლია უხერხემლოებისა და მწერების ხმელეთზე მოპოვება, ჭამენ სანარცხეებში არსებულ ნარჩენებსაც. არიან ჯგროებად, გუნდებად, უმრავლესობისათვის დამახასიათებელია სეზონური მიგრაცია. ბუდობენ მჭიდრო ან მეჩხერ კოლონიებად კლდეებზე ან დაბალ კუნძულებზე, ჭაობიან ადგილებში (ზანზარებში). დედალი დებს 2–3 კვერცხს. ბარტყები ნახევრად წიწილოვანია. ცნობილია 22 გვარის 100-მდე სახეობა. მოლეკულურ-გენეტიკური ანალიზის მონაცემების საფუძველზე თოლიასებრთა ოჯახს მიეკუთვნა წყალკვეთიები და მეთოვლიები, რომლებიც ადრე ცალ-ცალკე ოჯახებად ითვლებოდნენ.

თოლიასებრნი

დასავლური თოლია (Larus occidentalis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Laridae (Vigors, 1825)

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 691.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 208.
  3. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 91, 117.
  4. Laridae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.