თებეს ალყა
თებეს ალყა | |||
---|---|---|---|
ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანიის ნაწილი | |||
თარიღი | 12(?) სექტემბერი[1], ძვ. წ. 335 | ||
მდებარეობა | ქალაქი თებე,საბერძნეთი | ||
შედეგი | მაკედონელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
თებეს ალყა - ძვ. წ. 335 წელს გამართული ბრძოლა ალექსანდრე დიდის არმიასა და აჯანყებულ თებელებს შორის. ალყა დამთავრდა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული ქალაქ-სახელმწიფოს თებეს დამარცხებით და ქალაქის მიწასთან გასწორებით. ქალაქის დარბევა და მის მიმართ გამოჩენილი შეუბრალებლობა ალექსანდრეს მხრიდან იყო სტრატეგიული მოქმედება, რომლის მიზანსაც სხვა ანტი-მაკედონური ქალაქ-სახელმწიფოების გაფრთხილება და დაშინება წარმოადგენდა. ბრძოლა წარმოადგენდა ალექსანდრე ბალკანეთის კამპანიის უკანასკნელ სამხედრო მოქმედებას, რის შემდეგაც მაკედონურმა არმიამ ჰელესპონტი გადაკვეთა და მცირე აზიაში შეიჭრა.
ბრძოლის აღწერა შემონახული აქვს ფლავიუს არიანესა და დიოდორე სიცილიელს, თუმცა მათი ვერსიები ერთურთისგან განსხვავდება.
წინაპირობები
რედაქტირებაჩრდილოეთ ბალკანეთი
რედაქტირებაძვ. წ. 336 წელს ეგიაში ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს და ფილიპე მაკედონელის შვილის კლეოპატრას ქორწილში, ფილიპე მკვლელმა სიცოცხლეს გამოასალმა. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.[2] მან თავისი მეფობა საბერძნეთში აჯანყებების ჩახშობით დაიწყო, შემდეგ კი თრაკიისკენ გამოემართა ბალკანეთზე კონტროლის აღსადგენად. მან ლაშქრობა ძვ. წ. 335 წლის გაზაფხულზე წამოიწყო. თავდაპირველად ის თრაკიაში შეიჭრა, რომ ტრიბალების და ილირიელების აჯანყება ჩაეხშო. აქ მას შეუერთდნენ ცოტაოდენი თრაკიელი მოკავშირეები.[3] ალექსანდრეს პირველი შეტეკება, ჰემოსის მთაზე გამაგრებულ თრაკიელების გარნიზონთან მოუვიდა და დაამარცხა ისინი. ჰემოსის მთაზე გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრე ტრიბალების ტერიტორიაზე შეიჭრა და მათი მეფე სარმუსი დაამარცხა ლიგინუსის ველზე, თუმცა სარმუსმა გაქცევა მოახერხა და კუნძულ პეუკეზე გადავიდა. ალექსანდრემ კუნძულის აღება ვერ შეძლო. თუმცა მას შემდეგ, რაც მაკედონელებმა გეტებიც დააჩოქეს, მაკედონელთა მეფე სარმუსის მიერ შემოთავაზებულ ზავს დასთანხმდა. შემდეგ მაკედონელები ქალაქ პელიუმისკენ გასწია გლაუკიასისა და კლიტოსის მოქმედებების აღსაკვეთად. პელიუმთან რამდენიმე შეტაკების შემდეგ ალექსანდრემ პელიუმი აიღო, მალე კი კლიტოსი და გლაუკიასიც დანებდნენ[4]
ბერძნების აჯანყება
რედაქტირებაალექსანდრეს ბალკანეთში კამპანიის დროს აცნობეს, რომ საბერძნეთში მის წინააღმდეგ აჯანყება მძვინვარებდა. აჯანყებულთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა თებე. ზოგიერთი ვერსიით მისი ასეთი უშიშრობის მიზეზი საბერძნეთში გავრცელებული ხმა იყო, რომ ალექსანდრე თითქოს ბარბაროსების წინააღმდეგ ბრძოლაში მომკვდარიყო.[5] თებელებმა მოკლეს, ქალაქის სიმაგრე კადმეაში ჩაყენებული მაკედონური გარნიზონის (იხ. ქერონეიის ბრძოლა) ოფიცრები: ამინტასი და ტიმოლაუსი[6] და ალყაში მოაქციეს კადმეა. თებელებმა დახმარება სხვა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებსაც სთხოვეს, მათ შორის ათენელებსა და არკადიელებს, თუმცა რეალური დახმარება მხოლოდ ათენიდან მიიღეს და ისიც საბრძოლო აღჭურვილობით შემოიფარგლებოდა.[5]
როდესაც ალექსანდრემ აჯანყების შესახებ შეიტყო, ის ჯერ კიდევ პელიუმში იყო და მაშინვე პელოპონესისკენ დაიძრა. 7 დღის შემდეგ ის უკვე თესალიაში, ქალაქ პელინაში იყო. მეცამეტე დღეს ის უკვე ბეოტიაში იყო. მალე ონქესტუსსაც მიაღწია, რომელიც თებიდან მხოლოდ 7 მილით იყო დაშორებული. ამის მიუხედავად თებელებს ჯერ კიდევ ეგონათ, რომ არმიის სათავეში ანტიპატრე ან ალექსანდრე (აეროქუსის ძე) იდგა, სანამ არმია უშუალოდ ქალაქის გარეთ არ დაბანაკდა.[7] ამ დროს მაკედონელებს ჰყავდათ 30 000 ქვეითი და 3000 მხედარი[8], თებელებს კი მხოლოდ 11 000 ჰოპლიტი და 1100 მხედარი.[7] ამის მიუხედავად ალექსანდრე შეტევის დაწყებას არ ჩქარობდა. მას სურდა აღედგინა აჯანყებამდელი სიტუაცია. ამიტომ თებელებს ელჩები გაუგზავნა. ის მათ სთხოვდა მისი კორინთოს კონგრესის ჰეგემონად ხელმეორედ აღიარებას, სანაცვლოდ კი მხოლოდ აჯანყების მოთავეების ფენიქსისა და პროთეტესის გადაცემას, რაც უეჭველად მათ სიკვდილს ნიშნავდა. თებელების პასუხი დამცინავი იყო. მათ ალექსანდრეს ანტიპატრესა და ფილოტას ტყვედ გადაცემა და თებეს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღიარება მოსთხოვეს, რაც რა თქმა უნდა უარყოფილ იქნა.[9] თებელებმა წინადადების უარყოფის შემდეგ მცირე იერიშიც მიიტანეს მაკედონელთა ბანაკზე, თუმცა მოწინააღმდეგეს არ გასჭირვებია მისი მოგერიება.
ბრძოლა[10]
რედაქტირებათებელებს კადმეას იზოლაციის მიზნით მის გარშემო ბარიკადები ჰქონდათ აღმართული, კადმეასა და ალექსანდრეს ბანაკის დამაკავშირებელ გზაზე კი ორი ჯებირი. პირველთან კავალერია იყო განლაგებული, მეორესთან კი 7,000 ჰოპლიტი. კიდევ 12,000 ქვეითი, რომელთა რიგებში ძირითადად გათავისუფლებული მონები შედიოდნენ, ქალაქის კედლებს იცავდნენ. ალექსანდრემ არმია სამ ნაწილად დაყო. ორი ჯებირების პირისპირ განალაგა, მესამე კი რეზერვში.
პტოლემაიოსის მიხედვით ალექსანდრე შეტევის დაწყებას არ ჩქარობდა, თუმცა ბრძანების გარეშე იერიში ჯებირებზე წამოიწყო პერდიკასის ქვეითებმა. მის მაგალითს მიბაძა ამინტასმა (ანდრომენესის ძე).[11] როდესაც ალექსანდრემ ეს შენიშნა დასახმარებლად პელტასტები და მშვილდოსნებიც გაუგზავნა მათ.[6][12] მაკედონელებმა პირველი ჯებირი გაარღვიეს და მეორეზე იერიშიც მიიტანეს. ამ დროს პერდიკასი მძიმედ დაიჭრა და ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს. თებელმა ჰოპლიტებმა მაკედონელების შეტევა მოიგერიეს და უკანაც დაედევნენ, ამიტომ ალექსანდრემ თავისი ფალანგები ჩართო ბრძოლაში. თებელებმა ამ შეტევას ვეღარ გაუძლეს და უკან დაიხიეს ქალაქისკენ. მათ შეყვნენ მაკედონელებიც, რომლებიც ამ დროს კადმეადან გამოსული ჯარის მხარდამხარ დაედევნნენ მოწინააღმდეგეს. თებელებმა მაინც შეძლეს ამფიონის გორაკთან წინაღობის შექმნა, თუმცა მალე აქაც გატყდნენ. მხოლოდ ცოტაოდენმა მხედარმა შეძლო ქალაქიდან გაქცევა.
დიოდორესეული ვერსია
რედაქტირებაბრძოლას განსხვავებულად აღწერს დიოდორე სიცილიელი თავის ისტორიულ ბიბლიოთეკაში. მისი ნაშრომის მიხედვით ბრძოლა ალექსანდრეს სამ დღიანი მზადების შემდეგ დაიწყო, რომლის განმავლობაშიც მაკედონელები საალყო მანქანებს ამზადებდნენ. მაკედონელებს შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს თებელებმა, თუმცა ალექასნდრემ ამ დროს შენიშნა ერთ-ერთი ჭიშკარი, რომელიც დაცვას მიეტოვებინა და პერდიკასს მასზე იერიში დაავალა. როდესაც თებელებს პერდიკასმა ზურგიდანაც დაარტყა, მთელმა არმიამ ქალაქში დაიხია. იქ კი ამფიონის გორაკთან მაკედონელებმა, რომელთაც კადმეას გარნიზონიც შეერთებოდათ, თებელები გაანადგურეს.[13]
ქალაქის დარბევა
რედაქტირებაბრძოლის შედეგად მაკედონელებმა 500 მებრძოლის დაკარგეს, თებელებმა კი 6,000.[12] ქალაქის აღების შემდეგ იმდენად არა მაკედონელებმა, რამდენადაც ფოკიდელებმა, პლატეელებმა და ბეოტიელებმა ის დაარბიეს. მათ არც ქალები და ბავშვები დაუნდვიათ. ალექსანდრემ ქალაქის ბედის გადაწყვეტა სწორედ მოკავშირეებს მიანდო. მათი გადაწყვეტილებით კი მაკედონელებმა კადმეას გამოკლებით მთელი თებე მიწასთან გაასწორეს. გადარჩენილი მოსახლეობა კი ტყვეებად გაყიდეს, დაინდეს მხოლოდ ღვთისმსახურნი, ალექსანდრეს მხარდამჭერები და პინდარის შთამომავლები, რომელთა სახლიც ერთადერთი იყო, რომელიც ხელშეუხებელი დარჩა. მაკედონელებმა 30,000 თებელი გაყიდეს ტყვედ და აქედან შემოსავლად 440 ტალენტი ვერცხლიც ნახეს.[12][14]
ქალაქის დარბევა და მის მიმართ გამოჩენილი შეუბრალებლობა ალექსანდრეს მხრიდან იყო სტრატეგიული მოქმედება, რომლის მიზანსაც სხვა ანტი-მაკედონური ქალაქ-სახელმწიფოების გაფრთხილება და დაშინება წარმოადგენდა. ამ მოქმედებამ ასევე სამი ბერძნული ანგარიშგასაწევი ქალაქ-სახელმწიფოდან (სპარტა, ათენი და თებე) გამოთიშა თებე.
შემდეგი მოვლენები
რედაქტირებაბრძოლის შედეგის გავრცელების შემდეგ სპარტის გამოკლებით[15] ყველა ბერძნულმა ქალაქ-სახელმწიფომ, რომელთაც მაკედონელებს დახმარება არ გაუწიეს მაკედონელს ელჩები გაუგზავნეს და პატიება სხთოვეს. მათ რიგებში იყვნენ ათენელბიც, რომლებმაც პატიების თხოვნასთან ერთად ალექსანდრეს გამარჯვებაც მიულოცეს.[15] ალექსანდრემ ბერძნები დაინდო, თუმცა ათენს მოსთხოვა მისთვის გადაეცა ანტი-მაკედონურად განწყობილი ბერძნები, უპირველეს ყოვლისა დემოსთენე. მასთან ერთად მოთხოვნა ითვალისწინებდა ლიკურგუსის, ჰიპერიდესის, პოლიეკტუსის, ქარესის, ქარიდემუსის, ეფიალტესის, დიოტიმუსის და მოეროკლესის გადაცემა. ამის მიუხედავად ათენელებმა ფოკიონის მეთაურობით მეფეს გაუგზავნეს ელჩები და დაარწმუნეს ის, რომ უარეყო თავისი მოთხოვნა. ალექსანდერც მათ დაყაბულდა, თუმცა ქარიდემუსის გადაცემა მაინც მოითხოვა, რომელმაც მაშინვე დარიოს III-ის სამეფო კარს მიაშურა.[16]
ბრძოლის და საერთოდ ბალკანეთში სიტუაციის მოგვარების შემდეგ ალექსანდრეს ხელ-ფეხი გაეხსნა იმისთვის, რომ წამოეწყო დიდი ხნის ნანატრი ლაშქრობა სპარსეთის იმპეიის წინააღმდეგ. მალე მაკედონურმა არმიამ ჰელესპონტი გადალახა და მცირე აზიაში შეიჭრა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლივიუსი - სტატიები ძველი ისტორიის შესახებ, თებეს დარბევა დაარქივებული 2010-01-23 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლივიუსი - სტატიები ძველი ისტორიის შესახებ, ალექასნდრე დიდი: ქრონოლოგია
- ↑ მაკკარტი,ალექსანდრე დიდი, გვ. 30-31.
* პლუტარქე,ალექსანდრეს ზეობა, გვ.262-263
* რენო,ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 61-62
* ფოქსი,ალექსანდრეს ძიებაში, გვ. 72 - ↑ ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 54
- ↑ ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.173
არიანე – ალექსანდრეს კამპანიები, ნაწილი 6. - ↑ 5.0 5.1 დიოდორე სიცილიელი - ისტორიული ბიბლიოთეკა, წიგნი XVII, გვ. 141
ლივიუსი - სტატიები ძველი ისტორიის შესახებ, თებეს დარბევა დაარქივებული 2010-01-23 საიტზე Wayback Machine. - ↑ 6.0 6.1 არიანე - ალექსანდრეს კამპანიები, VII თავი
- ↑ 7.0 7.1 ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.176
- ↑ დიოდორე სიცილიელი - ისტორიული ბიბლიოთეკა, წიგნი XVII, გვ. 143
- ↑ პლუტარქე - ალექსანდრე, გვ.8
- ↑ არიანესა და პტოლემეს მიხედვით
- ↑ ჯონ უილიამსი - ალექსანდრე დიდის ცხოვრება და მოღვაწეობა, 1836, გვ. 51
- ↑ 12.0 12.1 12.2 ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.178-179
- ↑ დიოდორე სიცილიელი - ისტორიული ბიბლიოთეკა, წიგნი XVII, გვ. 141-153
- ↑ დიოდორე სიცილიელი - ისტორიული ბიბლიოთეკა, წიგნი XVII, გვ. 159
- ↑ 15.0 15.1 ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.180
- ↑ არიანე - ალექსანდრეს კამპანიები, X თავი