კლიტოსი (ძვ. ბერძნ. Κλείτος) — ილირიული ტომის, დარდანელების მეფე. ძვ. წ. 335 წელს ის და ტაულანტიელების მეფე გლაუკიასი აპირებდნენ შეჭრას მაკედონიის სამეფოს ტერიტორიაზე. ორი არმია უნდა გაერთიანებულიყო მაკედონურ ციხესიმაგრე პელიუმში, რომელიც უკვე კლიტოსს ეკავა. მოკავშირის მოსვლამდე ქალაქთან ალექსანდრე დიდის არმია მივიდა. ბრძოლამდე დარდანელებმა ომის ღმერთს შესწირეს სამი ბიჭი, სამი გოგო და სამი შავი ცხვარი.[1] შემდეგ კი ალექსანდრეს ძალებს შეუტიეს, თუმცა დამარცხდნენ. მათ დათმეს პოზიციები და ქალაქში შევიდნენ. მეორე დღეს გლაუკიასის არმია შემოემატა ბრძოლის ველს. მაკედონელები ორივე მხრიდან მტრის გარემოცვაში მოექცნენ. ალექსანდრემ იერიში ტაულანტიელებზე მიიტანა და ისინი დაამარცხა, თუმცა მათი კონტრშეტევის შემდეგ უკან დახევა დაიწყო. მის დევნას კლიტოსის ძალებიც შეუერთდნენ. მაკედონელებმა მსუბუქი არტილერიის დახმარებით დანაკარგის გარეშე მოახარხეს გადარჩენა. ალექსანდრემ არმია რამდენიმე კილომეტრით უკან გადაანაცვლა და ამით გაქცევის იმიტაცია გაითამაშა. სამი დღის შემდეგ მისმა მზვერავებმა შეატყობინეს, რომ ილირიელები უკვე აღნიშნავდნენ მტერზე გამარჯვებას და საგუშაგოებითაც კი აღარ იცავდნენ თავს. მეორე ღამეს ალექსანდრემ ჩუმად გადალახა მდინარე, მტერს მოულოდნელად შეუტია და დაამარცხა. კლიტოსი გაიქცა და თავი მოკავშირესთან ერთად გლაუკიასის მიწას შეაფარა. ცოტა ხნის შემდეგ კი ის ალექსანდრეს დანებდა.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ჯონ უილიამსი - ალექსანდრე დიდის ცხოვრება და მოღვაწეობა
  2. ჯეიმზ ეშლი - მაკედონიის იმპერია: ფილიპე II-ისა და ალექსანდრე დიდის ომები, ძვ. წ. 359-323, გვ.173