ლიგინუსის ბრძოლა
ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანიის ნაწილი

მაკედონიის რუკა ძვ. წ. 336 წელს
თარიღი ძვ. წ. 335
მდებარეობა მდინარე ლიგინუსი
შედეგი მაკედონელების გამარჯვება
მხარეები
მაკედონია ტრიბალები
მეთაურები
ალექსანდრე დიდი სარმუსი
დანაკარგები
დაიღუპა 11 მხედარი და 40 ქვეითი[1] 3,000 მეომარი დაიღუპა

ლიგინუსის ბრძოლა (აგრეთვე ცნობილი როგორც მდინარე ლიგინუსის ბრძოლა) — შეტაკება ძვ. წ. 335 წელს ალექსანდრე მაკედონელსა და ტრიბალების მეფე სარმუსს შორის. ბრძოლა გაიმართა ლიგინუსის მდინარის ნაპირზე და მაკედონელების გამარჯვებით დამთავრდა. სირმუსმა გაქცევა მოახერხა და გადარჩენილებთან ერთად თავი კუნძულ პეუკეს შეაფარა.

წინაპირობები

რედაქტირება

ძვ. წ. 336 წელს ეგიაში ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს და ფილიპე მაკედონელის შვილის კლეოპატრას ქორწილში, ფილიპე მკვლელმა სიცოცხლეს გამოასალმა. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.[2] მან თავისი მეფობა საბერძნეთში აჯანყებების ჩახშობით დაიწყო, შემდეგ კი თრაკიისკენ გამოემართა ბალკანეთზე კონტროლის აღსადგენად. მან ლაშქრობა ძვ. წ. 335 წლის გაზაფხულზე წამოიწყო. თავდაპირველად ის თრაკიაში შეიჭრა, რომ ტრიბალების და ილირიელების აჯანყება ჩაეხშო. აქ მას შეუერთდნენ ცოტაოდენი თრაკიელი მოკავშირეები.[3] ალექსანდრეს პირველი შეტეკება, ჰემოსის მთაზე გამაგრებულ თრაკიელების გარნიზონთან მოუვიდა და დაამარცხა ისინი.

ჰემოსის მთაზე თრაკიელების დამარცხების შემდეგ, ალექსანდრე ტრიბალების ტერიტორიაზე შეიჭრა. მათი მეფე სარმუსი ალექსანდრეს შემოჭრას ელოდა და ამიტომ ქალები და ბავშვები კუნძულ პეუკეზე გახიზნა, თვითონ კი ალექსანდრეს წინააღმდეგ საბრძოლველად გაემზადა. ორი არმია ერთმანეთს მდინარე ლიგინუსთან[4] დაუპირისპირდა. სარმუსმა თავისი არმია ტყეში განალაგა. ალექსანდრემ მშვილდოსნებს და მეშურდულეებს უბრძანა მოწინააღმდეგეს მიახლოებოდნენ და მათთვისმშვილდები და შურდულები დაეშინათ. ალექსანდრეს იმედი ჰქონდა, რომ ამ მანევრით ტრიბალებს ტყეებიდან გამოიტყუებდა. ასეც მოხდა. როდესაც ალექსანდრემ ეს შენიშნა, მაშინვე უბრძანა ფილოტას თავისი მაკედონელი მხედრებით ტრიბალების მარჯვენა ფრთისთვის შეეტია. მტრის მარცხენა ფლანგზე იერიში კი ჰერაკლიდესს და სოფოლისს მიანდო, რომელთა განკარგულებაშიც იყვნენ ბერძენი კავალერისტები. დანარჩენმა მხედრებმა და ფალანგებმა კი, რომელთაც თვითონ ალექსანდრე ჩაუდგა სათავეში მოწინააღმდეგის ცენტრს შეუტიეს. ტრიბალებმა მცირე ხნით შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა თითქმის მაშინვე, როდესაც ბრძოლაში ფალანგები ჩაებნენ, მათ გაქცევა დაიწყეს.[5] 3,000 ტრიბალი დაიღუპა. მაკედონელების მხარეს დანაკარგები კი 11 მხედარი და 40 ქვეითი იყო.[6]

ბრძოლის შემდეგ

რედაქტირება

სარმუსმა გაქცევა მოახერხა. ის გადარჩენილებთან ერთად პეუკეზე გადავიდა და გახიზნულებს შეუერთდა. სამი დღის შემდეგ ალექსანდრე კუნძულსაც მიადგა. მან არმიის იქ გადასხმა სცადა, თუმცა მალე დარწმუნდა, რომ საკმარისი გემები არ ჰყავდა და პეუკეზე გამაგრებულ ტრიბალებს თავი მიანება. ის გაემართა დუნაისკენ გეტების წინააღმდეგ საბრძოლველად. მათი დამარცხების შემდეგ მაკედონელებმა გეტების ქალაქი მიწასთან გაასწორეს და უკან გამოემართნენ. მაშინვე სარმუსმა ალექსანდრეს ზავი შესთავაზე, რომელიც მაკედონელმა დააკმაყოფილა.[7]

  1. ეს რიცხვები თავის ნაშრომში მოხსენიებული აქვს პტოლემეოსს
  2. მაკკარტი,ალექსანდრე დიდი, გვ. 30-31.
    * პლუტარქე,ალექსანდრეს ზეობა, გვ.262-263
    * რენო,ალექსანდრე დიდის ბუნება, გვ. 61-62
    * ფოქსი,ალექსანდრეს ძიებაში, გვ. 72
  3. ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 54
  4. შეფარდი მდინარეს მოიხსენიებს, როგორც ლინგინუსი
  5. არიანე - ალექსანდრეს კამპანიები, ნაწილი II, გვ.45-46
    შეფარდი - ალექსანდრე დიდი ომებში: მისი არმია - მისი ბრძოლები - მისი მტრები, გვ. 69
  6. არიანე წერს, რომ ეს რიცხვები თავის ნაშრომში მოხსენიებული აქვს პტოლემეოსს
  7. უილიამ სმიტი - ბერძნულ-რომაული ბიოგრაფიის და მითოლოგიის ლექსიკონი, გვ.966

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფლავიუს არიანე - ალექსანდრეს კამპანიები
  • შეფარდი - ალექსანდრე დიდი ომებში: მისი არმია - მისი ბრძოლები - მისი მტრები