თავისუფალი უნივერსიტეტი

უნივერსიტეტი თბილისში
(გადამისამართდა გვერდიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი)

თავისუფალი უნივერსიტეტი — კერძო უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც 2007 წელს ცოდნის ფონდმა დააფუძნა, რომლის დამფუძნებელიცაა კახა ბენდუქიძე. თავდაპირველად უნივერსიტეტი შეიქმნა ორი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების - თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტებისა (ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და ESM-თბილისის (ამჟამად ბიზნესის სკოლა) გაერთიანების გზით და დაფუძნებისთანავე გახდა ლიდერი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის.[1]

თავისუფალი უნივერსიტეტი
ლათ. Universitas Libera Tphilisensis
დევიზი ცოდნა, შრომა, თავისუფლება
დევიზი ლათინურ ენაზე Scientia, Labor, Libertas
დაფუძნდა 2007 წელი
ატარებს სახელს კახა ბენდუქიძე
დამფუძნებელი (-ები) კახა ბენდუქიძე
ტიპი კერძო
რექტორი ვახტანგ ლეჟავა
პრორექტორები ნათია სამუშია, მარინა ქარჩავა
კანცლერი ალექსანდრე კაჭარავა
სტუდენტი 634
მისამართი აღმაშენებლის ხეივანი 240, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი
მდებარეობა თბილისი
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი +(995 32) 220-09-01 - საინფორმაციო.
კამპუსი 1
თავისუფალი უნივერსიტეტი — საქართველო
თავისუფალი უნივერსიტეტი
http://freeuni.edu.ge/

მომდევნო წლებში უნივერსიტეტს დაემატა რამდენიმე სკოლა: სამართლის სკოლა, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა, ფიზიკის სკოლა, ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა და მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა. ასევე, საბაკალავრო პრგრამები: არქიტექტურა და შენობების სისტემის ინჟინერია. უნივერსიტეტის დამფუძნებელ ორგანიზაციას, ცოდნის ფონდს ხელმძღვანელობს ანასტასია ბენდუქიძე, რექტორი — ვახტანგ ლეჟავა, ხოლო, კანცლერი — ალექსანდრე კაჭარავა. უნივერსიტეტს ინფრასტქრუქტურა ყველა საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებს.[1]

თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული პროგრამები. 2021 წლის მონაცემებით სასწავლებელში 2 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.[1]

დაფუძნების დღიდან თავისუფალი უნივერსიტეტი ლიდერია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები საშუალო საკონკურსო ქულების მიხედვით.[1]

კახა ბენდუქიძე

რედაქტირება
 
კახა ბენდუქიძის პორტრეტი, გადაღებული მის კაბინეტში დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში.
მისი გარდაცვალების შემდეგ ეწოდა კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი / ფოტო გადაღებულია გაგა კაპანაძის მიერ

უნივერსიტეტის დამაარსებელია კახა ბენდუქიძე. განათლებით ბიოლოგმა, კახა ბენდუქიძემ მისი პირველი ბიზნესი, „ბიოპროცესი“ დააარსა 1987 წელს. მალევე ის ცნობილი გახდა, როგორც რუსეთის წამყვანი ლიბერტარიანელი. რუსეთში საქმიანობისას ის აქტიურად მუშაობდა ინდუსტრიალისტთა კავშირის გადასახადებისა და სავალუტო ჯგუფში. ჯგუფის მუშაობის მიზანი იყო რუსეთის საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა და ფიქსირებული 13%-იანი საშემოსავლო განაკვეთის შემოღება. რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლისა და მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავების შემდეგ ბენდუქიძემ რუსეთის დატოვება გადაწყვიტა.[2]

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას წარდგინებით კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრად დანიშნა.[3] საქართველოში კახა ბენდუქიძე მსახურობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრად (2004 წლის ივნის-დეკემბერი), რეფორმების კოორდინაციის მინისტრად (2004 წლის დეკემბერი – 2008 წლის იანვარი) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად (2008 წლის თებერვლიდან 2009 წლის თებერვლამდე). სწორად ბენდუქიძე იყო იმ ლიბერალური რეფორმების ავტორი, რომლებმაც კარდინალურად შემოაბრუნა პოსტ-საბჭოთა ეკონომიკა.[4]

ეკონომიკის მინისტრად ბენდუქიძის დანიშნვამ 2004-2007 წლებში გამოიწვია საქართველოს ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა 9,3%-ით, გასულ წლებთან შედარებით გაოთხმაგდა უცხოური ინვესტიციები; სახელმწიფომ ოთხჯერ შეამცირა საგადასახადო წნეხი, ხოლო სავალდებულო ლიცენზიების რაოდენობა 90%-ით შეამცირა და მოახდინა შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ მიიღო მანამდე თითქმის არ არსებული საშუალო კლასი.[3]

2007 წლის ბოლოს კახა ბენდუქიძემ დააფუძნა ცოდნის ფონდი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ESM ბიზნეს სკოლის შერწყმით მან შექმნა თავისუფალი უნივერსიტეტი, ხოლო მოგვიანებით ცოდნის ფონდის მმართველობაში გადავიდა ასევე აგრარული უნივერსიტეტი.[2]

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა

რედაქტირება

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი დაარსდა 1991 წელს. 2007 წელს შევიდა კახა ბენდუქიძის მიერ ახლადდაარსებული თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში. 2017 წელს აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი გაიყო ორად: საერთაშორისო ურთიერთობების სკოლად და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტად, რომელმაც კვლევითი ცენტრის ფუნქციები შეიძინა. დაარსების პირველივე წლებიდან ინსტიტუტი თანამშრომლობს აღმოსავლეთის ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან.[5]

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა ამზადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, რომლებიც სრულყოფილად სწავლობენ ახლო და შორეული აღმოსავლეთის ენებს, ისტორიას, კულტურას, რელიგიასა და ეკონომიკას. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ახლო და შორეული აღმოსავლეთის მიმართულებებს. სტუდენტები სწავლობენ საერთაშორისო ურთიერთობებს და ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ენას, ისტორიას, კულტურას, რელიგიასა და ეკონომიკას. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ისწავლება არაბული, სპარსული, ჩინური, იაპონური, კორეული, თურქული, ჰინდი. ენების შესწავლა ხდება უახლესი აუდიო-ვიდეო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.[5] 2013 წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის საბაკალავრო პროგრამას დაემატა დასავლური მიმართულებებიც: ესპანური, ფრანგული და გერმანული. სტუდენტები გადიან სტაჟირებას აღმოსავლეთის ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში.

ჩინეთის მთავრობის მონაწილეობით თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლასთან შეიქმნა კონფუცის ინსტიტუტი, რომელიც ჩინური ენის შესაბამისი დონის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გასცემს HSK სერტიფკატს (ჩინური ენის დონის დამადასტურებელი საბუთი).

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტს ენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი.

ბიზნესის სკოლა (ESM)

რედაქტირება

ბიზნესის სკოლა (ESM) შეიქმნა 1992 წელს. 2007 წელს შევიდა თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში. მიღებული აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია. ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებს ფინანსების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის კონცენტრაციით. ბიზნესის სკოლის სტუდენტს ძირითადი სპეციალობის გარდა შეუძლია შეისწავლოს დამატებითი სპეციალობა (მაინორი).[6]

ბიზნესის სკოლის სტუდენტები ეუფლებიან ბიზნესის ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს, სწავლობენ ბიზნესის ენას, გამოიმუშავებენ ბაზარზე ორიენტირებულ ხედვას ბიზნესსა და მართვაზე. იღებენ საბაზო ცოდნასა და უნარებს ბიზნესის ძირითად ფუნქციონალურ მიმართულებებში — მენეჯმენტში, მარკეტინგში, ფინანსებში, ადამიანური რესურსებისა და ოპერაციების მართვაში. იძენენ ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ანალიტიკურ უნარებს.

სასწავლო პროგრამის ნაწილია სიმულირებული და გათამაშებული ბიზნესის პროექტები. საგანი ბიზნესი მოქმედებაში. მეოთხე კურსზე სტუდენტები სავალდებულო პრაქტიკას გადიან რომელიმე ორგანიზაციაში.

ESM-ის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების გამოცდილების გათვალისწინებით. ბიზნესის სკოლის ტრადიციაა სტუმრის დღე, რომელზეც წარმატებულ ბიზნესმენებს ვიწვევთ. ისინი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. სტუმრის რანგში, ხშირად ESM-ის კურსდამთავრებულები არიან, რომელთაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ბიზნესში, — არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.

სკოლა სტუდენტებს სამ კონცენტრაციას სთავაზობს:

სწავლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.

ბიზნესის სკოლა ESM-ს აქვს ორი სამაგისტრო პროგრამა:

  1. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA) სამაგისტრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრებს. პროგრამა განახლდა 2009 წელს, დაემატა ბიზნესის პრაქტიკუმი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს თეორიაში მიღებული ცოდნა გამოიყენოს რეალურ დროში პრაქტიკაში.[6] პროგრამა უზრუნველყოფს მმართველისთვის აუცილებელი ლიდერის თვისებების განვითარებას თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეძენა-გაღრმავების გზით. მასში გათვალისწინებულია დღევანდელი ბიზნესის სირთულეები და მათი დაძლევის გზები. სწავლის ასეთი მიდგომა ავითარებს პრობლემის დანახვისა და გადაჭრის უნარებს, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას; ამზადებს სტუდენტებს ყოველდღიური გამოწვევებისათვის, რომლებიც ბიზნესის წარმოებას თან ახლავს. სამაგისტრო პროგრამა დაყოფილია ოთხ სასწავლო მოდულად. ყოველი მოდულის ბოლოს მსმენელები ინდივიდუალურად აკეთებენ საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებულ, მოდულის თემატიკის შესაბამის, ინტეგრირებულ პროექტს, ხოლო მეოთხე მოდულის დასრულების შემდეგ – სადიპლომო პროექტს.
  2. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ოპერაციების მენეჯმენტში (MBA in OM.) პროგრამა ორიენტირებულია ოპერაციების მენეჯერებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენა-განვითარებაზე. ეს კი – შესაბამისი პროცესების განხორციელებისთვის საჭირო თანამედროვე მეთოდების, სტრატეგიების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ათვისებისა და სიმულაციების გამოყენებით მიიღწევა. პროგრამის ფარგლებში ისწავლება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: მიწოდების ჯაჭვის, მარაგების, სიმძლავრეებისა და ხარისხის მართვა. სამაგისტრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრებს. პროგრამა განახლდა 2009 წელს, დაემატა ბიზნესის პრაქტიკუმი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს თეორიაში მიღებული ცოდნა გამოიყენოს რეალურ დროში პრაქტიკაში.[6]


სამართლის სკოლა

რედაქტირება

სამართლის სკოლა შეიქმნა 2009 წელს. სკოლა ამზადებს სამართალმცოდნეებს, რომელთაც ექნებათ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა და იურისტისთვის საჭირო პრაქტიკული უნარჩვევები. ისინი შეძლებენ მუშაობას წამყვან თანამდებობებზე იურიდიულ ფირმებში, საჯარო სექტორში, სასამართლო სისტემასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.[7]

სამართლის სკოლაში სამართლის შესწავლა და ანალიზი არ შემოიფარგლება ლექციებითა და სემინარებით და გრძელდება სამართლის კლინიკებში, სამეცნიერო ჟურნალებისათვის დაწერილ სტატიებში, იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და საჯარო ლექციებზე გამართულ დებატებში.

სამართლის სკოლაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი. ცენტრი არის სამართლის სკოლისა და მისი პარტნიორის, ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, კანზასი, აშშ, ერთობლივი პროექტი, რომელიც ემსახურება ბიზნესის სამართლის შესწავლითა და კვლევით დაინტერესებულ სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სამართლის პროფესორებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სამართლის სკოლის პროგრამა მოიცავს, როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის მიმართულებებს და ფოკუსირებულია კერძო (ბიზნეს) სამართალზე. სამართალმცოდნეობის გარდა, სტუდენტებს შეუძლიათ შეიძინონ დამატებითი სპეციალობა (მაინორი).[7]

კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა (MACS[E])

რედაქტირება

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცინერებათა და მათემატიკის (MACS) სკოლა შეიქმნა 2009 წელს და სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო 2010 წელს. სკოლა სტუდენტებს სთავაზობს 3 საბაკალავრო პროგრამას:

  • კომპიუტერული მეცნიერებები და მათემატიკა;
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია;
  • შენობის სისტემების ინჟინერია

MACS–ის სკოლას გააჩნია სამი ძირითადი მიზანი:

  • MACS[E]-ის სკოლის კურსდამთავრებულები მზად უნდა იყვნენ დასაქმებისთვის;
  • MACS[E]-ის სკოლის კურსდამთავრებულები უნდა იყვნენ მზად მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურის გასაგრძელებლად კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით;
  • MACS[E]-ის სკოლის კურსდამთავრებულებმა უნდა შეძლონ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.[8]

საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან. მუშაობენ თავისუფალი უნივერსიტეტის IT სასწავლო ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია ძირითადი პლატფორმების სერვერებით, ქსელური და კომპიუტერული მოწყობილობებით, პროგრამირებადი რობოტექნიკით, სამგანზომილებიანი საბეჭდი მოწყობილობით.[8]

MACS[E]-ის სკოლის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ პოზიციებზე რომელიც დაკავშირებულია პროგრამული ინჟინერიის ნებისმიერ ასპექტთან, ინფორმაციული ტექნოლოგიის მენეჯმენტთან და სხვ.[8]

სტუდენტებს ექნებათ დამატებითი სპეციალობების შესწავლის შესაძლებლობა.[8]

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა შემუშავდა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კარნეგი მელონი, ილინოისის უნივერსიტეტი, ტოკიოს უნივერსიტეტი) სასწავლო პროგრამების ანალიზის საფუძველზე. აღნიშნული სასწავლო პროგრამის გავლისას სტუდენტები სწავლობენ რამდენიმე ფართოდ გამოყენებულ პროგრამულ ენას (C++, Java, Matlab). წერენ ალგორითმებს და ახდენენ ინჟინერიის მრავალი პრაქტიკული ამოცანის პროგრამირებას. სტუდენტები მიიღებენ საფუძვლიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ელექტრონიკაში, სიგნალების კომპიუტერულ მოდელირებაში, თანამედროვე ხელსაწყოების შექმნისას გამოყენებული ელექტრო-ტექნიკური მასალების შესახებ და ა.შ. ამასთან ერთად დიდ დროს ატარებენ თავისუფალი უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებში, რომლებიც აღჭურვილია ძირითადი პლატფორმების სერვერებით, ქსელური და კომპიუტერული მოწყობილობებით, პროგრამირებადი რობოტექნიკით. სტუდენტები საკუთარი ხელით აწყობენ და კომპიუტერით მართავენ ელექტრო-ხელსაწყოებს.[8]

ფიზიკის სკოლა

რედაქტირება

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამას ფიზიკაში. ამ სკოლის კურსდამთავრებულები მიიღებენ ფიზიკის ბაკალავრის ხარისხს. გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ დამატებითი სპეციალობები (მაინორები). თანამედროვე პროგრამებზე დაფუძნებულ ლექცია–სემინარებს კითხულობენ გამოჩენილი მეცნიერები, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.[9]

თავისუფალი უნივერსიტეტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს ფიზიკაში, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებთან. ფიზიკის სკოლის სტუდენტები იღებენ საფუძვლიან თეორიულ ცოდნას ფიზიკის ფუნდამენტურ მიმართულებებში, ატარებენ ცდებს ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორიაში და აქტიურად არიან ჩართულნი კვლევით სამუშაოებში.[9]

ფიზიკის სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ, გააგრძელონ სწავლა ფიზიკის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ისინი ჩართულები იქნებიან მაღალანაზღაურებად კვლევით საქმიანობაში.

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა

რედაქტირება

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის პროგრამას საფუძვლად უდევს ლიბერალური განათლება კურიკულუმი, რომლის საშუალებითაც სტუდენტები იღებენ ფართო განათლებას ჰუმანიტარულ (ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა, ფილოსოფია), ასევე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში (ანთროპოლოგია, ეკონომიკა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, საჯარო პოლიტიკის ანალიზი). ასევე ითვისებენ ბიზნესისა და სამართლის საფუძვლებს, დახელოვნდებიან პროექტების მართვასა და საჯარო ადმინისტრირებაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მათ შეუძლიათ კომპეტენტურად უხელმძღვანელონ ნებისმიერ პროექტს, იმუშაონ საერთაშორისო, სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციებში და ასევე მედიაში. გარდა ამისა, მიღებული ლიბერალური განათლება სტუდენტებს საგრძნობლად გაუადვილებს სწავლის გაგრძელებას ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.[10]

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა აყალიბებს კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე ახალგაზრდებს − მაღალი სამოქალაქო ცნობიერებითა და მზაობით ლიდერობისათვის. გარდა სასწავლო პროგრამისა, სწავლის განმავლობაში სტუდენტები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროექტში, გადიან სტაჟირებას, რაც მათ აძლევს ცოდნის გაღრმავებისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებას. სტუდენტები აქტიურად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა საზოგადოებრივ და კულტურულ ღონისძიებას. მათი ინიციატივით დაარსდა ლიტერატურული და მედია კლუბები. ასევე, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, შეიქმნა სტუდენტური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა შინაარსის სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტს.[10]

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა გამოირჩევა არა მხოლოდ ლიბერალური სასწავლო პროგრამით, არამედ სწავლებისადმი განსაკუთრებული მიდგომით, ე.წ. სოკრატეს მეთოდით, რომელიც მაღალი ხარისხის დასავლური საუნივერსიტეტო განათლების ტრადიციული საფუძველია. ეს მეთოდი ითვალისწინებს ლექტორისა და სტუდენტის თანასწორ სასემინარო მუშაობას, პირველადი წყაროების ღრმა კითხვასა და ანალიზს, ტექსტებისა და იდეების კრიტიკულ გააზრებას, კითხვის სწორად დასმის ხელოვნების დაუფლებას და ძველი იდეის ორიგინალურ და თანამედროვე ინტეპრეტაციას. ფუნდამენტური თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად, სტუდენტები დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარებს – აკადემიურ და შემოქმედებით წერის, წყაროების ღრმა ანალიზისა და დისკუსიის წარმოების ტექნიკას.[10]

სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტი მიიღებს სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს. გარდა ძირითადი სპეციალობებისა, სტუდენტებს ექნებათ დამატებითი სპეციალობების (მაინორების) შესწავლის შესაძლებლობა.[10]

ვიზუალური ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის სკოლა VA[A]DS

რედაქტირება

თავისუფალ უნივერსიტეტს 2013 წელს კიდევ ერთი - ვიზუალური ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის სკოლა დაემატა, რომლის მიზანია სტუდენტებს მისცეს თანამედროვე განათლება. სკოლა შეიქმნა როდ აილენდის დიზაინის სკოლის, Carnegie Melon უნივერსიტეტის და ევროპული სახელოვნებო სკოლების გამოცდილების გაზიარების მაგალითზე.

სკოლა სტუდენტებს სთავაზობს 2 საბაკალავრო პროგრამას:

  • ვიზუალური ხელოვნება და დიზაინი;
  • არქიტექტურა

სკოლაში მოწვეული პროფესორები, წარმატებული ხელოვანები, კურატორები და გალერისტები რეგულარულად ჩაატარებენ ლექციებისა და workshop-ების კურსს. სკოლის ინტერესებშია, რომ სტუდენტებს შესთავაზოს მრავალფეროვანი სწავლების ფორმატის გაცნობა. იგეგმება სტუდენტების, პროფესორებისა და სხვა საერთაშორისო ხელოვანების გამოფენები. გამოფენები და მათი მოწყობის კულტურა სკოლის სასწავლო პროგრამისა და სილაბუსების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სწავლის პირველივე ეტაპზე სტუდენტები აწყობენ გამოფენებს, მუშაობენ პროექტებზე და პროფესორებთან ერთად ხდებიან მოქმედი არტსამყაროს თანამონაწილეები.

დაფინანსება

რედაქტირება

„საუკეთესო – საუკეთესოებს“

რედაქტირება

თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს ცოდნის ფონდი 9 000 ლარიან სასწავლო ვაუჩერს გადასცემს. ამასთან: უნივერსიტეტი საუკეთესო აბიტურიენტებს აჯილდოებს სასწავლო გრანტებით. საუკეთესო აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტებს გასცემს ცოდნის ფონდი და დავით მიქელაძის მომავალ მეცნიერთა ფონდი.

  • გრანტის მიღება შესაძლებელია, თუ აბიტურიენტი იქნება პირველი საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით;
  • გაიმარჯვებს მათემატიკის, ფიზიკისა და ეროვნულ პროგრამირების ოლიმპიადებში და გახდება თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი;
  • იქნება საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე.

MACS სტუდენტთათვის – დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა

რედაქტირება

თანადაფინანსების სისტემის არჩევის შემთხვევაში, მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის სტუდენტს საშუალება გექნება შენ მიერ პირველ სასწავლო წელს გადასახდელი თანხა გადაიხადო მომდევნო სასწავლო წლებში (სწავლის დასრულებამდე).[11]

საგზური - სწავლის სრული დაფინანსება სოციალურად დაუცველებისთვის

რედაქტირება

თავისუფალ უნივერსიტში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს ცოდნის ფონდი სწავლას 4 წლის განმავლობაში სრულად უფინანსებს.

სწავლის სრულად დასაფინანსებლად სტუდენტი უნდა ჩაირიცხოს თავისუფალ უნივერსიტეტში და უნდა დაადასტუროს სოციალურად დაუცველის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 სწრაფი განვითარების ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2011-07-04.
  2. 2.0 2.1 HERSZENHORN, DAVID M.. Kakha Bendukidze Dies at 58; Pushed Post-Soviet Market Change. ციტირების თარიღი: 19 November 2014.
  3. 3.0 3.1 FAMOUS REFORMIST KAKHA BENDUKIDZE DIES AT 58. © TABULA, 2009–2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2016-05-27.
  4. Obituaries. დაარქივებული ასლი. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 19 November 2014.
  5. 5.0 5.1 თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი[მკვდარი ბმული]
  6. 6.0 6.1 6.2 ESN ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
  7. 7.0 7.1 თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა[მკვდარი ბმული]
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-04. ციტირების თარიღი: 2013-03-18.
  9. 9.0 9.1 ფიზიკის სკოლა[მკვდარი ბმული]
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-04. ციტირების თარიღი: 2013-03-18.
  11. აბიტურიენტებისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-15. ციტირების თარიღი: 2015-01-14.