თამარ ჭყონია (დ. 1961, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოქიმიის სპეციალობით, ხოლო საკანდიტატო და სადოქტორო დისერტაციები დაიცვა ენგელგარტის სახელობის მოსკოვის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში, პროფესორ კოტე ერისთავის ხელმძღვანელობით.

1990 წელს საგანგებოდ კოტე ერისთავისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა მოლეკულური ბიოლოგიის კათედრა და თამარი თავის ხელმძღვანელთან ერთად თბილისში დაბრუნდა. მოლეკულური ბიოლოგიის პირველი საფაკულტეტო კურსი მათი შემუშავებულია. როცა ბატონი კოტე ავად გახდა, მის ნაცვლად აუდიტორიაში თამარი შევიდა და 28 წლის ასაკში წაიკითხა პირველი ლექცია. მოგვიანებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტშიც მიიწვიეს და 3 წლის განმავლობაში აქაც ასწავლიდა მოლეკულურ ბიოლოგიას.

1998 წელს თამარ ჭყონიას აშშ-დან დაუკავშირდა ჯიმ კირკლენდი, რომელსაც სჭირდებოდა დოქტორანტი გარკვეული გამოცდილებით. ინტერვიუ ტელეფონით შედგა და სამ თვეში ქართველი მეცნიერი, უკვე, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში იყო. პოსტდოქტურანტურის ორწლიანი კურსის გავლის შემდეგ თამარმა მუშაობა განაგრძო ბოსტონის უნივერსიტეტის ევანზის ბიოსამედიცინო კვლევით ცენტრში (Evans Biomedical Research Centerб, Boston University).

2007 წლის ნოემბრიდან თამარ ჭყონია არის უფროსი მკვლევარი-მეცნიერი კოგოდის დაბერების ცენტრში (Kogod Сenter on Aging) და მეიოს კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

Mayo-ს კლინიკა როჩესტერში, მინესოტას შტატში მდებარეობს. ჰოსპიტალი 1889 წელს ქირურგმა უილიამ ვორალ მეიომ და მისმა შვილებმა, ჩარლზ და უილიამ ჯეიმზ მეიოებმა დააარსეს. იდეამ გაამართლა. უკვე დიდი ხანია ჯონს ჰოპკინსის კლინიკა და Mayo ამერიკის საუკეთესო სამედიცინო დაწესებულების სახელის მოსაპოვებლად ერთმანეთში პირველ-მეორე ადგილს იყოფენ.

მეიოს კლინიკაში მისვლიდან ოთხი წლის თავზე, 2011 წლის 2 ნოემბერს, ქართველმა მეცნიერმა და მისმა უცხოელმა კოლეგებმა კვლევის შედეგები დადეს. მათ მიერ წარმოებული სამეცნიერო კვლევა ეხება „დაძაბუნებული“, „გაცვეთილი“ უჯრედების მნიშვნელობის შესწავლას დაბერების და ავადობის დროს. მათ senescent cells უცოდებენ. ასეთი უჯრედების სიჭარბე ცხიმოვან ქსოვილში მისი ნორმალური ფუნქციის დაკარგვას იწვევს და დაკავშირებულია ისეთ ქრონიკულ დაავადებებთან, როგორიცაა დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი. სიბერე კი ამ დაავადებების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია.

„გაცვეთილი" უჯრედების დასახოცად მკვლევარებმა შექმნეს ტრანსგენული თაგვის მოდელი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია „დაძაბუნებული“, „გაცვეთილი“ უჯრედების შერჩევითი მოცილება. მათ მიერ მიღებული პირველი სენოლიტიკური წამლები იწვევენ „გაცვეთილი“ უჯრედების ეფექტურ ელიმინაციას, როგორც in vitro, ისე in vivo პირობებში და გვიჩვენებენ, რომ ამ უჯრედებზე ფარმაკოლოგიური მოქმედების შედეგად შესაძლებელია ასაკთან დაკავშირებული სისუსტისა და მრავალი დაავადების სიმპტომების შემსუბუქება. ზოგიერთი წამალი უკვე მზადაა კლინიკური ტესტირებისათვის ამერიკის სხვადასხვა ცენტრში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ამ მნიშვნელოვანი გამოგონების გარდა, თამარ ჭყონია, აგრეთვე, მრავალი პატენტის მფლობელია, რომელთაც დაბერებისა და ავადობის დროს „დაძაბუნებულ“, „გაცვეთილ“ უჯრედებზე თერაპიული მოქმედების უნარი აქვთ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჭყონია, თამარ. „ჩვენ ბოთლი გავხსენით და ჯინი გავათავისუფლეთ“: ინტერვიუ / ესაუბრა მაია კაპანაძე // 24 საათი, 2011, 2 დეკემბერი N2882 (274), გვ. 4-5 Weekend, 2-8 დეკემბერი, 2011 წელი, N 36(77)
  • ფენომენი: ჟურნალი შეუცნობელზე, ამოუხსნელზე, თბილისი, 2014, ივლისი N7, გვ. 12-15

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება