ზურაბ ლეჟავა
ზურაბ ლეჟავა (დ. 1925, თბილისი — გ. 19 თებერვალი, 2011) — ქართველი მხატვარი, პედაგოგი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2002), სსრკ მხატვართა კავშირის მდივანი (1968-1972), საქართველოს სსრ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1962-1970), საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1988).
1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1960 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1970–1990 წლებში იყო გამოყენებითი გრაფიკის კათედრის გამგე (ამჟამად გრაფიკული დიზაინის), 1989 წლიდან პროფესორი. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებულია თემატიკური და ჟანრობრივი მრავალფეროვნება. მასვე ეკუთვნის ძველი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ჩანახატები. ნამუშევრები: გრაფიკული სერია „ძველი თბილისი“ (1962-1999), „თბილისი, გომის ქუჩა“, „გულშემატკივრები სტადიონის შესასლელთან“ (ორივე 1960, ყველა მხატვრის კუთვნილება), „რიონის ხეობა“ (1963, საქართველოს სურათების ეროვნული გალერეა), დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ ილუსტრაციები (1962), „დრეზდენი“ (1962, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), „სერია სვანეთზე“ (1970-1981), „მონრეალი“ (1970, ორივე მხატვრის კუთვნილება და სხვ.). გადაღებულია ისეთ ცნობილ მხატვრულ ფილმებში, როგორიცაა: „არსენა“, „გიორგი სააკაძე“, „ქეთო და კოტე“, „მწვერვალთა დამპყრობნი“, „მალახოვის ყორღანი“, „წიგნი ფიცისა“.
ჯილდოები
რედაქტირება- საპატიო ნიშნის ორდენი
- 1988 — საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი
- 1995, 1998 — ღირსების ორდენი
- 1998 — ლადო გრიგოლიას სახელობის პრემია
- 2002 — თბილისის საპატიო მოქალაქე