ზედა გორდი
ზედა გორდი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, გორდის თემი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე.
სოფელი | |
---|---|
ზედა გორდი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხონის მუნიციპალიტეტი |
თემი | გორდი |
კოორდინატები | 42°27′20″ ჩ. გ. 42°31′40″ ა. გ. / 42.45556° ჩ. გ. 42.52778° ა. გ. |
მოსახლეობა | 397[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
1926 წლისთვის გორდის თემი შედგებოდა ექვსი სოფლიდგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 4867 ადამიანს, ხოლო ფართობი 50 კმ²-ს.[2] ამჟამად გორდის თემი მოიცავს ზედა გორდს, ქვედა გორდს, ბანგვეთსა და გამოღმა ნოღას.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 397 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 464 | 222 | 242 |
2014[1] | 397 | 195 | 202 |
ბუნების ძეგლები
რედაქტირებასოფლის მიდამოებში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს ოკაცეს კანიონი, რომლის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. კანიონის კიროვან ნაპირზე იზრდება საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული.
სოფლის მიდამოებშია ასევე გორდის მღვიმე.
დავით დადიანის სასახლე
რედაქტირებასოფელში შემორჩენილია დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ნანგრევები. სასახლე დავით დადიანმა 1841 წელს რუსი არქიტექტორის, ლეონიდ ვასილიევის პროექტის მიხედვით ააშენებინა. სასახლე იყო ორსართულიანი, ციხე-სიმაგრის მსგავსი ნაგებობა. დასრულებული სახით შენობა სიგრძეში 40 მეტრს და სიგანეში 20 მეტრს შეადგენდა. პირველ სართულს სვეტები და თაღები ჰყოფდა, ხოლო მეორე სართულზე დიდებული დარბაზი, მისაღები ოთახი, სალონი და ბიბლიოთეკა იყო განთავსებული.
დავით დადიანმა მოიწვია სახელგანთქმული აგრონომი და ლანდშაფტის არქიტექტორი, ჟოზეფ ბაბინი, რომელიც აგრეთვე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გაშენებას ხელმძღვანელობდა და რომელსაც გორდის სასახლის გარშემო ბაღების დაპროექტება დაევალა. სამუშაოები ბაბინიმ დაიწყო და მოგვიანებით მშენებლობაზე პასუხისმგებლობა იტალიელმა მებაღემ გაეტანო ზამბერლეტიმ გადაიბარა. 80 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიას ქვის კედელი ჰქონდა გარშემორტყმული, რომელშიც სამი დაცული ჭიშკარი იყო დატანებული. ამ კომპლექსში აბანო და ხელოვნური ტბაც შედიოდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II