ველისციხის სახალხო თეატრი

ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის სახალხო თეატრი — თეატრი სოფელ ველისციხეში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი).

დაარსდა 1885 წელს როგორც სცენისმოყვარეთა დრამატული წრე. პირველად წარმოადგინა გიორგი ერისთავის „ძუნწი” და რაფიელ ერისთავის „ბიძიასთან გამოხმაურება”. 1917 წლის რევოლუციამდე თეატრის სცენაზე დაიდგა სპექტაკლები: ჰ. ჰაჯიბეკოვის ოპერეტა „არშინ მალ-ალან”, „მაშტი იბადი”, დ. ერისთავის „სამშობლო”, ა. წერეთლის „პატარა კახი”, ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი”, ა. ცაგარლის „ციმბირელი”, „ხანუმა”, კურსელის „ორი ჯიბგირი” (დადგმა შ. საფაროვისა). შ. დადიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით თეატრის სცენაზე დაიდგა მისივე პიესა „საშინელი შურისძიება” ანუ „შვილი თუ საყვარელი”, ა. შაშიაშვილმა დადგა ა. ყაზბეგის „კონსტანტინე ბატონიშვილი”, ქ. ანდრონიკაშვილი-კახიძისამ — შ. დადიანის „გუშინდელნი”.

ი. მებურიშვილმა და შ. დადიანმა საფუძველი ჩაუყარეს მუდმივ თეატრალურ დასს, რომელსაც „ლურჯხალათიანთა კოლექტივი“ უწოდეს. დასი 1929 წლამდე მუშაობდა და დგამდა პიესებს: ტ. რამიშვილის „სტუმარმასპინძლობა” (ი. მებურიშვილის დადგმა), ჰ. ჰაჯიბეკოვის „აშუღ-ყარიბი”, „ლეილ-მაჯნუნი” (ი. ბეჟანოვის დადგმა), ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი”, დ. თაქთაქიშვილის „ოჯახი” (რეჟ. ა. ჯაყელი), ნ. გოგოლის „რევიზორი”, ა. შირვანზადეს „ნამუსი” (რეჟ. ი. მებურიშვილი).

1929 წლიდან ველისციხეში „ლურჯხალათიანთა კოლექტივის“ ბაზაზე შეიქმნა საკოლმეურნეო თეატრი, რომელიც 1931 წლიდან პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრად გადაკეთდა, 1960 წელს კი ეწოდა ველისციხის სახალხო თეატრი. 1986 წლის 14 იანვარს აღინიშნა თეატრის საუკუნოვანი იუბილე.

ველისციხის სახალხო თეატრში სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ საქართველოს დამსახურებული არტისტები: ლ. თევზაძე, მ. მესხი, მ. ღაღაშვილი; კულტურის დამსახურებული მუშაკები: ც. ისაკოვი, ქ. მელექსაშვილი, ა. დავიდოვი, ა. თომაძე, ბ. ტატიშვილი და სხვ.; რეჟისორები: ა. ყაზაროვი, ი. გოგოლაძე, მ. ბაბლოიანი, ვ. კარდენახიშვილი, გ. ხოსიტაშვილი; მხატვრები: ა. ფერიშვილი, მ. არბოლიშვილი, ვ. შალვაშვილი, ზ. თათარაშვილი, ბ. ზეინალოვი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კარდენახიშვილი ნ., სეფიაშვილი კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.