ვაჩიანი
ვაჩიანი — სოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ვაჩიანი, მურჯახეთი, ჩამძვრალა).
სოფელი | |
---|---|
ვაჩიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვაჩიანი |
კოორდინატები | 41°21′14″ ჩ. გ. 43°25′50″ ა. გ. / 41.35389° ჩ. გ. 43.43056° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1760 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1801[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 98,9 % ქართველები 1,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ვაჩიანის ტბასთან, ახალქალაქ-კარწახის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1760 მ-ზე, ახალქალაქიდან 9 კმ-ში.
ისტორია
რედაქტირება„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (1595) მიხედვით, ოსმალთა მიერ დაპყრობილი ჯავახეთის სოფელი ვაჩიანი შედიოდა ახალქალაქის ლივის აქშეჰირის ნაჰიეში. იქ 17 კომლი ქართველი ცხოვრობდა, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი, მოჰყავდათ ბოსტნეული, ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი (საზეთედ), იონჯა და იხდიდნენ გამოსაღებს — 19 500 ახჩას. 1703–1704 წლებში ვაჩიანი ექვემდებარებოდა ვინმე ჰალილს და შეწერილი ჰქონდა 6 000 ახჩა.
ვაჩიანს, როგორც ჯავახეთის მხარის ერთ-ერთ დიდ სოფელს, იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტიც (საქართველო მოიარა 1771–1772 წლებში).[2] 1790 წელს ჯავახეთში თურქების და ლეკების წინააღმდეგ ლაშქრობის დროს ვაჩიანის ციხე აიღო დავით ბატონიშვილმა.[3] 1829 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, ვაჩიანი სამხრეთ საქართველოს ნაწილთან ერთად, რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ამ დროს დასახლდნენ აქ ოსმალეთიდან (არზრუმიდან) წამოსული სომხები.
ვაჩიანში ძველი ქართული ეკლესიების ნანგრევებზე აგებულია ახალი ეკლესია, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებში აუშენებიათ სომხებს. წყობაში კარგად ჩანს ადრინდელი ხანის სტელები, „ბოლნურმედალიონებიანი“ ლოდები, ქართული წარწერათა ფრაგმენტები (ნუსხური), რომლებიც კედლებში უადგილოდაა ჩაყოლებული („ქრისტე, შეიწყალე მონა შენი ზურაბ“, „ედიშერ“...) და XIII საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს. 1933 წელს ნ. ბერძენიშვილს ვაჩიანთან უნახავს მოზრდილი ლოდი ქართული (ნუსხური) წარწერით, სადაც საუბარია ზაქარია ამირსპასალარის ბრძანებით ზრესკელი ბერის მიერ „ზუინაქტის“ აშენებაზე, იქვე იხსენიებიან შალვა და მისი ძმა ივანე (ახალციხელები).[4] წარწერა XIII საუკუნით თარიღდება და ამჟამად ახალციხის მუზეუმშია დაცული. ვაჩიანის „ზემო ეკლესიის“ ირგვლივ ძველი სასაფლაოა, სადაც გვხვდება ვერტიკალურად დაყენებული ჯვრიანი ქვები და ყოჩებისა და ცხენების ფიგურები საფლავის ლოდებად.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 801 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 2 207[5] | ||
2014 | 1 801 | 893 | 908 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 206.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I (გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა), თბ., 1962. — გვ. 215.
- ↑ Давид Багратиони. История Грузии, Тб.: Мецниереба, 1971. — с. 168.
- ↑ ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964. — გვ. 137-141.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.