ვასილ ივანჩუკი
ვასილი ივანჩუკი ((უკრ. Василь Михайлович Іванчук), (ინგლ. Vasyl Mykhaylovych Ivanchuk) დ. 18 მარტი, 1969, კოპიჩინცი,უკრაინის სსრ, სსრკ) ―
უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1988), 2002 წელს ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, სამჯერ იყო ფიდეს რეიტინგის მეორე ნომერი (ივლისი 1991, ივლისი 1992 და ოქტომბერი 2007). სსრკ-ს და უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი. ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ორჯერ სსრკს-ს ნაკრებში, ორჯერ უკრაინის. 2004 წლის ევროპის ჩემპიონი. 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში (2007) და ელვისებურში (2016).
მოგებული აქვს პრესტიჟული ტურნირები: ლინარესის, ვეიკ ან ზე, ტალის მემორიალი, გიბრალტალ მასტერსი და M-Tel Masters-სი. უკრაინის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე.
2010 წლიდან გატაცებულია შაშით. 2015 წელს პირველად შაშის საერთაშორისო ტურნირზე Heerhugowaard Open 2015 გამოვიდა, სადაც 25 საერთაშორისო დიდოსტატი თამაშობდა[1]. 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.
ვასილ ივანჩუკი | |
ქვეყანა (სპორტი) |
სსრკ, |
---|---|
ეროვნება | უკრაინელი |
დაბადების თარიღი | 18 მარტი, 1969 |
დაბადების ადგილი | კოპიჩინცი, უკრაინის სსრ, სსრკ |
წოდება | დიდოსტატი (1988) |
ფიდე რეიტინგი | 2678 (მარტი 2022) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2787 (ოქტომბერი 2007) |
ჯილდოები და პრემიები |
თავად იაროსლავ ბრძენის IV ხარისხის ორდენი, |
ბიოგრაფია
რედაქტირებაივანჩუკი 1969 წლის 18 მარტს ქალაქ კოპიჩინცში დაიბადა. მამა იურისტი ჰყავდა, დედა ფიზიკოსი. ჭადრაკის თამაში მეოთხე კლასში დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი ოლეგ კალინინი იყო, რომელთანაც მომზადება 1979 წელს ტერნოპილის ოლქის საჭადრაკო კლუბ „ავანგარდში“ დაიწყო. მეორე მწვრთნელი 1980 წლიდან ლვივში მიხაილ ნეკრასოვი გახდა.
1982 წელს კარპატების სამხედრო ოლქის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში და მისი მომზადება ცნობილმა მწვრთნელებმა ითავეს, ვიქტორ ჟელიანდინოვმა და ვლადიმირ ბუტურინმა.
1985 წელს სსრკ-ს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, ხოლო უკრაინის სსრ-ს პირველობაზე ბრინჯაო აიღო. დაასრულა ლვოვის სახელმწიფო ინსტიტუტი ფიზიკური კულტურის განხრით.
1987 წელს გრონინგენში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მსოფლიოს ახალგაზრდულზე მეორე ადგილზე გავიდა.
მომდევნო წელს ნიუ-იორკში პირველ საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვა, 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულა დააგროვა და დიდოსტატები ჩამოიტოვა. ადელაიდაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველზე გავიდა, თუმც ტაი-ბრეიკში ჟოელ ლოტიესთან დამარცხდა. ამ წარმატებით ფიდეს დიდოსტატის წოდება მიიღო და პლანეტის მოჭადრაკეთა საუკეთესო ათეულში მოხვდა.
1988 წელს სსრკს ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე გამოვიდა და ჩემპიონი გახდა.
1989 წელს, 19 წლისამ ლინარესის სუპერტურნირზე იმარჯვა. სუპერტურნირი მეორედ ორი წლის შემდეგაც მოიგო. ივანჩუკმა 13 შესაძლებლობიდან 9,5 ქულა დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონი გარი კასპაროვი ნახევარი ქულით ჩამოიტოვა[2]. ვასილმა გარი პირად შეხვედრაშიც დაამარცხა და ორ სიმბოლურ კლუბშიც შევიდა, „მიხაილ ჩიგორინის“ და „ეუჰენიო ტორესის“. იმ წელს ლეონიდ კაპლუნუნი წვრთნიდა.
წარმატებით ასპარეზობდა სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირებზე და რამდენიმე მოიგო: 1989 წელს ბილის ტურნირი, 1990 - ტილბურგის, 1991- რეიკიავიკის, 1992 - დორტმუნდის, 1994 - მიუნხენის და ნოვგოროდის, 1995 - ჰორგენის და ლინარესის, 1996 - ვეიკ ან ზესი, 1997-ბელგრადის, 1998-ელისტის, 2000-ლვოვის და მონტეკატ თერმეშის.
2002 წელს მოსკოვში ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და ფინალში თანამემამულე რუსლან პონომარიოვთან დამარცხდა.
2004 წელს ანთალიაში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი მოიგო. იმავე წელს ტრიპოლში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსინჯა ძალები, სადაც რეიტინგით128 მოჭადრაკეს შორის მეხუთე იყო. მან მხოლოდ ორი ეტაპი გაიარა და მესამეში მომავალ ჩემპიონ რუსტამ კასიმჯანოვთან დამარცხდა 1,5:2,5.
ჩემპიონობაში ასევე ხელი შეუშალა ფიდეს და კასპაროვს შორის მსოფლიოს ჩემპიონობის გაყოფამ, 1993-2006 წლებში. ფიდეს ვალდებულებების გამო 2002 წელს დორტმუნდში პრეტენტენტთა ტურნირზე ის და ვიშვანათან ანანდი ვერ გამოვიდნენ და შესაბამისად 2004 წლის კლასიკური მსოფლიოს ჩემპიონატის გამოსავლენ მატჩშიც ვერ მოხვდნენ.
2005 წლის მაისში ჰავანაში კაპაბლანკას მემორიალი მოიგო, 12 პარტიაში 9,5 ქულა დააგროვა. რეიტინგით პირველი იყო ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს თასზე, თუმც მხოლოდ ერთი ეტაპის გადალახვა შეძლო. მესამე ეტაპამდე მივიდა 2007 წელს იმავე ტურნირზე, სადაც კვლავ პირველი ნომერი იყო და ხანტი-მანსიისკმა უმასპინძლა. ნოემბერში ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გათამაშებას მოსკოვმა მიხაილ ტალის მემორიალის ფარგლებში უმასპინძლა.
უკრაინაში, ფოროსში მე-18 კატეგორიის საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვა, რომელიც დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში, ჩატარებულ, ყველაზე ძლიერ ტურნირად ითვლება.
2008 წელს ორი ძლიერი ტურნირი მოიგო, ჯერ მაისში სოფიაში M-Tel Masters-ზე იყოჩაღა, ხოლო აგვისტოში მოსკოვში ტალის მემორიალზე.
2009 წელს მსოფლიოს თასზე მეექვსე ნომრად განთესილმა მეორე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა და ემოციური ინტერვიუ მისცა, სადაც თითქოს ჭადრაკიდან წასვლას იუწყებოდა. მოგვიანებით მან ღია წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა რომ არსად წასვლას არ აპირებს.
ფიდეს გრან-პრის 2008-2010 წლის გათამაშებაში იასპარეზა, 6-დან ოთხ ტურნირზე გამოვიდა, საერთო ჩათვლაში 26 მონაწილეს შორის მე-12 ადგილი დაიკავა და კანდიდატთა ტურნირის საგზურის გარეშე დარჩა. ივანჩუკმა ოთხიდან ერთი ტურნირი მოიგო, 2009 წლის აგვისტოში იარმუკში პირველი იყო.
2011 წელს, ხანტი-მანსიისკში, ფიდეს მსოფლიოს თასზე მესამე ადგილი დაიკავა და 8 კაციან კანდიდატთა ტურნირის საგზურიც მოიპოვა, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულისთვის დაუპირისპირდებოდა.
2011 წლის 26 სექტემბრიდან-11 ოქტომბრის ჩათვლით Bilbao Grand Slam Masters-ზე იასპარეზა და მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ეტაპი სან-პაულუში ჩატარდა და ექვს მოჭადრაკეს შორის პირველი იყო. მეორე ეტაპისთვის სან-პაოლუდან ბილბაოში გამოფრენისას აეროპორტში ივანჩუკი ცოლთან ერთად გაძარცვეს[3], რაზეც მოჭადრაკე გაბრაზდა და ტურნირიდან ჩახსნასაც აპირებდა, თუმც მეუღლემ გადააფიქრებინა. ბილბაოში დასანანი ქულები დაკარგა და პირველ ადგილზე 15 ქულით (მოგებაზე 3 ქულა ერიცხებოდათ, ყაიმზე ერთი) მაგნუს კარლსენთან ერთად გავიდა. ტაი-ბრეიკში კი ნორვეგიელმა აჯობა 1,5:0,5 და მეორე ადგილი არგუნა.
2012 წლის იანვარში ლვოვში მისი სახელობის საჭადრაკო სკოლა გაიხსნა.
კანდიდატთა ტურნირს 2013 წლის 15 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ლონდონმა უამსპინძლა. ივანჩუკმა 3 მოიგო, 5 წააგო, 6 ყაიმით დაასრულა და მეშვიდე ადგილზე გავიდა. ვასილმა ტურნირის გამარჯვებული მაგნუს კარლსენი და მეორეადგილოსანი ვლადიმირ კრამნიკი დაამარცხა.
2016 წლის დეკემბერში დოჰაში სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან 15 შესაძლებლობიდან 11 ქულა დააგროვა. მის მსგავსად 11 ქულა ჰქონდათ მსოფლიოს ჩემპიონ კარლსენს (რომელიც ურთიერთშეხვედრისას დაამარცხა) და ალეკსანდრ გრიშჩუკს, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვება უკრაინელს მიაკუთვნეს და საპრიზო თანხა 33 ათასი დოლარიც მისცეს[4].
2002 წლის ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონატი
რედაქტირება2002 წელს მოსკოვში 16-25 იანვარს ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. 128 მონაწილეს შორის რეიტინგით მე-4 ნომერი იყო. პირველ ეტაპზე ბატრ შოვუნოვი დაამარცხა 1,5:0,5, მეორეში ბართლომეო მაჩეია 3:1, მესამეში ემილ სუტოვსკი 1,5:0,5. მეოთხეში იე ჟიანგჩუანი 1,5:0,5. მეოთხედფინალში ჟოელ ლოტიეს სძლია 3,5:2,5, ნახევარფინალში ვიშვანათან ანანდს 2,5:1,5 და ფინალში თანამემამულე რუსლან პონომარიოვს შეხვდა.
# | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | რუსლან პონომარიოვი | უკრაინა | 1 | = | = | = | 1 | = | = | 4,5 |
2 | ვასილ ივანჩუკი | უკრაინა | 0 | = | = | = | 0 | = | = | 2,5 |
პირველი პარტია ვასილმა წააგო, მომდევნო სამი ყაიმით დასრულდა, მეხუთეში კვლავ დამარცხდა, შემდეგ ზედიზედ ორი ყაიმი ითამაშა, 2,5:4,5 ანგარიში დააფიქსირა და ფინალიც ნაადრევად დაასრულა.
ნაკრებები
რედაქტირებასსრკ-ს ნაკრები
რედაქტირებაორჯერ იასპარეზა სსრკს ნაკრების შემადგენლობაში და ორივეჯერ გუნდური ოქრო მოიგო. 1988 წელს თესალონიკში მე-2 სარეზერვო დაფაზე თამაშობდა, 1990 წელს ნოვი სადში კი პირველზე. იმ წელს ნაკრების ლიდერებს გარი კასპაროვს და ანატოლი კარპოვს ერთმანეთში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი ჰქონდათ და ნაკრებისთვის არ ეცალათ. ნოვი სადში ივანჩუკმა ინდივიდუალური ბრინჯაოს მედალიც მოიგო. 1989 წელს მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე სარეზერვო დაფაზე მოთამაშემ ორი ოქროს მედალი მოიგო, გუნდური და ინდივიდუალური.
უკრაინის ნაკრები
რედაქტირებაუკრაინის ნაკრებში 1991 წლიდან ასპარეზობს.
ოლიმპიადაზე უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 1992 წლიდან თამაშობს და მხოლოდ ერთხელ 2016 წელს გამოტოვა. 2002 წელს მეორე დაფაზე გამოვიდა, სხვა ყველა დანარჩენზე კი პირველზე იყო.
ორჯერ გახდა ნაკრების შემადგენლობაში ჩემპიონი 2004 და 2010 წლებში. 2010-ში თავის დაფაზეც საუკეთესო იყო და ინდივიდუალური ოქროს მედალიც მიიღო. ერთხელ მოიგო გუნდური ვერცხლი 1996 წელს, ხოლო ბრინჯაო სამჯერ (1998, 2000 და 2012 წლებში). პირადულში ინდივიდულურში ოქროს გარდა ორი ბრინჯაოც აქვს მოგებული. 1996 და 2004 წლებში.
7-ჯერ იასპარეზა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და აქედან 5 გუნდური მედალიც მოიპოვა. ერთი ოქრო 2001 წელს, ორი ვერცხლი 1993 და 2015 წლებში, ორიც ბრინჯაო 2011-2013 წლებში. ინდივიდუალურშიც 5 მედალი აქვს აღებული. 1993 და 1997 წლებში მცირე ოქრო, 2001 და 2015 წლებში ვერცხლი, ხოლო 2013 წელს ბრინჯაო. 2015 წელს მეორე დაფაზე თამაშობდა, დანარჩენზე კი პირველზე.
ორი გუნდური ვერცხლი აქვს ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, 1992 და 2019 წლებში.
ინციდენტი 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიდაზე
რედაქტირება2008 წლის ოლიმპიადაზე, დრეზდენში ბოლო ტურში უკრაინის ნაკრები აშშ-ს ხვდებოდა. უკრაინელები მეორეზე იყვნენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობის შანს იძენდნენ, თუმც 0,5:3,5 დამარცხდნენ და მეოთხეზე გავიდნენ. მანამდე კი ივანჩუკი მასში აკრძალული ნივთიერებების შესამოწმებლად ტესტირებისთვის აარჩიეს და ანალიზებზე თამაშის შემდეგ ელოდნენ.
პირველ დაფაზე მოთამაშე ივანჩუკმა ბოლო პარტია გატა კამსკისთან წააგო. უმედლოდ დარჩენამ ისე გააბრაზა რომ გარეთ გავარდა, გამწარებულმა ბეტონის კედელს დაარტყა და დოპინგ-ტესტის ჩატარებაზე უარი გაანცხადა. ამისთვის კი ფიდესგან სანქციები ელოდა და პარტიების შედეგებსაც გაუქმებდნენ. საბედნიეროდ სანქციები არ შეეხო, რადგანაც გაირკვა რომ ტესტის აღებაზე თავიდან ინფორმირებული არ ყოფილა და კამსკისთან წაგების შემდეგ გონება აბნეული ჰქონდა.
კლუბები
რედაქტირება2001 წელს პოლონური Polonia Plus-ის შემადგენლობაში, პორველი დაფაზე მოთამაშემ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მედალი მოიგო, გუნდური და პირადული.
Polonia Plus-ში სხვა წლებში ასეთი შედეგები ჰქონდა:
2002-ში გუნდური ბრინჯაო და პირადი ოქრო. (პირველი დაფა)
2003-ში გუნდური ვერცხლი და პირადი ბრინჯაო. (პირველი დაფა)
2005-ში გუნდური ვერცხლი და პირადი ოქრო. (მეორე დაფა)
2006-ში რუსულ TPS Saransk-ში გამოვიდა და პირადი ოქრო მოიგო. გუნდი კი მეხუთეზე გავიდა.
2012-ში ებრაულ Ashdod City Club-ში ინდივიდუალურ ბრინჯაო დასჯერდა, 2016-ში კი ოქრო აიღო.
ოჯახი
რედაქტირება1991 წელს დაქორწინდა რუს მოჭადრაკე ალისა გალიამოვაზე, რომელიც იმ დროისთვის უკრაინის სახელით ასპარეზობდა. წყვილი 1996 წელს განქორწინდა და საერთო შვილი მიშა ჰყავთ.
2006 წლის 18 ნოემბერს მეორედ დაქორწინდა.
შაში
რედაქტირება2010 წლიდან გატაცებულია შაშით. 2015 წელს პირველად შაშის საერთაშორისო ტურნირზე Heerhugowaard Open 2015 გამოვიდა, სადაც 25 საერთაშორისო დიდოსტატი თამაშობდა. 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. 2019 წლის ივლისში შაშის საერთაშორისო რეიტინგში 1111 იყო[5].
გამორჩეული პარტია
რედაქტირებაივანჩუკი-კასპაროვი. 1991 წელი, 23 თებერვალი. ლინარესი.
პირველივე ტურში 21 წლის მოჭადრაკე მსოფლიოს ჩემპიონს თეთრებით დაუპირისპირდა. მე-9 სვლისთვის კუები მხედრებში გაუცვალა შავებს და ლაზიერის ფლანგიდან შეუტია. სწორი ტაქტიკა აირჩია ივანჩუკმა, კასპაროვის მეფე თავის ფიგურებთან ერთად მარჯვენა კუთხეში გამოკეტა და 38-ე სვლაზე დააშამათა[6]
თამაშის სტილი
რედაქტირებაივანჩუკი თამაშობს შემოქმედებით ჭადრაკს, კარგად ესმის თამაში და ორიგინალური იდეები შემოაქვს, რისთვისაც საჭადრაკო გენიოსის წოდებას იმსახურებს. მოთამაშეები მას „დიდ ჩაკს“ უწოდებენ. კასპაროვის აზრით ივანჩუკს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ყველა მონაცემები ჰქონდა, თუმც სამწუხაროდ არასოდეს გამხდარა. ივანჩუკს საუკეთესო ფოტოგრაფიული მახსოვრობა ჰქონდა, რომელიც საშუალებას აძლევდა დებიუტების განვითარების დიდი არჩევანი ჰქონოდა და ამით მეტოქეს თავგზას უბნევდა. აქვს წარმოსახვითი თამაშის ბევრი ახალი იდეა, რომელიც აერთიანებს ფანტაზიას, ტექნიკას, გამოგონებას, სტილის სიწრაფეს და საბრძოლო სულს.
შეფასება
რედაქტირებაივანჩუკი 1988 წლის ივლისიდან, 2002 წლის ოქტომბრამდე პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკეთა ათეულში ირიცხებოდა, ხოლო 2009-ის ივნისამდე ოცეულში. საჭადრაკო ვებ გვერდ: The Week in Chess-ზე მარკ კროტერმა განაცხადა რომ ივანჩუკის არასტაბილური თამაში გამოწვეულია მისი „ცუდი ტემპერამენტით“.
2009 წლის ივლისში ფიდეს რეიტინგში 30-იან ზღვარს გადასცდა, თუმც მომდევნო თვეში ათეულში დაბრუნდა. დიდი ნიჭისა და გამოცდილების მიუხედავად ვერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, რაც მისი ნერვების და უხეში შეცდომების დამსახურებაა. 1994 წლის ლონდონური გრან-პრის დროს ვიშვანათან ანადთან ვერ დაასრულა ხეირიანი შეტევა და შამათის შანსი გაუშვა.
ინგლისელი დიდოსტატი გავეინ ჯონსი ივანჩუკზე ამბობდა: „შესაძლოა ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე იყოს“.
2012 წელს იუდიტ პოლგარს ჰკითხეს ვინ მიაჩნდა გენიოს მოჭადრაკეებად. იუდიტმა ივანჩუკი, კარლსენი და ანანდი დაუსახელა[7].
ანანდმა ივანჩუკს ყველაზე ექცენტრირებული მოჭადრაკე უწოდა: „ის ძალიან ინტელექტუალურია და არ იცი რა ხასიათზე დაგხვდება. შეიძლება ერთ დღეს როგორც დიდი ხნის დაკარგულ ძმას ისე შეგხვდეს, მეორე დღეს კი საერთოდ დაგაიგნოროს. მოთამაშეები ხანდახან ხუმრობენ მასზე „ივანჩუკის პლანეტაზე“ ცხოვრობსო. ერთხელ ვნახე ნასვამი როგორ მღეროდა უკრაინულ ლექსებს, მეორე დღეს კი შთამბეჭდავი მოხსენება წაიკითხა. მისი სათამაშო სტილი გამოუცნობი და ორიგინალურია, რაც უფრო სახიფათოს ხდის, თუმც ხანდახან სწრაფ წაგებამდე მიჰყავს“.
წიგნიდან The World's Greatest Chess Games:
თავისი ნიჭი ბოლომდე რომ გამოეყენებინა, პლანეტის ნომერ პირველი მოჭადრაკე იქნებოდა. მაგრამ ის ემოციური მოთამაშეა და ცუდად გადააქვს წაგებები. კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, როცა ზეწოლის ქვეშაა და მოტივაცია დაკარგული აქვს.
2009 წელს მსოფლიოს თასზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ჭადრაკიდან წასვლსაც აპირებდა, თუმც შემდეგ გადაიფიქრა.
2009 წელს მსოფლიოს თასზე მეექვსე ნომრად განთესილმა მეორე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა და ემოციური ინტერვიუ მისცა, სადაც თითქოს ჭადრაკიდან წასვლას იუწყებოდა[8]. მოგვიანებით მან ღია წერილი გამოაქვეყნა და განაცხდა რომ არსად არ აპირებს წასვლას[9].
წიგნები
რედაქტირება- ლინარესის სუპერტურნირი, 1992, ISBN 5-8292-0019-8
ჯილდოები
რედაქტირება- თავად იაროსლავ ბრძენის IV ხარისხის ორდენი - (2011 წლის 23 აგვისტო). უკრაინის წინაშე გამოჩენილი დამსახურებისათვის უკრაინის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის სფეროში, უკრაინის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებაში, ეკონომიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ხელოვნების, ჯანმრთელობის დაცვის განვითარებაში, საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი საქმიქნობისათვის[10].
- თავად იაროსლავ ბრძენის V ხარისხის ორდენი - (2009 წლის 16 იანვარი). უკრაინის საზოგადოების კონსოლიდაციაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილის შეტანისთვის, დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში და უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით
- ღირსების I ხარისხის ორდენი (2004 წლის 4 ნოემბერი) – 2004 წელს ესპანეთში მსოფლიოს 36-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის, უკრაინის საერთაშორისო სპორტული ავტორიტეტის ამაღლებაში მნიშვნელოვანი პირადი წვრილის შეტანისთვის.
- ღირსების II ხარისხის ორდენი (2002 წლის 24 იანვარი) - ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე (2001-2002 წლები, მოსკოვი) მაღალი შედეგის მიღწევისთვის, მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის საერთაშორისო სპორტული ავტორიტეტის განმტკიცებაში
- უკრაინის პრეზიდენტის საპატიო ნიშანი (1992 წლის, 18 დეკემბერი) - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებსა და ევროპის ჩემპიონატებზე გამორჩეული სპორტული შედეგების მიღწევისთვის, პირადი წვლილი უკრაინის ავტორიტეტის ჩამოყალიბებაში მსოფლიო სპორტულ არენაზე[11].
- უკრაინის პრეზიდენტის ჯილდო - საიუბილეო მედალი "უკრაინის დამოუკიდებლობის 20 წელი" (2011 წლის 19 აგვისტო) - მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის უკრაინის სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ, სამეცნიერო, ტექნიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებაში, მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის და მრავალი წლების შრომისმოყვარეობისთვის[12].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://ratings.fide.com/profile/14100010
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=12183
- https://www.365chess.com/players/Vassily_Ivanchuk
- https://www.chess.com/players/vasyl-ivanchuk
- http://www.gmsquare.com/interviews/ivanchuk1.html
- https://web.archive.org/web/20110211134146/http://www.chessvibes.com/reports/a-big-interview-with-vassily-ivanchuk/
- https://www.fmjd.org/?p=pcard&id=20097
- http://www.olimpbase.org/players/oeo8eigf.html
- https://toernooibase.kndb.nl/opvraag/liddetailp.php?SpId=15082&Id=f&taal=1
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Toernooibase Dammen
- ↑ John Henderson. (2 March 2002) Linares 2002: Just How Much Wood Can a Woodchuck Chuck, Chucky?. Chessbase. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-24. ციტირების თარიღი: 2022-03-26.
- ↑ São Paulo Masters – Highway robbery in São Paulo! (4 October 2011). ციტირების თარიღი: 1 December 2014
- ↑ Fischer, Johannes. (28 December 2016) Vassily Ivanchuk is new World Champion in Rapid Chess. ChessBase. ციტირების თარიღი: 28 December 2016
- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: January 27, 2019
- ↑ Vassily Ivanchuk vs Garry Kasparov (1991) "Chess Boxing" (23 March 2010). ციტირების თარიღი: 21 July 2015
- ↑ KC-Conference with Judit Polgar. Crestbook (12 January 2012). ციტირების თარიღი: 1 December 2014
- ↑ Василий Иванчук: Ухожу из серьезных шахмат!. ციტირების თარიღი: 2020-06-11.
- ↑ Василий Иванчук: «Ни в коем случае не собираюсь бросать шахматы!». ციტირების თარიღი: 2020-06-11.
- ↑ Указ Президента Украины № 845/2011 от 23 августа 2011 года «О награждении государственными наградами Украины по случаю 20-й годовщины независимости Украины». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-18. ციტირების თარიღი: 2022-03-26.
- ↑ В. Й. Бузало. «Орден „За заслуги“ (до 10-річчя першої нагороди незалежної України)». ISSN 0130-5247. Укр. іст. журн., 2002, № 6, стор. 78-91.(უკრ.)
- ↑ Указ Президента України № 822/2011 від 19 серпня 2011 року «Про нагородження відзнакою Президента України − ювілейною медаллю „20 років незалежності України“»(უკრ.)