ვასილ თამარაშვილი

ვასილ თამარაშვილი (დ. 21 იანვარი, 1883, თბილისი — გ. 7 აპრილი, 1957) — ქართველი გამომგონებელი, მუსიკოსი. ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ მიხეილ თამარაშვილის (1858–1911) ძმისშვილი.

1911 წელს დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (სამხედრო კაპელმაისტერის სპეციალობით).

სწავლის პერიოდში დააარსა 15 მუსიკოსის შემადგენლობით ორკესტრი, რომელიც თანამშრომლობდა თბილისის სხვადასხვა თეატრთან; ამ ორკესტრისათვის დაამუშავა სიმღერები, მათ შორის: „მარსელიეზა“, „ვარშავიანკა“, ქართული ხალხური სიმღერები; 1913 წლიდან ჩამოაყალიბა ქართული ხალხური საკრავებისაგან შედგენილი ორკესტრის სქემა, ამ პერიოდიდან მუშაობდა ძველი ხალხური საკრავების აღდგენა–რეკონსტრუირებაზე; 1914 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული ფილარმონიული საზოგადოების მუსიკალურ სკოლაში; 1914 წელს დაამზადა პირველი რეკონსტრუირებული ჩონგური, შემდეგ ჩანგი, ფანდური, გუდასტვირი; 1937 წელს მის მიერ რეკონსტრუირებული 11 სხვადასხვა სახეობის საკრავი დამზადდა საქართველოს ხალხური შემოქმედების კაბინეტში და გადაეცა ხალხური შემოქმედების საკავშირო სახლს, ამჟამად დაცულია პეტერბურგის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში; საკრავები შესულია „სსრკ ხალხთა მუსიკალური ინსტრუმენტების ატლასში“ (1963, 1975 მოსკოვი); მუსიკალურ სასწავლებელში სწავლის პარალელურად მუშაობდა ნოტის ამწყობ სტამბაში ნოტის გადამწერად; მას გაუჩნდა ნოტის საბეჭდი მანქანის შექმნის იდეა; 1914–1915 წწ. შექმნა ნოტის საბეჭდი მანქანის სქემა, 1921 წელს დაამზადა პირველი ნიმუში; 1936 წელს გადაწყდა ნოტის საბეჭდი მანქანის სერიული გამოცემა და დაიწყო მუშაობა ლენინგრადის ოლქის ქ. ლიგოვოს ქარხანაში (ნოტის საბეჭდი მანქანის გამოცემას ხელი შეუშალა ომმა); ნოტის საბეჭდი მანქანა, სანოტო ნიშნებთან ერთად, ბეჭდავდა ლიტერატურულ ტექსტს 5 ენაზე; თამარაშვილის გამოგონება იყო მსოფლიოში სანოტო გამოცემების მექანიზაციის ერთ–ერთი პირველი მცდელობა(მასალები ინახება საქართველოს სახელმწიფო არქივში); მას ეკუთვნის აგრეთვე მეთოდური სახელმძღვანელო მუსიკალურ საკრავთა შესასწავლად. მისი სახელი ეწოდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ნაძალადევის რაიონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 192.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება