ქართული ხალხური საკრავები

ქართული ხალხური საკრავები — ცნობილია უძველესი დროიდან, როგორც წესი, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს.[1].

ქართული ხალხური საკრავები საბჭოთა 10 კაპ. მარკაზე, 1990 წ.

საკრავი, როგორც „მატერიალური მუსიკალური კულტურის ძეგლი“, მუსიკის ისტორიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება ხალხური ხმიერი მუსიკის და, საზოგადოდ, მუსიკალური კულტურის ისტორიის ისეთი საკითხების გარკვევა, რაც სხვა გზით გაძნელდებოდა. ცნობილია, რომ ხმიერი და საკრავიერი მუსიკის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ხმიერი მუსიკა სტიმულს აძლევს საკრავიერის განვითარებას, მაგრამ საკრავიც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს ხმიერ მუსიკაზე ინტონირებს თვისებრივი გარკვეულობის, ბგერათრიგის კრისტალიზებისა და მუსიკალურ პრაქტიკაში დაზუსტებული ინტონაციის განმტკიცების მხრივ[2][3].

ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრივ, რომ მასში, განვითარებული საკრავების გვერდით, შემონახულია შედარებით მარტივი და არქაული ფორმბიც, რომელთა შედარებით-ისტორიული შესწავლა საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ საკრავის განვითარებას და დავადგინოთ მისი განვითარების ძირითადი ეტაპები. საუკუნეთა მანძილზე შექმნილ და თანდათან სრულქმნილ საკრავებზე ასახულია ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დაგროვილი ხალხური ცოდნა და გამოცდილება და ხალხის მუსიკალური აზროვნება.

ქართული მუსიკის ისტორიის შესწავლაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ივ. ჯავახიშვილის ფუძემდებლურ ნაშრომს[4], სადაც ქართულ და უცხოურ წყროებზე დაყრდნობით, ხალხურ სიტყვიერებასა და ზეპირ გადმოცემებზე დაყრდნობით შესწავლილია საკრავიერი მუსიკაც. ავტორი გამოყოფს და ცალ-ცალკე აჯგუფებს სიმებიან, ჩასაბერ, საჩხარუნებელ და დასარტყმელ საკრავებს, საკრავთა მყობრებს. იგი ეხება არა მარტო დღემდე გავრცელებულ, არამედ საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში გავრცელებულ და ცნობილ საკრავებს, გვაწვდის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეკრებილ ცნობებს სიმებისა და ცალკეული საკრავების დამზადების წესის შესახებ. ამმ ცნობების საფუძველზე ივ. ჯავახიშვილი ავსებს და ადგენს საკრავის ნაწილთა ქართულ ტერმინოლოგიას.

ქართული ხალხური საკრავთა შესწავლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის დ. არაყიშვილს. ის თავის ნაშრომში[5] მიმოიხილავს ძირითადად იმ მუსიკალურ საკრავებს, რომლებიც ინახებოდა მოსკოვსა (დაშკოვის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კონსერვატორიის მუზეუმსა და ფილარმონიული საზოგადოების მუსიკალურ-დრამატულ სასწავლებელში) და თბილისში (წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმში).

დ. არაყიშვილის მეორე ნაშრომი[6] წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მუსიკალური საკრავების კატალოგს. მასში მოცემულია ძირითადად ქართული ხალხური სამუსიკო საკრავბეის აღწერა და ზომები.

დ. არაყიშვილის სხვა ნაშრომებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვოკალურ მუსიკას, მაგრამ არც საკრავებია დატოვებული მთლად უყურადღებოდ. როდესაც იგი რომელიმე კუთხის სიმრერებზე მსჯელობს, გარკვეულ ადგილს უთმობს ამ კუთხეში გავრცელებულ საკრავებსაც[7][8].

დ. არაყიშვილი თავის ერთ ერთ ნაშრომში[9] ქართულ ხალხურ საკრავებს ერთ თავს უთმობს. მასში აღნუსხულია საქართველოში გავრცელებული და ცნობილი საკრავები (უენო და ენიანი სალამურები, სასწრაფო, საყვირი, სოინარი, სტვირი, დოლი, დიპლიპიტო, დაირა, გურული ჩონგური, გურული ჭიანური, ჭუნირი, ფანდური, წინწილა, სვანური ჩანგი).

ქართული მრავალღერიანი სალამური ერთადერთი ქართული საკრავია, რომლის შესახებაც არსებობს მონოგრაფიული გამოკვლევა. იგი ვ. სტაშენკო-კუფტინას ეკუთვნის[10] და წარმოადგენს ამ საკრავის ყოველმხრივ გამოკვლევას. ავტორი საკრავს განიხილავს ცოცხალ სიანმდვილეში, დაწვრილებით ეხება მასზე დაკვრის ხელოვნებას, არ კმაყოფილდება მხოლოდ ქართული მასალით და ეძებს ამ საკრავზე შესასრულებელი ჰანგების ანალიზს.

1936 წელს გამოქვეყნდა ვ. ბელიაევის გამოკვლევა[11], რომელშიც ქართული საკრავების მეცნიერული შესწავლის ცდაა მოცემული. ვ. ბელაიევი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული მუსიკალური საკრავების შესწავლას, რადგანაც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, აქ შემოინახა მუსიკალური კულტურის განვითარების მთელი რიგი ისეთი სტადიებისა, რომლებიც სხვაგან არ შეინიშნება. მისი დაკვირვებით, ქართული მუსიკალური ინსტრუმენტარიუმის უძველესი ფენაა მრავალღერიანი სალამური, ფანდური, გუდა-სტვირი და ჩანგი, ხოლო თვლიანი სალამური მოგვიანო ხანის საკრავად მიაჩნია.

ქართველ საბჭოთა მკვლევართაგან, რომლებიც საკრავიერ მუსიკას ეხებიან მეტ-ნაკლებად, ყურადღებას იმსახურებს გრ. ჩხიკვაძის ნაშრომები. აღსანიშნავია მისი გამოკვბლევა „სამუსიკო საკრავი ებანი და მისი რაობა“. განსაკუთრებით აღსანიშნავია გრ. ჩხიკვაძის მიერ შედგენილი და მისივე რედაქტორობით გამოცემული კრებული „ქართული ხალხური სიმღერა“.

ასევე აღსანიშნავია ვ. ახობაძის გამოკვლევები სვანური და აჭარული მუსიკალური კულტურის შესახებ[12][13]. აღნიშნული გამოკვლევები ძირითადად სასიმღერო ჟანრს ეხებიან, მაგრამ უყურადღებოდ არაა დატოვებული ინსტრუმენტალური მუსიკაც.

მუსიკალური საკრავების შესახებ მეტად მნიშვნელოვან მასალას ვხვდებით შ. ასლანიშვილის ნაშრომში[14]. ამ ნაშრომში განხილულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მუსიკალური კულტურის თავისებურებანი. სანოტო დანართში წარმოდგენილია ინსტრუმენტალური მუსიკის ნიმუშებიც, სადაც უნიკალური მასალაა მოტანილი, კერძოდ, „ხევსურული საცეკვაო“ ორსიმიან ფანდურზე და უენო სალამურზე შესრულებული „ვაცების გაქეჩვა“.

ქართული საკრავიერი მუსიკის შესახებ არსებობს ბ. გულისაშვილის ნაშრომი[15]. ავტორი იკვლევს ქართული ინსტრუმენტული მუსიკის კილოებს, წყობას, მეტრსა და რიტმს. აანალიზებს ჩონგურის, ფანდურის, სალამურისა და სოინარის მელოდიებს და ამავე საკრავების თანხლებით შესასრულებელ სიმღერებს.

რაჭული საკრავების შესახებ მოგვეპოვება ეთნოგრაფ ლ. ფრუიძის სტატია[16], სადაც ავტორი გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობებს საკრავის დამზადების წესისა და ყოფაში მისი გამოყენების შესახებ.

ქართულ ხალხურ საკრავებს სათანადო ადგილი ეთმობა საბჭოთა კავშირის ხალხთა მუსიკალური ინსტრუმენტების ატლასში[17]. აქ წარმოდგენილია საქართველოში გავრცელებული ქართული და არაქართული საკრავები.

ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი წარმოდგენილია სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყმელი ჯგუფებით.

სიმებიანი საკრავები იყოფა 1) ჩამოსაკრავ 2) მოსაზიდ და 3) ხემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. პირველ ქვეჯგუფს განეკუთვნება ფანდური და ჩონგური, მეორეს — ჩანგი, მესამეს — ჭუნირი და ჭიანური.

ჩასაბერი (აეროფონები) ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური (ლარჭემი და სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, გუდასტვირი ქართული გარმონი და ჭიბონი

დასარტყმელ საკრავებს განეკუთვნებიან დოლი და დაირა.

საქართველოში ასევე ცნობილია შემდეგი არაქართული საკრავებიც:

  1. დასარტყამი: დიპლიპიტო;
  2. ჩასაბერი: საყვირი;

საქართველოში ასევე გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავები: ქამანჩა, საზი, თარი, ზურნა, დუდუკი და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი“. - შემდგ.:ნანა მაჭარაშვილი, თბ.გამომცემლობა "მერედიანი". 2004

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მცხეთაში ნაპოვნია უენო სალამური;
  2. Р. И. Грубер, «История музикальной культуры», т. I, М.-Л., 1941, стр. 134
  3. В. К. Стешенко-Куфтина, «Древнейшие инструментальные основы грузинской народной музыки», I, Флейта Пана, Тб., 1936, стр. 14-15.
  4. ივ. ჯავახიშვილი, „ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები“, თბ., 1938
  5. დ. არაყიშვილი, «О грузинских музикальных инструментах из собрании Москвы и Тифлиса»
  6. დ. არაყიშვილი, „ქართული სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა“, თბ., 1940
  7. Д. Аракишвили, «Народная песня Западной Грузии (Имеретии) с приложением 83 песен в народной гармонизации, записанных фонографом», М., 1908
  8. Д. Аракишвили, «Грузинское народное музыкальное творчество с приложением 225 песен в народной гармонизации и 39 инструментальных мелодий, записанных фонографом», М., 1916
  9. დ. არაყიშვილი, „ქართული მუსიკა“, ქუთაისი, 1925
  10. В. К. Стешенко-Куфтина, Древнейшие инструментальные основы грузинской народной музыки, I, Флейта Пана, Тбилиси, 1936
  11. В. М. Беляев, К вопросу изучения грузинских музыкальных инструментов, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, IX-B, ტფილისი, 1936, გვ. 1-40
  12. ვ. ახობაძე, „ქართული (სვანური) ხალხური სიმღერების კრებული“, თბ., 1957
  13. ვ. ახობაძე, ქართული (აჭარული) ხალხური სიმღერები, ბათ., 1961
  14. შ. ასლანიშვილი, „ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ“, თბ., 1956
  15. Б. А. Гулисашвили, Грузинская народная инструментальная музыка, Тбилиси, 1948
  16. ლ. ფრუიძე, „ძველი ხალხური საკრავები რაჭაში“, ჟურნ. «საბჭოთა ხელოვნება», 1959, №12
  17. К. Вертков, Г. Благодатов, Э. Язовицкая, «Атлас музыкальных инструментов народов СССР», М., 1963