ქართული ხალხური მუსიკა

(გადამისამართდა გვერდიდან ქართული ხალხური სიმღერები)

ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორც სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.

უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.

ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ.

აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.

საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“, „ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“, „იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“*, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.

ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.

არსებობს ხალხური მუსიკის სხვა და სხვა ხმები : გამყინავი,მოძახილი,ბანი, და სხვა.

გამყივანი

რედაქტირება

გამყივანი, გუნდის მომღერალ მამაკაცთა მაღალი, მჭახე, განსაკუთრებული ტემბრის ძლიერი ხმა გურულ და აჭარულ სიმღერებში. ხშირად გაიგივებულია წვრილთან. ზოგჯერ უახლოვდება კრიმანჭულს. იყენებენ სიმღერების გარკვეულ ჯგუფში (”ნადური”, “ჰადილა”, “კალოს ხელხვავი”…). გამყივანის სასიმღერო ტექსტი შინაარსმოკლებული სიტყვების (რიმტირი, ტირირიმ, ვარირა, ჰოვდილა …), ზოგჯერ კი ცავკეული მარცვლებისაგან (რი, რა, რუ, დილ, ია, უა…) შედგება.

მოძახილი

რედაქტირება

მოძახილი, ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის ერთ-ერთი ზემო ხმა, რომელიც მთქმელს მოსძახის. „შოთა მღერის, მეფე თეიმურაზ, არჩილ მოსძახის ძმურება“ (დავით გურამიშვილი). მოძახილი შეიძლება იყოს როგორც მეორე, ასევე პირველი ხმაც (იმის მიხედვით, თუ რომელია მთქმელი).

ბანი, თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. “დავით უცემდა ორღანოთა შებანებულითა” (ძველი აღთქმა). სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონით – “ბანი – ხმის შეწყობა. ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს”. ამჟამად ბანი ეწოდება 1. მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას; 2. აკორდის ქვედა ბგერას; 3. მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.

ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.