ვასილ (ვასო) ნესტორის ძე ალშიბაია (დ. 1873, სოფ. ჭკადუაში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, — გ. 3 თებერვალი, 1906, იქვე) — ქართველი რევოლუციონერი, პუბლიცისტი.

დაიბადა აზნაური მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც სემინარიელთა ამბოხებაში მონაწილეობის გამო 1893 წელს გარიცხეს. შემდეგ სწავლობდა ქ. ნოვოჩერკასკის სასულიერო სემინარიასა და კიევის სასულიერო აკადემიაში. 1897 წელს სწავლა ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, საიდანაც 1901 წელს თავის უმცროს ძმასთან, გიორგი ალშიბაიასთან ერთად გარიცხეს სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის გამო. 1895 წლიდან რუსულ პრესაში აქვეყნებდა წერილებს შავი ზღვის სანაპიროზე რკინიგზის გაყვანის, ერობის (საქალაქო თვითმმართველობა) შემოღების და სხვადასხვა საკითხზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იყო. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს ჩამოაყალიბა სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაცია სამეგრელოში და სათავეში ჩაუდგა მის არალეგალურ კომიტეტს ზუგდიდის მაზრაში. მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლების ორგანიზების პარალელურად იყო აფხაზებსა და მეგრელებს შორის კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი ინიციატორი; 1905 წელს ზუგდიდში გამართულ თავადაზნაურთა ყრილობაზე ჩაშალა გლეხთა მოძრაობის წინააღმდეგ შეიარაღებული რაზმის შექმნის მცდელობა. 1906 წლის თებერვალში გენერალ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის დროს პოლკოვნიკ ხოდზინსკის ჯარისკაცებმა ჭკადუაშში ალშიბაიების კარ-მიდამო დაარბიეს, თავად ვასო ალშიბაია კი საკუთარ ეზოში დახვრიტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.124-128.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება