ვარლამ კაკუჩაია
ვარლამ ალექსის ძე კაკუჩაია (დ. 3 დეკემბერი, 1905/1906, სოფელი დრანდა, სოხუმის ოკრუგი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1982, 28 მარტი, სოხუმი/16 აპრილი, მოსკოვი) — ქართველი, საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელი, გენერალ-მაიორი.
ვარლამ კაკუჩაია | |
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 მარტი, 1953 – 10 აპრილი, 1953 | |
წინამორბედი | ვახტანგ ლოლაძე |
მემკვიდრე | ვლადიმერ დეკანოზოვი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1946 – 26 მარტი, 1947 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 მაისი, 1943 – 1 იანვარი, 1946 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 მარტი, 1941 – 31 ივლისი, 1941 | |
წინამორბედი | ავქსენტი რაფავა |
მემკვიდრე | ავქსენტი რაფავა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მაისი, 1939 – 26 თებერვალი, 1941 | |
წინამორბედი | მიხეილ კუკუტარია |
მემკვიდრე | კაპიტონ ნაჭყებია |
დაბადებული | 3 დეკემბერი, 1905/1906 სოფელი დრანდა, სოხუმის ოკრუგი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 28 მარტი/16 აპრილი, 1982 სოხუმი/მოსკოვი |
მოქალაქეობა | საბჭოთა კავშირი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავარლამ კაკუჩაია დაიბადა 1906 წლის 3 დეკემბერს (სხვა ინფორმაციით 1905 წელს) ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგის სოფელ დრანდაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. 1917 წელს სოხუმის ოკრუგში დაამთავრა 2-კლასიანი სასწავლებელი, 1925 წელს — სოხუმის პედაგოგიური ტექნიკუმი, 1925 წლის სექტემბრიდან 1926 წლის აგვისტომდე ასწავლიდა სოფელ მერხეულის პირველი საფეხურის სკოლაში. 1926 წელს ჩააბარა ტფილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1927 წლის ნოემბერში სწავლას თავი დაანება და მუშაობდა ტფილისში ამიერკავკასიის ტრანსპორტის მომხმარებელთა საზოგადოების პირადი მაგიდის გამგედ, საარიცხვო-გამანაწილებელი განყოფილების მდივნად. 1928 წლის აპრილში დაბრუნდა უნივერსიტეტში, სადაც 1929 წლის ოქტომბრამდე სწავლობდა. 1929 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს სსრ საკოლმეურნეო ცენტრის საქმეთა მმართველად, 1930 წლის იანვრიდან მარტამდე საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის აგიტ-მასობრივი განყოფილების მდივნად. დამთავრებული ჰქონდა სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოსთან არსებული უშიშროების სპეციალური სასწავლებელი.
1922-1933 წლებში იყო საკავშირო ალკკ წევრი, 1936 წლის დეკემბრიდან შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში. 1946-1950 წლებში იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს II მოწვევის დეპუტატი ეროვნებათა საბჭოში ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-დან.
1930 წლის მარტიდან 1931 წლის მაისამდე იყო სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ტფილისის რაიონული განყოფილების რწმუნებულის თანაშემწე სოფელ ყარაიაზში, 1931 წლის მაისიდან 1937 წლამდე — სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ყარაიაზის რაიონული განყოფილების უფროსი, 1937 წლის 4 სექტემბრიდან 1938 წლამდე — შინსახკომის ზუგდიდის რაიონული განყოფილების უფროსი, 1938 წლიდან — საქართველოს სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს განყოფილების უფროსი თანაშემწე. 1938 წლის 22 ოქტომბრიდან ამავე წლის 11 დეკემბრამდე ვარლამ კაკუჩაია ასრულებდა საქართველოს სსრ კპ (ბ) ცკ-ის ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის მოვალეობას. 1938 წლის დეკემბერში კი ის კვლავ შინსახკომში დაბრუნდა. 1938 წლის 29 დეკემბრიდან 1939 წლის 2 აპრილამდე ვარლამ კაკუჩაიას საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანაშემწის თანამდებობა ეკავა.
1939 წლის 10 მაისიდან 1941 წლის 26 თებერვლამდე ის აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო[1]. 1940 წლის დეკემბერში ვარლამ კაკუჩაია საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პირველი მოადგილე გახდა[2].
1941 წლის 11 მარტიდან 31 ივლისამდე იყო საქართელოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი, 1941 წლის 7 აგვისტოდან 3 ოქტომბრამდე ის საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილეა. 1941 წლის 3 ოქტომბრიდან 1942 წლის 18 იანვრამდე ის მუშაობდა საბჭოთა კავშირის შინსახკომის მე-2 განყოფილების უფროს მოადგილედ. 1942 წლის 18 იანვრიდან მე-2 განყოფილების ბაზაზე შეიქმნა საბჭოთა კავშირის შინსახკომის მე-4 სამმართველო იგივე ფუნქციით და ვ. კაკუჩაია სამმართველოს უფროსის მოადგილე გახდა, სადაც 1943 წლის 7 მაისამდე იმუშავა (ამავდროულად, 1942 წლის 1 ივნისიდან 1943 წლის 7 მაისამდე ის საბჭოთა კავშირის შინსახკომის მე-4 სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსად ითვლებოდა). მე-2 განყოფილების დავალებას გერმანელების მიერ ოკუპირებულ საბჭოთა ტერიტორიებზე შინსახკომის აგენტურის შექმნა წარმოადგენდა.
1943 წლის 7 მაისიდან 1947 წლის 26 მარტამდე ვ. კაკუჩაია იყო ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარი — მინისტრი. 1945 წლის 10 ოქტომბრიდან 1946 წლის სექტემბრამდე მივლინებით იმყოფებოდა ბერლინში, სადაც მუშაობდა საბჭოთა კავშირის შინსახკომის — შინაგან საქმეთა მინისტრის რწმუნებულის მოადგილედ გერმანიაში. 1947 წლის 26 მარტიდან 13 აგვისტომდე იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კადრების სამმართველოს განკარგულებაში. 1947 წლის 13 აგვისტოდან 1951 წლის 31 ოქტომბრამდე მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ნოვოსიბირსკის საოლქო სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1951 წლის 31 ოქტომბრიდან 1952 წლის 25 მარტამდე იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პირველი მთავარი სამმართველოს განკარგულებაში. 1952 წლის 25 მარტიდან 1953 წლის 16 მარტამდე მუშაობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს როსტოვის საოლქო სამმართელოს უფროსის მოადგილედ. 1953 წლის 16 მარტიდან 10 აპრილამდე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი, 1953 წლის 10 აპრილიდან 5 ივლისამდე — შინაგან საქმეთა მინისტრის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი.
1953 წლის 5 ივლისს ვარლამ კაკუჩაია დააპატიმრეს. 1956 წლის 17 ივლისს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალმა ის რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-2 და 58-7 მუხლებით გაასამართლა და 15 წლით პატიმრობა შეუფარდა. სასჯელი მორდოვეთის ასსრ-ში მოიხადა, გათავისუფლდა 1968 წლის 4 ივლისს. გათავისუფლების შემდეგ ის სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობებზე მუშაობდა. იგი რეაბილიტირებული არ არის.
ვარლამ კაკუჩაია გარდაიცვალა 1982 წლის 28 მარტს სოხუმში (სხვა ინფორმაციით, 1982 წლის 16 აპრილს მოსკოვში).
სპეციალური წოდებები
რედაქტირება- სახელმწიფო უშიშროების ლეიტენანტი (13.01.1936);
- სახელმწიფო უშიშროების მაიორი (29.12.1938);
- სახელმწიფო უშიშროების კომისარი (14.02.1943);
- გენერალ-მაიორი (№1663, 09.07.1945)[3]
ორდენები და მედლები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“, თბილისი, 2013. — გვ. 60-62, ISBN 978-9941-0-5532-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დაინიშნა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოთა პრეზიდიუმის ბრძანებულებით 1939 წლის 10 მაისს. შინსახკომის ბრძანება მისი დანიშვნის თაობაზე გამოიცა მხოლოდ 1939 წლის 28 დეკემბერს.
- ↑ ამ თანამდებობაზე ის შინსახკომის ბრძანებით არ დანიშნულა, მაგრამ მოიხსნა ამ თანამდებობიდან.
- ↑ მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით