ვანის ქვაბები, ვაჰანის ქვაბები — გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ სამცხეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ასპინძიდან 27 კმ დაშორებით, მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, მის მარჯვენა ნაპირზე.

ვანის ქვაბები, წმინდა გიორგის ტაძარი
ლაშა ხაჩიძის ფოტო

დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, თარიღდება არაუგვიანეს VIII საუკუნისა. IX–XI საუკუნეებში ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება — უდაბნოს ცენტრში წმინდა გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს. 1089 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნის მანძილზე, 1191 წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერია. 1191–1204 წლებში ვანის ქვაბები მეფის ხელშია. თამარის მეფობის ხანაში (1184–1213) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. 1186–1191 წლებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბების 1204–1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. 1204–1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი „ვაჰანის ქვაბთა განგება“, 1265–1283 წლებს შორის ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა.

XIV–XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა. ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები. ოვალური კლდის უბეში ტერასულად განლაგებული ქვითკირის ზღუდით გამაგრებული სენაკები მონასტრის წინ ჩაკეტილ შიგა ეზოს ქმნის. კომპლექსის ცენტრია წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვე აღმოჩნდა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. კარიბჭესთან ჩრდილოეთით, იმავე ტერასაზე, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე, 3 სართულად განლაგებულია ქვაბსამარხი და ქვის სახლები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახლით და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და სხვა. ქვითკირის ზღუდის გარეთ, ტერასაზე გამოვლინდა ოვალური კოშკი, რომელიც რთული თავდაცვითი ნაგებობის ნაწილს შეადგენდა და ზღუდის მისადგომებს იცავდა.

ვანის ქვაბები

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი ეპიგრაფიკული ძეგლები, მათ შოღის იჩქით გურგენისძის სამშენებლო წარწერა, ვანის ქვაბების დასავლეთით მეუდაბნოების ხანის მცირე ეკლესიაში შემონახულია XIII საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. ვანის ქვაბების არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები, მათ შორის ვერცხლის 3 თასი.

სამონასტრო ანსამბლში სამონაზვნო სენაკებს შორის დაცულია როგორც უდაბნოსათვის დამახასიათებელი უძველესი სამყოფი ქვაბები, ასევე შემდეგდროინდელი სამონასტრო ცხოვრების შესაფერი კლდის საცხოვრებლები სამეურნეო დამხმარე სადგომებით. ვანის ქვაბების ხუროთმოძღვრებაში მკვეთრად ჩანს კლდეში ნაკვეთ ადრეულ ქვაბთა თავისებურებანი; ამავე დროს იგი კლდის არქიტექტურის შუალედური ძეგლია, რომელიც ქვაბთა თანდათან განვითარებით XII-XIII საუკუნეებში ვარძიის ხუროთმოძღვრული ფორმების ჩამოყალიბებას ამზადებს.

ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიაც. გამოქვაბულთა ბოლო სართულზე, კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, რომლის კელდებზე შემორჩენილია XV საუკუნის II ნახევარში შეხიზნული ქალების მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები. წარწერების ავტორები არიან გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვა. წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი აქ იძულებით მოუყვანიათ და ემდურიან თავის ბედს. პროზაულ წარწერებთან ერთად გვხვდება წარწერები ლექსად. ქალებს ზეპირად წაუწერიათ ძვ. ქართული პოეზიის ნიმუშები. გვხვდება „ვეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტი — ორი სტროფი ნესტანის წერილიდან, ქაჯეთის ციხიდან რომ წერს ტარიელს (1300, 1301), როსტომიანის ერთი სტროფი (2903), ლირიკული ლექსები სასულიერო და საერო ხასიათისა (უმთავრესად სატრფიალო-სამიჯნურო), რომელთაგან რამდენიმე ეკუთვნის წარწერათა შემსრულებლებს ანას და თუმიანს და ხალხური ლექსები. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მწერლობის ისტორიისათვის. მათ შემოინახეს ქართული ლირიკული პოეზიის, "ვეფხისტყაოსნისა" და „როსტომიანის“ სტროფთა უძველესი ნიმუშები. წარწერების მიხედვით ვეცნობით XV საუკუნის ქართველი საზოგადოების ლიტერატურის გემოვნებასა და კულტურის დონეს.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • გაფრინდაშვილი გ., ონიანი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 293-294.
  • გაფრინდაშვილი გ., არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძიებანი ვანის ქვაბში 1967 და 1968 წწ., წგნ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, ტ. 2, თბ., 1971;
  • მისივე, ვანის ქვაბის განძი, «ძეგლის მეგობარი», 1966, № 6;
  • მისივე, ვარძია და მისი მიდამოების ქვაბები, თბ., 1957;
  • ონიანი შ., ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერების პოეზია, «საბჭოთა ხელოვნება», 1959, № 7; 1960, № 8;
  • ცისკარიშვილი ვ., წარწერები ასპინძის რაიონიდან, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 30;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8211