ვაჰანის ქვაბთა განგება

„ვაჰანის ქვაბთა განგება“ვანის ქვაბების მონასტრის წესდება, ქართული საკორპორაციო სამართლის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. წესდება შეუდგენია მონასტრის ახალ პატრონს ერისთავთერისთავს მხარგრძელ-თმოგველს 1225-1230 წლებს შორის. ძეგლი დაზიანებულია, მაგრამ ჯერჯერობით სამონასტრო განგების — ტიპიკონის ერთადერთი დედანია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც თითქმის მთლიანი სახით შემორჩენილა. დაწერილია მსხვილი მრგვლოვანი, კლასიკური ხანის ნუსხურით. წარმოადგენს ყუბარზე დახვეულ ეტრატის გრაგნილს (სიგრძე 5,62 მ, სიგანე 19-27 ½ სმ-მდე), რომელიც ამჟამად ძაფით გადაკერებული 13 სხვადასხვა სიგრძე-სიგანის კეფისაგან შედგება. დედანი დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.

„ვაჰანის ქვაბთა განგება“ უხვ ცნობებს იძლევა იმდროინდელი სამონასტრო ცხოვრების შესახებ. ძეგლში დადასტურებულია სოციალური უთანაბრობის სურათი (ნახსენები არიან „უთავადესნი ძმანი“, „მეორე დასისა“ და „მესამე დასის“ მონაზვნები), ძველად არსებული მონარქიული წესწყობილების მაგიერ გვხვდება რესპუბლიკური მართვა-გამგეობის ფორმები, მონაზონთათვის საცხოვრებლად „სახლი“ — კლდის სახლის „ქვაბის“ ნაცვლად და სხვა, რაც სამონაზვნო ცხოვრებაში საერო წესების, ჰუმანისტური იდეების შეჭრის შედეგი იყო. ძეგლში მოცემულია საკორპორაციო სასამართლოს ორგანიზაცია და სასჯელთა სისტემა. გარდა ამისა, ხელნაწერზე დართულია სხვადასხვა დროის მინაწერები — აღაპები და სხვა, რაც მნიშვნელოვანი წყაროა ჯავახეთის ეკონომიკის ისტორიისათვის და ისტორიული გეოგრაფიისათვის.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჟორდანია თ., ისტორიული საბუთები შიო-მღვიმის მონასტრისა და „ძეგლი“ ვაჰხანის ქვაბთა, ტფ., 1896;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929;
  • მუსხელიშვილი ლ., ვაჰანის ქვაბთა განგება, ტფ., 1939
  • გაფრინდაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 340.
  • ტალახაძე ი., ვაჰანის ქვაბთა განგება, თბ., 2009;