ესპანეთის პირველი რევოლუცია
ესპანეთის პირველი რევოლუცია — ესპანეთში XIX საუკუნეში მომხდარი ხუთი დაუმთავრებელი რევოლუციიდან პირველი. მიმდინარეობდა 1808-1814 წწ. დაიწყო ნაპოლეონ I-ის მიერ ესპანეთის ოკუპაციის დროს, რევოლუციის თავისებურებას წარმოადგენდა ესპანელების ანტიფეოდალური მოძრაობის შერწყმა მათ ბრძოლასთან ფრანგი ოკუპანტების წინააღმდეგ. 1808 წლის 17 მარტს დაიწყო აჯანყება არანხუესში. კარლოს IV აიძულეს გადამდგარიყო ტახტიდან თავისი შვილის ფერდინანდ VII-ის სასარგებლოდ. 20 მარტს ფრანგების ჯარი მადრიდში შევიდა, რამაც ესპანელთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. 1808 წლის 2 მაისს მადრიდში იფეთქა აჯანყებამ, რომელიც სასტიკად ჩაახშო ფრანგთა ჯარმა. 10 მაისს ნაპოლეონმა აიძულა ფერდინანდ VII გადამდგარიყო ტახტიდან, რასაც მოჰყვა ახალი აჯანყებები ასტურიაში, ანდალუსიაში, ვალენსიაში, გალისიასა და სხვა მხარეებში. განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა ქალაქის ღარიბი მოსახლეობა, გლეხობა, პროვინციული თავადაზნაურობა და სამღვდელოების დაბალი ფენები. მაშინ როდესაც ხალხი ებრძოდა ფრანგ ოკუპანტებს, უმაღლესი თავადაზნაურობისა და სამღვდელოების ნაწილმა მიიღო ნაპოლეონის მიერ ბოძებული ბაიონის კონსტიტუცია (1808) და ესპანეთის მეფედ სცნო ნაპოლეონის ძმა - ჟოზეფ ბონაპარტი .
განმათავისუფლებელი ომის პირველ თვეებში ესპანელებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს, 1808 წლის ივლისში ფრანგების ჯარი გაანადგურეს ბაილენის ბრძოლაში. განთავისუფლდა ესპანეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი მადრიდის ჩათვლით. მთელ განთავისუფლებულ ტერიტორიაზე იქმნებოდა ხუნტები - ადგილობრივი ხელისუფლების ახალი ორგანოები. ისინი შედგებოდნენ უმთავრესად პროვინციელი თავადაზნაურობის წარმომადგენლებისაგან, ზოგიერთში შევიდნენ ბურჟუაზიის წარმომადგენლებიც. ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობისა და ქვეყნის მართვისთვის შეიქმნა ცენტრალური ხუნტა (1808 წ. სექტემბერი) გრაფ ფლორიდაბლანკას მეთაურობით. ცენტრალური ხუნტა გამოდიოდა ზოგიერთი ადგილობრივი ხუნტის მიერ ჩატარებული რეფორმების წინააღმდეგ (მაგ., საეკლესიო მიწების გაყიდვის წინააღმდეგ). 1808 წლის შემოდგომაზე ესპანელთა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 1808 წლის ნოემბერში ნაპოლეონი უზარმაზარი არმიით შევიდა ესპანეთში და მოახერხა ესპანელთა ძალის განადგურება. 4 დეკემბერს ფრანგებმა კვლავ აიღეს მადრიდი. დაიწყო თავადაზნაურთა პარტიზანული მოძრაობა (გერილია). პარტიზანულ რაზმებთან ერთად და ესპანეთის არმიის ნარჩენებთან ერთ დ პორტუგალიისა და ესპანეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე მოქმედებდა ინგლისის საექსპედიციო კორპუსი გენერალ უელსლის მეთაურობით.
1810 წლის 24 სექტემბერს კ. ლეონზე შეიკრიბა დამფუძნებელი კორტესი (1811 წლიდან გადავიდა კადისში), რომელიც ძირითადად შედგებოდალიბერალური თავადაზნაურიობისა და ბურჟუაზიის წარმომადგენლებისაგან (1810 წლის თებერვალში ხუნტამ თავი გაუქმებულად გამოაცხადა). კორტესმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა ჩაატარა (ფეოდალური პრივილეგიების გაუქმება, ინკვიზაციის გაუქმება...). 1812 წლის 19 მარტს გამოქვეყნდა კადისის კონსტიტუცია, რომელმაც უზენაესი ხელისუფლების მატარებლად ერი გამოაცხადა, მაგრამ გამოცხადებული რეფორმების უმეტესობა ცხოვრებაში არ გატარებულა.
ბრძოლა ფრანგი ოკუპანტების წინააღმდეგ გრძელდებოდა. 1812 წლის 22 ივლისს ინგლისის ჯარმა უელინგტონისა და ესპანეთის პარტიზანებმა ემპესინადოს მეთაურობით დაამარცხეს ფრანგები არაპილესთან (სალამანკის მახლობლად) ბრძოლაში. 12 აგვისტოს მათ დაიკავეს მადრიდი (1812 წლის ნოემბერში ფრანგებმა მცირე დროით კვლავ დაიბრუნეს მადრიდი). ნაპოლეონის დამარცხებამ რუსეთში გარდაუვალი გახადა ესპანეთიდან ფრანგი ჯარების გასვლა. 1813 წლის 21 ივნისს ინგლისელთა და ესპანელთა გაერთიანებულმა ძალებმა დაამარცხეს მტერი ვიტორიასთან. 1813 წლის დეკემბერში ფრანგების არმიის ძირითადი ნაწილი განდევნეს ესპანეთიდან. ამავე დროს ქვეყანაში გააქტიურდა ანტი რევოლუციური გამოსვლები, რომელიც უელინგტონის მხარდაჭერით სარგებლობდა. 1814 წლის 22 მარტს ესპანეთში ჩავიდა 1813 წლის დეკემბერში საფრანგეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული ფერდინანდ VII. 4 მაისს ფერდინანდმა უარი თქვა ეცნო 1812 წლის კონსტიტუცია. 10-11 მაისს მადრიდში დააპატიმრეს ლიბერალები, რაც ესპანეთში აბსოლუტიზმის ახალ ზეიმს მოასწავებდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 229.