ესპანეთის მესამე რევოლუცია
ესპანეთის მესამე რევოლუცია - ესპანეთში XIX საუკუნეში მომხდარი ხუთი დაუმთავრებელი რევოლუციიდან მესამე. მიმდინარეობდა 1834-1843 წწ. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული I კარლისტურ ომთან. 1833 წელს რეგენტმა მარია კრისტინამ გამოაქვეყნა მანიფესტი ესპანეთში აბსოლუტისტური წესების შენარჩუნების შესახებ. მანიფესტმა უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც აიძულა მარია კრისტინა დათმობებზე წასულიყო. 1834 წელს შეიქმნა მოდერადოსთა მთავრობა მარტინეს დე ლა როსას, ხოლო 1835 წლის ივნისიდან - ტორენოს მეთაურობით. მათი მთავრობის პოლიტიკამ უკმაყოფილება გამოიწვია ოპოზიციურად განწყობილი პროგრესისტების ლიბერალურ-ბურჯუაზიული პარტიის რიგებში, რასაც მოჰყვა სახალხო აჯანყებები, რომელთა მსვლელობაშიც წამოაყენეს კადისის 1812 წლის კონსტიტუციის აღდგენის ლოზუნგი. 1835 წლის სექტემბერში მათი მოთხოვნების საფუძველზე შეიქმნა პროგრესისტების მთავრობა მენდისაბლის მეთაურობით. მარია კრისტინას ანტი სამთავრობო გადატრიალების მცდელობამ კვალვ აჯანყება გამოიწვია.
1836 წელს აღდგენილ იქნა კადისის კონსტიტუცია და შეიქმნა კალატრავას მთავრობა, რომელიც განაგრძობდა ანტისასულირო მოღვაწეობას: დახურა მონასტრები, გაყიდა საეკლესიო მიწები... მოწვეულ იქნა დამფუძნებელი კორტესები, რომელმაც 1837 წლის 18 ივნისს მიიღო ახალი კონსტიტუცია (მონარქის ხელისუფლება იზღუდებოდა ორპალატიანი კორტესით). პროგრესისტები ფიქრობდნენ რომ კონსტიტუციის მიღებით გადაწყდებოდა რევოლუციის მიზნები, მაგრამ 1837 წელს ისინი საერთოდ ჩამოაშორეს ხელისუფლებას და მთავრობის სათავეში კონსერვატორები მოვიდნენ. კონსერვატორებს ხელმძღვანელობდა მოდერადოსთა ლიდერი გენერალი ნარვაესი, პროგრესისტებს კი - ბალდომერო ესპარტერო. ესპარტერომ ხალხის მასების აღშფოთებით ისარგებლა და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. 1840 წლის 17 ოქტომბერს მარია კრისტინა გადადგა რეგენტობიდან. 1841 წლის მარტში საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ესპარტერო რეგენტად დაინიშნა და შეინარჩუნა მთელი ძალაუფლება. მაგრამ მალე ხელისუფლების სათავეში მოექცა გენერალი ნარვაესი, რომელსაც მხარს უჭერდა არმია. 1843 წლის 23 ივლისს მან დაიკავა მადრიდი; ესპარტერო გაიქცა დიდ ბრიტანეთში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 230.