ესპანეთის მეოთხე რევოლუცია
ესპანეთის მეოთხე რევოლუცია - ესპანეთში XIX საუკუნეში მომხდარი ხუთი დაუმთავრებელი რევოლუციიდან მეოთხე. მიმდინარეობდა 1854-1856 წწ. დაიწყო 1854 წლის 28 ივნისს სამხედრო აჯანყებით. აჯანყებულებმა 7 ივლისს გამოქვეყნეს თავიანთი მოთხოვნები ე. წ. „მანსანარესის მანიფესტი“, რომლითაც მოითხოვდნენ მეფის კამარილიის მოსპობას და დამფუძნებელი კორტესის მოწვევას. აჯანყებას მიემხრო მადრიდისა და ესპანეთის სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა. 31 ივლისს დედოფალი ისაბელ II იძულებული გახდა პრემიერად დაენიშნა მესამე რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ესპანეთის ყოფილი რეგენტი ბალდომერო ესპარტერო, რომელმაც პროგრესისტებისა და მემარჯვენე ლიბერალებისგან შექმნა მთავრობა. ივლისში შექმნილმა ეროვნული მილიციის რაზმებმა მიიღო ლეგალური სტატუსი. 1854 წლის 8 ნოემბერს მადრიდში შეიკრიბა ერთპალატიანი დამფუძნებელი კორტესი, რომლის დეპუტატთა უმეტესობა ეკუთვნოდა ლიბერალური კავშირის პარტიას (შეიქმნა 1854 წელს მემარჯვენე ლიბერალებისაგან) სამხედრო მინისტრ ო’დონელის მეთაურობით. კორტესის მემარცხენე ფრთას შეადგენდნენ პროგრესისტები (ესპარტეროს მომხრეები) და დემოკრატ-დესპუბლიკელთა მცირე ჯგუფი. ესპარტეროსა და ო’დონელის პირადი მეტოქეობა გადაიზარდა დიდ პოლიტიკურ კონფლიქტში, რის შედეგადაც რევოლუციის მომხრეები ორად გაიყვნენ: ერთი ითხოვდნენ რევოლუციის გაღრმავებას, მეორენი კი მიღწეულით კმაყოფილნი იყვნენ. ლეოპოლდო ო'დონელ ი ხორისი სარგებლობდა ისაბელ II-ის, სამეფო კარის წრეების და სამღდელოების მხარდაჭერით. კატალონიაში, ვალენსიასა და ანდალუსიაში ძალას იკრებდა რესპუბლიკური მოძრაობა. 1856 წელს დაიწყო აგრარული მღელვარებანი ანდალუსიაში, ესტრემადურასა და ვალიადოლიდში, რითაც ისარგებლა დედოფალმა და გადააყენა ესპარტეროს მთავრობა. მთავრობას სათავეში ჩაუდგა ო’დონელი, რომელმაც დაშალა ეროვნული მილიცია და დამფუძნებელი კორტესი. აღადგინა 1845 წლის კონსტიტუცია და რევოლუციამდე მოქმედი სხვა კანონები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 230.