ნიკოლოზ ესაკია
ნიკოლოზ (ნიკო) მიხეილის ძე ესაკია (დ. 8 იანვარი, 1906, ფოთი, — გ. 15 აპრილი,[ა] 1987, თბილისი[1]) — ქართველი სამთო ინჟინერი, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის სპეციალისტი, II რანგის გენერალ–დირექტორი (1953). სოციალისტური შრომის გმირი. (1949)
დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო–მეტალურგიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი (1931). 1931–1932 წლებში მუშაობდა ქუთაისის ბარიტის საბადოზე მთავარ ინჟინრად, შემდეგ — თბილისის საპროექტო ინსტიტუტში „ზაკგოსპროექტი“. 1932 წელს მივლინებული იყო მოსკოვის სამთო აკადემიაში. 1933 წლიდან ესაკია მონაწილეობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველი რიგის გაშვებაში, ხელმძღვანელობდა რამდენიმე მიწისქვეშა სადგურის მშენებლობას. 1941 წლიდან ესაკია ხელმძღვანელობდა სპეციალური ობიექტის (მთავრობის თავშესაფარი მოსკოვში, ე. წ. სტალინის ბუნკერი), ხოლო 1942–1943 წლებში — გაგრა–სოხუმის რკინიგზის გვირაბების მშენებლობას, 1943–1945 წლებში — II მსოფლიო ომის პერიოდში დანგრეული შახტების აღდგენას მოსკოვის ოლქში და ახალი ობიექტების მშენებლობას.
1945 წლიდან ესაკია იყო მოსკოვის მთავარგვირაბმშენის უფროსის მოადგილე. ომის შემდეგ მუშაობდა აღდგენით სამუშაოებზე; 1946–1964 წლებში ი. ვ. კურჩატოვთან და ს. პ. კოროლიოვთან ერთად სათავეში ედგა სპეციალური მნიშვნელობის (ატომური მრეწველობისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის) ობიექტების მშენებლობას, მ. შ. 1946-1950 წლებში იყო საბჭოთა-გერმანული სააქციო საზოგადოების „ვისმუტის“ დირექტორის მოადგილე და გერმანიის ტერიტორიაზე მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის ხელმძღვანელი. 1969–72 წლებში იყო ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსი, ხოლო 1972–1978 წლებში — „თბილმეტრომშენის“ მთავარი სპეციალისტი.
ესაკია სკკპ წევრი იყო 1940 წლიდან. იყო სკკპ XXIV ყრილობის დელეგატი (1971), საქართველოს კპ XXIV ყრილობის დელეგატი (1971), საქართველოს სსრ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1971-1975).
მიღებული ჰქონდა ლენინური (1966) და სტალინური (1949) პრემიები. დაჯილდოებული იყო ლენინის 3 ორდენით, სამამულო ომის I ხარისხის, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ გარდაცვალების თარიღად 15 აპრილს ასახელებს ენციკლოპედია „საქართველო“. რუსული საიტის „Герои страны“ მიხედვით, გარდაცვალების ცნობა 14 აპრილს გამოქვეყნდა, შესაბამისად, ამ წყაროს მიხედვით, ნიკოლოზ ესეკია 15 აპრილს არ გარდაცვლილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 97.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 212.