ენრიკე პორტუგალიელი (ვიზეუს ჰერცოგი)

ენრიკე პორტუგალიელი (პორტ. Henrique de Portugal), მეტსახელად ზღვაოსანი (პორტ. o Navegador; დ. 4 მარტი, 1394 — გ. 13 ნოემბერი, 1460) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და დედოფალ ფილიპა ლანკასტერის ვაჟი. ვიზეუს ჰერცოგი. მონაწილეობდა ჩრდილო აფრიკულ კამპანიაში, მათ შორის სეუტას ბრძოლაში (1415). იგი აფინანსებდა პორტუგალიელ მოგზაურებსა და კოლონისტებს, რის გამოც დიდი აღმოჩენების ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს პატრონად ითვლება.

ენრიკე პორტუგალიელი
წოდებები
ვიზეუს ჰერცოგი
დაიბადა 4 მარტი, 1394
პორტუ, პორტუგალია
გარდაიცვალა 13 ნოემბერი, 1460, (66 წლის)
ფარუ, პორტუგალია
დაკრძალულია ბატალიის მონასტერი, პორტუგალია
ბატალიის მონასტერი, პორტუგალია
საგვარეულო ავისები
შვილ(ებ)ი უცნობი უკანონო ქალიშვილი
მამა ჟუან I, პორტუგალიის მეფე
დედა ფილიპა ლანკასტერი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ენრიკე დაიბადა 1394 წლის 4 მარტს პორტუში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ფილიპა ლანკასტერის შუათანა ვაჟი. დედის მხრიდან იგი იყო ინგლისის მეფე ედუარდ III-ის ვაჟის, ლანკასტერის ჰერცოგ ჯონ გაძვალტყავებულის შვილიშვილი და მეფე ჰენრი IV-ის ბიძაშვილი.

1414 წელს ენრიკემ მამა დაარწმუნა, რომ მაროკოზე გაელაშქრათ სეუტას ასაღებად, რითად გიბრალტარის სრუტეზე მნიშვნელოვან დასაყრდენს გაიჩენდნენ. ქალაქი სეუტა 1415 წელს პორტუგალიელთა სამეფო დომენში გადავიდა. იმავე წელს, გამოჩენილი გმირობისა და კეთილგონიერებისათვის მეფემ ენრიკე რაინდისა და ვიზეუს ჰერცოგის წოდებით დააჯილდოვა.

ალგარვეს ქალაქ ლაგოსში ენრიკემ დიდი გემთმშენებელი საწარმო გახსნა, რითაც მალე თავისი ფლოტილია შექმნა. ამის შედეგად, 1425 წელს ენრიკემ თავისი გემებით მოახდინა კუნძულ მადეირას კოლონიზირება, რომელიც დღემდე პორტუგალიას ეკუთვნის. 1420 წლის 25 მაისს ენრიკე დაინიშნა ქრისტეს ორდენის დიდ მაგისტრად.

1426 წელს ენრიკეს დაფინანსებულმა მოგზაურებმა, გონსალო ველო კაბრალის მეთაურობით აღმოაჩინეს აზორის კუნძულები და პორტუგალიას მიუერთეს, რომელიც დღემდე პორტუგალიას ეკუთვნის.

1433 წელს, მეფე ჟუან I-ის გარდაცვალების შემდეგ მეფე ენრიკეს ძმა, დუარტე I გახდა, რომელმაც მას აღმოჩენილი მიწებიდან შემოსული ოქროს მეხუთედი მისცა. აგრეთვე მან მიანიჭა უფლება, რომ შეესწავლა მაროკოსა და დასავლეთ აფრიკის სანაპიროები.

1437 წელს, ენრიკეს თაოსნობით პორტუგალიელებმა სცადეს ტანჟერის დაპყრობა, რომელიც დიდი წარუმატებლობით დასრულდა, რადგან მათ ვერც ქალაქი აიღეს და თანაც ენრიკეს უმცროსი ძმა, ინფანტი ფერნანდუ ტყვედ ჩავარდა და სიცოცხლის დარჩენილი ექვსი წელი ტყვეობაში გაატარა. ამით დიდი დარტყმა მიადგა მის სამხედრო რეპუტაციას, რის გამოც დარჩენილი ცხოვრება ენრიკე მხოლოდ აღმოჩენებითა და პოლიტიკით იყო დაკავებული.

დუარტე I-ის მეფობა მხოლოდ ხუთ წელს გაგრძელდა და იგი 1438 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა — აფონსუ V-მ დაიკავა. წესით რეგენტი აფონსუს დედა, დედოფალი ელეანორ არაგონელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დუარტეს ანდერძის თანახმად ეს მისი ძმა, ინფანტი პედრუ უნდა ყოფილიყო, რასაც მოჰყვა რეგენტობისათვის ბრძოლის დაწყება, სადაც ენრიკემ პედრუს მხარე დაიჭირა. საბოლოოდ აფონსუ V-ის რეგენტი პედრუ გახდა, რომელმაც ხელი შეუწყო ენრიკეს აღმოჩენებს.

ენრიკე აფრიკის კოლონიზაციით იყო დაინტერესებული, რის გამოც 1444 წელს მოახდინა მწვანე კონცხის პორტუგალიისათვის მიერთება და აქ ახალი ციხე-ქალაქიც ააგო, სახელად კაბო-ვერდე (მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა ქვეყანას, რომელიც მწვანე კონცხზე ჩამოყალიბდა). კაბო-ვერდედან იგი გვინეასაც ეწვია, თუმცა მისი კოლონიზაცია არ მოუხდენია. საბოლოოდ ენრიკემ მიაღწია თავის მთავარ მიზანს: ეპოვნა ახალი სავაჭრო გზა, რომელმაც მის მიერ შესწავლილ სამხრეთ აფრიკაზე გაიარა.

1449 წელს, როდესაც აფონსუ V სრულწლოვანი გახდა, მასა და პედრუს შორის დიდი კონფლიქტი წარმოიშვა, მაგრამ ამჯერად ენრიკემ მხარი აფონსუს დაუჭირა. ამავე წელს აფონსუს ძალებმა დაამარცხა პედრუს არმია, რა დროსაც დაიღუპა თავად პედრუც. მოგვიანებით, აფონსუმ ენრიკეს ვაჭრობაში მონოპოლია მიანიჭრა, როგორც ჯილდო იმ დიდი შემოსავლებისათვის, რაც მის მიერ აღმოჩენილი მიწებიდან შემოდიოდა.

1452 წელს პორტუგალიაში კოლონიებიდან ოქროს პირველი პარტია ჩავიდა, რამაც პორტუგალიელებს მადა გაუღვიძა და უფრო დაინტერესდნენ კოლონიზაციით. 1460 წელს საბოლოოდ დაასრულეს კაბო-ვერდეს კოლონიზაცია და შეისწავლეს აფრიკული სანაპიროები მაროკოდან სიერა-ლეონემდე.

1452 წელს ენრიკე ალგარვში დასახლდა, სადა 1457 წლიდან ფარუში გადავიდა. მისი აქ გადასახლება გამოწვეული იყო იმით, რომ ენრიკემ დააარსა სკოლა, სადაც ასწავლიდნენ ასტრონომიასა და ზღვაოსნობას. აქ დასახლებიდან სამ წელიწადში, 1460 წლის 13 ნოემბერს, 66 წლის ენრიკე გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ALBUQUERQUE, Luís de. Dicionário de história dos descobrimentos portugueses. Lisboa: Círculo de Leitores, 1994.
  • DOMINGUES, Mário. O Infante D. Henrique. Lisboa: Romano Torres, 1957.
  • OLIVAL, Fernanda. The Military Orders and the Portuguese Expansion (15th to 17th Centuries). Portuguese Studies Review Monographs, Vol. 3. Peterborough: Baywolf Press and The Portuguese Studies Review, 2018.
  • RUSSELL, Peter. Prince Henry ´the Navigator´a Life. New Haven: Yale University Press, 2000. ISBN 0-300-08233-9